საქართველოს ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძეს ჯერ არ გაუკეთებია კოვიდინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინის მეორე დოზა.
„მე, რა თქმა უნდა, არ დამვიწყებია, რომ მეორე დოზა გასაკეთებელი მაქვს და აუცილებლად გაცნობებთ, როდესაც გავიკეთებ“, - ასე უპასუხა დღეს ტიკარაძემ მედიის შეკითხვას, როდის იცრება ვაქცინის მეორე დოზით.
ჯანდაცვის მინისტრმა „ასტრაზენეკას“ ვაქცინის პირველი დოზა საქართველოში ვაქცინაციის დაწყებიდან დაახლოებით ათ დღეში, 23 მარტს გაიკეთა. 1 ივნისს, სამინისტრომ განაცხადა, რომ ეკატერინე ტიკარაძეს, რომელსაც მეორე დოზა ივნისში უნდა გაეკეთებინა, კორონავირუსი დაუდასტურდა.
დღეს ჯანდაცვის მინისტრმა მედიას უთხრა, რომ მეორე დოზით აცრა უკვე უწევს და არ დააგვიანებს. ჟურნალისტებმა ეკატერინე ტიკარაძეს ჰკითხეს, რატომ არ იცრება პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი. მას კორონავირუსი აპრილის დასაწყისში დაუდასტურდა.
„ყველა პირველი პირის ჩართულობა არის მნიშვნელოვანი და მე დარწმუნებული ვარ, რომ პრემიერ-მინისტრიც მიიღებს გადაწყვეტილებას ვაქცინაციაზე“, - განაცხადა ტიკარაძემ.
გამოჯანმრთელებულ კოვიდინფიცირებულებს აცრა შეეძლოთ ინფიცირებიდან 120 დღის შემდეგ, თუმცა, ივლისის ბოლოდან ჯანდაცვის სამინისტრომ ეს ვადა 30 დღემდე შეამცირა.
ასევე ნახეთ კოვიდი ორჯერ ზედიზედ - რატომ არის მნიშვნელოვანი აცრა ინფიცირების შემდეგსაქართველოში ვაქცინაცია 15 მარტიდან დაიწყო. ამ დრომდე გაკეთებულია 583 647 აცრა. სრულად, ორივე დოზით აცრილია 182 915 ადამიანი. ქვეყანა ჯერჯერობით ვერ აღწევს სამიზნე - დღეში სულ მცირე 25 ათასი აცრის მაჩვენებელს. ვაქცინაცია მიმდინარეობს "ასტრაზენეკას", "სინოფარმის", "სინოვაკისა" და "ფაიზერის" ვაქცინებით.