რატი წვერავა, „ტვ ფორმულას“ ჟურნალისტი, პარლამენტის წინ მიტროპოლიტ იოანე გამრეკელს მიუახლოვდა, ის იყო, კითხვა უნდა დაესვა, რომ მოულოდნელად ირგვლივ მყოფებმა ხელი ჩასჭიდეს, უკან გაათრიეს და რუსთაველის გამზირზე შეკრებილ ხალხის მასაში შეაგდეს. ზოგმა ხელი ჰკრა, ზოგმაც მუშტი ჩაარტყა, შემოახიეს პერანგი, ურტყამდნენ წიხლებს, ზოგიც ხელჯოხს. რატის ჯორჯაძის ქუჩის ბოლომდე მისდევდნენ, სანამ ის პოლიციის მანქანაში არ ჩაჯდა.
5 ივლისის შემდეგ ერთ თვეზე მეტი გავიდა. რატიზე ძალადობისთვის მხოლოდ ერთი ადამიანი დააკავეს, მიუხედავად იმისა, რომ არსებობს საჯარო ვიდეოკადრები, სადაც მკაფიოდ ჩანს გაცილებით მეტი მოძალადე.
იმ დღეს ჯგუფური ძალადობის მსხვერპლი გახდა 53 ჟურნალისტი. მათ შორის, „ფორმულას“ ფოტოგრაფი ვახო ქარელი. ამ დრომდე მასზე ძალადობის ბრალდებით დაკავებულია 3 ადამიანი, არადა, ფოტოებიდან და ვიდეოებიდან - ვახოს მტკიცებით - სულ მცირე 5-6 ადამიანის ამოცნობაა შესაძლებელი.
არიან ისეთებიც, რომელთაც საქმიანობაში ხელი შეუშალეს - „მთავარი არხის“ ჯგუფს არ აძლევდნენ მოძრაობის შესაძლებლობას, კამერას კაბელი გამოგლიჯეს. თუმცა ჟურნალისტი ნინო გაზდელიანი კონკრეტულ სახეებს ვერ იხსენებს. არც ის შეუმჩნევია, როდის და ვინ გადაუჭრა პირდაპირი ჩართვისას დამტენის სადენი. ამ შემთხვევის გამო დაკავებული არავინაა. ნინომ არც ის იცის, ამოიღო თუ არა გამოძიებამ მიმდებარე ტერიტორიიდან ქუჩაში დამონტაჟებული ვიდეოკამერების ჩანაწერები, რომლითაც დამნაშავის ვინაობას დაადგენს.
„მთავარი არხიდან“ 11 ადამიანი დაშავდა. მათ შორის, ჟურნალისტი, დეა მამისეიშვილი, რომელმაც თავად დაადგინა მასზე თავდამსხმელის ვინაობაც და მისამართიც. დეამ, დაახლოებით სამი კვირის წინ, თავად მიაწოდა გამოძიებას იმ კაცის ფოტო, რომელმაც მუცელში ჩაარტყა და სახეში შეაფურთხა. ეს ადამიანი ახლაც თავისუფალია.
დეამ და მისმა კოლეგებმა - მათივე გადაღებული ვიდეოკადრებიდან - ამოიცნეს და დაადგინეს მათი ვინაობა, ვინც „მთავარის“ ოპერატორებს ურტყამდა. მათ 30-40 ადამიანი დათვალეს, ვინც აქტიურად იყო მათ მიმართ ანგარიშსწორების მონაწილე - ფიზიკურად და მოწოდებებით. ეს მასალა გამოძიებასაც აქვს. დაკავებულია მხოლოდ ორი კაცი.
ყველაზე მეტი, 10 მოძალადე, „ტვ პირველის“ გარდაცვლილი ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას საქმეზე დააკავეს. თუმცა ლექსოს რამდენიმე ათეულმა ადამიანმა სცემა - ჩაუმსხვრიეს სახის ძვლები და მიაყენეს ძლიერი ფიზიკური ტკივილი.
მედიაზე მასობრივი ძალადობიდან ერთი თვის განმავლობაში 10-მდე ჟურნალისტზე, ოპერატორსა და ფოტოგრაფზე თავდასხმისა და მათთვის საქმიანობაში ხელის შეშლისთვის სულ დაკავებულია 27 კაცი. კიდევ სამი - „თბილისი პრაიდის“ ოფისში შეჭრისთვის და ერთიც - მოქალაქეზე თავდასხმისთვის.
„ლექსოზე და მირანდაზე თავდასხმა გამოძიებულად ვერ ჩაითვლება, სანამ არ დაისჯებიან მისი ორგანიზატორები“, - ამბობს ნოდარ მელაძე, „ტვ პირველის“ საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი და განაგრძობს: „იქ რომ „სირცხვილიას“ ოფისი იყო, ამ ადამიანებმა საიდან იცოდნენ? ისინი იქ გადაიყვანა კონსტანტინე მორგოშიამ. შესაბამისად, მას ეკისრება პასუხისმგებლობა“.
აგრესია გრძელდება
5 ივლისის შემდეგ, ჟურნალისტები - განსაკუთრებით კრიტიკული ტელევიზიებიდან, როგორებიცაა „მთავარი“, „ფორმულა“ და „ტვ პირველი“ - ხშირად ეჯახებიან აგრესიას.
„ფაქტია, რომ ძალიან წახალისდა ასეთი დამოკიდებულება ჟურნალისტების მიმართ. როცა ხედავენ, რომ არავინ ისჯება 5 ივლისის გამო, ისინიც უფრო თამამები ხდებიან“, - ამბობს დეა მამისეიშვილი.
ის იხსენებს შემთხვევებს, როცა მანქანამ ჩაუარა მძღოლის უხეში შეძახილით; როცა ყალბი ანგარიშებიდან ფეისბუკზე მუქარის შემცველი შეტყობინებები მიიღო; როცა გადაღებაზე უცნობმა ადამიანმა აგრესია გამოხატა. ეს ფაქტები 5 ივლისის შემდეგ მოხდა.
რატომ მეტი არ ურტყეს! თუკი ამდენი ურტყეს, მეორე დღეს როგორ ილაპარაკა?! საცემია! - ასეთ კომენტარებს იღებდა რატი წვერავა ფეისბუკზე, ულტრამემარჯვენე კომენტატორებისგან.
„რუსულ სიტყვას ვიხმარ, იმიტომ, რომ ხელისუფლებისთვის ძალიან კარგად აღსაქმელია ეს ენა - „ბესპრიძელი“ ხდება“, - ამბობს ნოდარ მელაძე და მაგალითად მოჰყავს ინციდენტი, როცა ლევან ვასაძის პარტიის წარმომადგენელი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობასთან საშუალებას არ აძლევდა „ტვ პირველის“ ჟურნალისტს, რომ ინტერვიუ ჩაეწერა.
„ეს ხდებოდა სუს-ის შენობის წინ და რეაგირება იყო ნოლი“, - ამბობს მელაძე.
„მარგინალიზება მოხდა ჩვენი პროფესიის“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას მარიკა გოცირიძე, „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტი და განაგრძობს: „იმდენად მძიმედ აღვიქვამ, რომ რაღაც მომენტში ვფიქრობ, რომ აღარ ღირს, ამხელა ენერგია და დრო დავუთმო პროფესიას, რომელიც არის ასეთი დაუფასებელი და ხშირ შემთხვევაში ადამიანები შეურაცხყოფას გაყენებენ იმის გამო, რომ ასრულებ შენს პროფესიულ მოვალეობას“.
არცერთი ორგანიზატორი
ჯგუფური ძალადობის ორგანიზებაში ბრალდებული პირი გამოძიებას ამ დრომდე არ ჰყავს. 16 ივლისს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაჩხრიკა რამდენიმე ანტი-ლგბტ აქტივისტის სახლი და დაკითხა ათზე მეტი ადამიანი - რომლებიც ჩართული იყვნენ 5 ივლისის ლგბტქ „ღირსების მარშის“ და „თბილისის პრაიდის“ სხვა ღონისძიებების საწინააღმდეგო აქციების ორგანიზებაში.
კონსტანტინე მორგოშია რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ გამოძიებამ ბევრჯერ დაკითხა. ბოლოს - რამდენიმე კვირის წინ.
„აი, მაგალითად, 500-600 კაცი გადავიდეთ-მეთქი რომ ვიძახი, იმ ვიდეოს თავი, იმ ვიდეოს გაგრძელება, ნიუანსები. რაღაც მიმოწერები ნახეს, ხომ არ არის რამე ძალადობაზე მითითებები. აანალიზებდნენ ჩემთან ერთად, რა იგულისხმებოდა, ჩემი ინტერპრეტაცია რა იყო“, - ამბობს მორგოშია.
მისივე მტკიცებით, 31 დაკავებულიდან „ალტ-ინფოს“ მხარდამჭერი არავინაა. „დაკავებულების აბსოლუტური უმრავლესობა მაგ აქციამდე არც მინახავს“, - ამბობს მორგოშია და ამატებს, რომ მის თანამოაზრეებს თეთრჯვრიანი შავი მაისურები ეცვათ და ისინი მხოლოდ მიტინგს ესწრებოდნენ.
„რეალურად, დააკავეს რეგიონიდან ჩამოყვანილი რამდენიმე ადამიანი, რომელთა ბედი არ აინტერესებდათ. საჩვენებელი დაკავება იყო“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ნოდარ მელაძე.
მღვდლების პასუხისმგებლობა
როცა რატი წვერავაზე ძალადობა დაიწყეს, იოანე გამრეკელსა და კიდევ რამდენიმე სასულიერო პირს არაფერი უთქვამთ, ძალადობას არ შეწინააღმდეგებიან.
„ვფიქრობ, რომ ბიძგიც მათ მისცეს“, - ამბობს რატი და განაგრძობს: „მერე უკვე იმდენად აფექტში ვიყავი, იმდენი ადამიანი მირტყამდა, რომ სასულიერო პირებიც იყვნენ თუ არა მათ შორის, ეს არ მახსოვს“.
აქციაზე იყვნენ ისეთი მღვდლებიც, რომლებიც შეკრებილებს პირდაპირ მოუწოდებდნენ ძალადობისკენ და ამის ვიდეოკადრებიც არსებობს.
„არა ძალადობას კი არა, ვალდებულები ხართ - იძალადოთ სამშობლოსთვის, იძალადოთ ქვეყნისთვის, იძალადოთ სიწმინდისთვის!“ - მიმართავდა დეკანოზი სპირიდონ ცქიფურიშვილი აქციაზე მისულებს.
ასევე ნახეთ "სიყვარულით ნაკარნახევი" ძალადობაიურისტები ამბობენ, რომ ცქიფურიშვილის ამ მოწოდებებაში სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს ჩანს. გამოძიება არ დაინტერესებულა. საპატრიარქომ კი მღვდელმსახურს საყვედური გამოუცხადა.
ხელისუფლება ჟურნალისტების წინააღმდეგ
გაუარესებულ მედიაგარემოზე საუბრობენ ჟურნალისტები და კრიტიკოსები. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოში“ ამბობენ, რომ 186 საქმე აქვთ, რომლებიც ჟურნალისტებს ეხება. მათგან 28 - მასობრივი ძალადობის შედეგად დაშავებულ მედიის წარმომადგენლებზეა.
„ირაკლი ღარიბაშვილი ჟურნალისტების მიმართ ყველაზე აგრესიულად განწყობილი პრემიერ-მინისტრია“, - ამბობს ნოდარ მელაძე, რომელიც თვლის, რომ მედიაზე ძალადობა პრემიერის წახალისებულია, და განაგრძობს: „მისნაირი აგრესორი არავინ ყოფილა. კვირიკაშვილი, მაგალითად, მიუხედავად იმისა, რომ იმავე პოლიტიკურ გუნდს წარმოადგენდა, არასდროს იყო აგრესიულობით გამორჩეული, თუნდაც ჟურნალისტების მიმართ. შეიძლება რაღაცებს ცუდად ეუბნებოდა ხოლმე ჟურნალისტებს გახარია, მაგრამ არასდროს იკადრებდა იმას, რასაც კადრულობს ღარიბაშვილი. არც ბახტაძეს უკადრია მსგავსი. არც, მაგალითად, არჩილ თალაკვაძეს“.
მელაძის აზრით, ღარიბაშვილი „ოცნების“ სხვა წარმომადგენლებსაც უბიძგებს მედიასთან უხეში და აგრესიული დამოკიდებულებისკენ.
ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებით გამოწვეულ პროტესტსა და პრემიერ-მინისტრის გადადგომის მოთხოვნის დაყენებას, „ქართულ ოცნებაში“ პოლიტიკურ განცხადებებს უწოდებენ. მმართველი პარტიის დეპუტატები და ლიდერები ხშირად არ პასუხობენ კრიტიკულ კითხვებს და ჟურნალისტებს მოუწოდებენ, „გათავისუფლდნენ“ და არ იყვნენ „მხარე“.
„გარკვეული პრევენციული ღონისძიებებიც არის საჭირო, იმისთვის, რომ მსგავსი აღარ გამეორდეს“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას მარიკა გოცირიძე და ამატებს: „საუკეთესო პრევენცია კი იქნება დასჯა მოძალადეების, რათა სხვებს არ გაუჩნდეთ განცდა, რომ დაუსჯელები დარჩებიან, თუკი იმავეს გაიმეორებენ“.