"პირადი ცხოვრების გამჟღავნების რისკები ყოველთვის იარსებებს" - ინტერვიუ მიტროპოლიტ ნიკოლოზთან

“მთავარი არხზე” თვალთვალისა და პირადი საუბრების გასაჯაროებული ე.წ. კრებსის- სავარაუდოდ, უშიშროების ანგარიშების შესახებ, მიტროპოლიტმა ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა თქვა, რომ მას უშიშროების სამსახურის წარმომადგენლები წლების განმავლობაში უსმენდნენ, ამის შესახებ მან თავადაც იცოდა და თანხმობაც ჰქონდა მიცემული.

რას გულისხმობდა მაღალი იერარქიის სასულიერო პირი ამ აღიარებისას? რადიო თავისუფლებამ ნიკოლოზ ფაჩუაშვილს რამდენიმე კითხვა დაუსვა.

ასევე ნახეთ მიტროპოლიტი ნიკოლოზი აცხადებს, რომ არის მღვდელ გიორგი მამალაძის გათავისუფლების საფუძველი

მიტროპოლიტთან ტელეფონით დაკავშირება ვერ მოხერხდა, ინტერვიუ კი ელექტრონული ფოსტით მიმოწერის საშუალებით შედგა. ამ ინტერვიუში მიტროპოლიტი ნიკოლოზი საუბრობს, როგორ გახდა მისთვის მოსმენების შესახებ ცნობილი, ემუქრებოდნენ თუ არა და ხედავს თუ არა მისი პირადი საუბრების გასაჯაროების რისკებს.

თქვენ თქვით, რომ უშიშროების სამსახური გისმენდათ და ამის შესახებ წინსწრებით გაცნობეს. კონკრეტულად რა პერიოდზეა საუბარი და ვინ გაცნობათ, ეს იყო ოფიციალური პირი თუ თქვენი ნაცნობი, ან , თქვენი მრევლის წევრი და არაოფიციალურად შეგატყობინათ?

მოსმენის შესახებ ჩემთან დაახლოებულმა ოფიციალურმა პირმა 2010 წელს (თარიღი მიახლოებითია) არაოფიციალურად შემატყობინა.

როგორც ამბობთ, დათანხმდით მოსმენას - რაიმე წინაპირობა თუ არსებობდა, მაგალითად, მუქარა?

ეს არ იყო მუქარა, არამედ, სავარაუდოდ, ტექნიკური შესაძლებლობების გაზრდის შედეგი.

რატომ არ ისაუბრეთ საჯაროდ ამ საკითხზე?

უშიშროების სამსახური, ჩემი წარმოდგენით, ამას ყოველთვის აკეთებდა და ეს ყველასთვისაა ცნობილი. ამ გაფრთხილებაში დავინახე ნაბიჯი ცივილური განვითარებისაკენ.

ხომ არ არსებობდა თქვენი პირადი ცხოვრების გამჟღავნების რისკები (თქვენს მეგობრებთან, ახლობლებთან ან მრევლთან საუბრის შინაარსის გავრცელების)?

პირადი ცხოვრების გამჟღავნების რისკები ყოველთვის არსებობდა და ყოველთვის იარსებებს. მოქალაქეების პირადი დაზიანება უმძიმესი დანაშაულია და სახელმწიფომ ეს არ უნდა ჩაიდინოს.

მრევლი თუ გირეკავთ ხოლმე, თქვენგან რჩევების მისაღებად და საკუთარი პრობლემის გასაზიარებლად?

ყველას ვაფრთხილებ, რომ რჩევების მისაღებად და საკუთარი პრობლემის გასაზიარებლად ტელეფონი არაა საიმედო - არა მარტო იმიტომ, რომ გვისმენენ.

ახლა გისმენთ ვინმე? რა ინფორმაცია გაქვთ, რა ხდება ახლა? ან ვინმე ხომ არ შეგითანხმდათ ახლა?

მას შემდეგ არავინ შემომხმიანებია.

ხელისუფლების შეცვლის შემდეგ არ დაინტერესდით, გრძელდებოდა თუ არა თქვენი მოსმენა?

არ დავინტერესებულვარ, რადგან სიმართლეს არავინ მეტყოდა.

თქვენ მაღალი სასულიერო თანამდებობა გიკავიათ. თქვენ გარდა, ვინმე სხვასაც თუ უსმენდნენ, რა ინფორმაცია გაქვთ? ეს იყო იძულება თუ მათაც თანხმობა გამოხატეს?

სხვების შესახებ ინფორმაცია არ მაქვს. ჩემს მიმართ მოსმენის შეტყობინება პირადი და სახელმწიფოებრივი უსაფრთხოების ზომის მიღებად აღვიქვი და ამის შესახებ ყველას ვაცნობე, ვინც ჩემთან პირადი ურთიერთობისას ტელეფონს იყენებს.

თქვენ თქვით, რომ თქვენი ახლობლები გააფრთხილეთ, რომ გისმენდნენ - რაიმე დაცული საშუალების (მაგალითად, სიგნალი) გამოყენება დაიწყეთ?

ვაფრთხილებ არა მარტო ახლობლებს, არამედ ნებისმიერ ადამიანს, რომელიც პირად საკითხებზე მიწყებს საუბარს. დაცული საშუალებების იმედად შეიძლება, მხოლოდ მიამიტი იყოს. ამიტომ, ყველას ვეუბნები, რომ კონფიდენციალური საუბარი მხოლოდ პირადი შეხვედრისას არის შესაძლებელი.