ოლიმპიური კომიტეტი: „ბენიკ აბრამიანს საქართველოში გავლილი ჰქონდა დოპინგ-კონტროლი“

ბენიკ აბრამიანი, 2016 წ.

საქართველოს მძლეოსანთა ნაკრების წევრის ბენიკ აბრამიანის დოპინგ-სკანდალს საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი ოფიციალურ ფეისბუქის გვერდზე გავრცელებული განმარტებით გამოეხმაურა. სოკ-ის განცხადების თანახმად, აბრამიანმა დოპინგკონტროლი ტოკიოში გამომგზავრებამდე გაიარა, ისევე, როგორც საქართველოს დელეგაციაში შემავალმა სხვა სპორტსმენებმა და ყველაფერი რიგზე იყო.

აქვე, გავრცელებული განმარტებაც:

„ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის წევრს, მძლეოსან ბენიკ აბრამიანს, შეჯიბრების წინ ჩატარებული დოპინგ ტესტის შედეგად აღმოუჩინეს აკრძალული პრეპარატის კვალი. დადგენილი წესის შესაბამისად, აბრამიანი მოხსნილია ტოკიოს ოლიმპიური თამაშებიდან. მის შემდგომ სპორტულ კარიერასთან დაკავშირებულ საკითხებს მოგვიანებით განიხილავენ შესაბამისი სპორტული ორგანიზაციები. აქვე გაცნობებთ, რომ ტოკიოში გამომგზავრებამდე უკლებლივ ყველა ლიცენზიანტმა სპორტსმენმა, მათ შორის ბენიკ აბრამიანმა გაიარა დოპინგ-კონტროლი“.

ბირთვისმკვრელი ბენიკ აბრამიანი ოლიმპიურ კონკურენციაში დღეს უნდა ჩაბმულიყო, მაგრამ ტოკიოს ლაბორატორიაში 31 ივლისს ჩატარებულმა კვლევამ მის ორგანიზმში აკრძალული სტეროიდები აღმოაჩინა.

ასევე ნახეთ მძლეოსანი ბენიკ აბრამიანი ტოკიო-2020-ს დოპინგის გამო ჩამოაშორეს