რატომ ვბრაზობთ აუცრელ ადამიანებზე?!

„რატომ ვეჩხუბებით იმას, ვისაც აცრა არ უნდა, ის ხომ მხოლოდ საკუთარ თავს იგდებს საფრთხეში?” - სოციალურ ქსელში დასმულ ამ კითხვაზე მოკლე პასუხი ასეთია: „არავაქცინირებული ადამიანები არა მხოლოდ საკუთარ ჯანმრთელობას უქმნიან საფრთხეს, არამედ წარმოადგენენ "შტამების ფაბრიკას"… რაც უფრო მეტი არავაქცინირებული ადამიანია, მით მეტი შესაძლებლობა აქვს ვირუსს, გავრცელდეს… როდესაც ეს ხდება, ის მუტაციას განიცდის და შეიძლება წარმოქმნას კიდევ უფრო საშიში მუტაცია“, – განუცხადა CNN-ს პროფესორმა უილიამ შაფნერმა, ვანდერბილტის უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრის ინფექციური დაავადებების განყოფილებიდან.

შტამები სწორედ კორონავირუსით ინფიცირებული ადამიანის ორგანიზმში ვითარდება. მუტირებული ვირუსი ამ გზით სხვადასხვა ახალ თვისებას იძენს და მისი დამარცხება რთულდება. მაგალითად, მას შეუძლია გახდეს უფრო გადამდები, როგორც ეს „დელტა” შტამის შემთხვევაში მოხდა.

ახლა ცოტა უფრო ვრცლად იმაზე, თუ რატომ არის შენი აცრა სხვებისთვის მნიშვნელოვანი. სკეპტიკოსების ნაწილს კითხვები მას შემდეგ გაუჩნდათ, რაც ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრმა (CDC) გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, კორონავირუსის „დელტა“ შტამით სხვების დაინფიცირება აცრილებსაც შეუძლიათ, იმ შემთხვევაში, თუ თავად დაინფიცირდებიან.

მაშინ რა აზრი აქვს აცრას? ან რას ერჩიან აუცრელებს, თუკი ვაქცინირებულიც გადამდებია?

ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა განმარტავს, რომ მთავარი დასკვნები ამ მარტივ მოცემულობას ეყრდნობა: აუცრელებს დაინფიცირებისა და დაავადების გავრცელების მეტი შანსი აქვთ, ვიდრე აცრილებს.

  • 3-ჯერ ნაკლებია იმის ალბათობა, რომ ვაქცინირებულ ადამიანს კორონავირუსული ინფექცია დაემართება;
  • ვაქცინირებული ადამიანის ორგანიზმში ვირუსი ნელა მრავლდება და, შესაბამისად, გადამდებიც ბევრად ნაკლებად არის, ვიდრე არავაქცინირებული;
  • საერთო ჯამში, აცრილი ადამიანი დაახლოებით 10-ჯერ უფრო ნაკლებად ავრცელებს ვირუსს, ვიდრე არავაქცინირებული.

ამირან გამყრელიძე

ის, რომ სრულად ვაქცინირებულები შედარებით ნაკლებად ავადდებიან, ამაზე მონაცემები საქართველოშიც დაგროვდა. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ თქვა, რომ 2021 წელს კოვიდით გარდაცვლილ პაციენტთა მონაცემების შესწავლის შედეგად აღმოჩნდა, რომ გარდაცვლილთა 99.7 % აუცრელი იყო.

„მეორე მხრივ, ასევე გაანალიზდა აცრილ მოსახლეობაში დაინფიცირების მაჩვენებელი, ეს არის 0,3% ორჯერ აცრილებში და 0,9% ერთხელ აცრილებში”, - თქვა მან.

როგორც ინფექციონისტმა აღნიშნა, არავაქცინირებული ადამიანი 10-ჯერ უფრო მეტად ავრცელებს ვირუსს, ვიდრე აცრილი. კიდევ ერთი არგუმენტი ის არის, თუ რა სირთულეებს უქმნიან არავაქცინირებული კოვიდპაციენტები - რომელთა მდგომარეობა დაავადების შემთხვევაში უფრო რთულად მიდის, - მთლიანად ჯანდაცვის სისტემას.

ალექსანდრე გოგინავა

„თუ მარტივი სტატისტიკით შევხედავთ ქვეყნების მდგომარეობას, ვნახავთ, რომ თუ ქვეყანაში მაღალია ვაქცინაციის დონე, დაბალია სიკვდილიანობა, აცრების მიზანიც ეს არის, რომ შეამციროს ჰოსპიტალიზაცია, დაავადების მძიმე მიმდინარეობა და შედეგად, შემცირდეს სიკვდილიანობა”, - აღნიშნავს ალექსანდრე გოგინავა.

ამირან გამყრელიძემ მაგალითად მოიყვანა დიდი ბრიტანეთი, სადაც მოსახლეობის 60% აცრილია, თუმცა, მიუხედავად კორონავირუსით ინფიცირების გაზრდილი მაჩვენებლისა, შემცირებულია გარდაცვლილთა რიცხვი: „იგივე ხდება ისრაელში, გერმანიაში და ევროკავშირის სხვა ქვეყნებში, სადაც მოსახლეობის 47% ორჯერადად უკვე აცრილია“, - განმარტავს გამყრელიძე. ამის საპირისპირო ხდება, როცა ქვეყანაში აუცრელი უფრო მეტია, ვიდრე ვაქცინირებული.

ყოველდღიურად იზრდება ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა მაჩვენებელი. საქართველოში წელს, COVID-19-ით გარდაცვალების ყველაზე მაღალი, დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა. გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა 54 ადამიანი.

ამირან გამყრელიძის თქმით, თუ შევძლებთ და დღეში 25 ათასი აცრა გაკეთდება, ძალიან სწრაფად მოხდება პანდემიის შეკავება. ასეთ პირობებში ნაკლები ადამიანისთვის იქნება კორონავირუსი სასიკვდილო.

იმავეს ეუბნება რადიო თავისუფლებას ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავაც. თუ. პირობითად, ვაქცინაციას ჩაიტარებს მოსახლეობის 80%, ვირუსი შეიძლება მაინც გავრცელდეს, მაგრამ ამას შეიძლება ჰქონდეს ისეთი მიმდინარეობა, როგორც სხვა რესპირატორულ ვირუსებს, რომელიც წლის განმავლობაში ხშირად ემართებათ ადამიანებს, მაგრამ ამაზე არავინ ღელავს.

„ასეთ ვირუსებს ყურადღებასაც არ ვაქცევთ, რადგან ის სიცოცხლისთვის საშიში არ არის. ვაქცინირებულ პოპულაციაში კორონავირუსიც იქცევა მსგავს ინფექციად და არ დაგვჭირდება არც შეზღუდვები, არც დისტანცია და რომც გადავდო ვინმეს, არ ვიღელვებ, რადგან მეცოდინება, რომ დაავადება არ იქნება მისი სიცოცხლისთვის საშიში. ახლა ინფიცირება არის არა მარტო ჩვენი ტრაგედია, არამედ შეიძლება სხვის გარდაცვალებაში მიგვიძღოდეს წვლილი”.

„დელტა” შტამის შემთხვევაში, როგორც ინფექციონისტები ამბობენ, აუცრელ ადამიანს შეუძლია საშუალოდ 7-8 ადამიანი დააინფიციროს. გამოდის, რომ აუცრელი ადამიანი ზრდის გარშემომყოფების დაინფიცირების შანსს, ხოლო თუკი ვირუსის მიმდინარეობა გართულდა და ასეთ პაციენტს ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა, ის არა მხოლოდ თავის თავს, არამედ ჯანდაცვის გადატვირთულ სისტემასაც აწვება ტვირთად მაშინ, როცა „საწოლფონდის სერიოზული დეფიციტია“.

ასევე ნახეთ ეკატერინე ტიკარაძე: საწოლფონდის სერიოზული დეფიციტია

გამოდის, რომ მეტწილად აუცრელი ადამიანები არიან ახალი შტამების მუტაციის წყარო და რაც მეტია ინფიცირებული, მით მეტი ახალი შტამი იქმნება, ვირუსი კი ახალ თვისებებს იძენს და მეტად ადაპტირებულია გარემოსთან, რაც ართულებს მისი დამარცხების პროცესს. ამიტომ, ვაქცინირებული ადამიანები არავაქცინირებულებისგან იმით განსხვავდებიან, რომ საკუთარი თავის გარდა, უფრო მეტად იცავენ მათ, ვისაც არ ჩაუტარებია, ამჟამად ვერ უტარდება ან მომავალშიც ვერ შეძლებენ ვაქცინაციას.

ასევე ნახეთ დაგვეხმარეთ - აიცერით, შესაძლოა ვეღარ გადავარჩინოთ თქვენთვის საყვარელი ადამიანები - კლინიკა "ბომონდი"