რა ხდება ქვეყანაში, სადაც კულტურის მინისტრი ჟურნალისტს მიკროფონს ართმევს?

კულტურის მინისტრი ჟურნალისტისთვის 22 ივლისს წართმეული მიკროფონის დაბრუნებას არ ჩქარობს. თეა წულუკიანი ამბობს, რომ წართმეული ნივთი 3 ოქტომბრამდე არ დაბრუნდება.

„მთავარი არხის“ მიკროფონის წართმევით კულტურის მინისტრმა „ქართული ოცნების“ მხარდამჭერების გული კიდევ ერთხელ მოიგო. მეტიც, ფეისბუკკომენტარებში მხარდამჭერების ნაწილი მას ჟურნალისტების წინააღმდეგ მეტი ძალის გამოყენებისკენაც მოუწოდებს - იმავე პათოსით, რითაც ეს ნაწილი 5 ივლისს ჟურნალისტების უმოწყალო, მასობრივი ცემის გამართლებას ცდილობდა. წულუკიანის ქმედებას რეაგირება არ მოჰყოლია სამართალდამცველი სტრუქტურების მხრიდან და ის პრემიერ-მინისტრმაც გაამართლა. სამოქალაქო საზოგადოების დიდი ნაწილი კი, მომხდარს ჟურნალისტების წინააღმდეგ ხელისუფლების ერთიანი სტრატეგიის განუყოფელ ნაწილად და სახიფათო სიმპტომად თვლის.

  • საით მიდის ქვეყანა, სადაც კულტურის მინისტრი ჟურნალისტს გამოგლეჯილ მიკროფონს არ უბრუნებს?
  • არსებობს თუ არა მოახლოებული არჩევნების წინ უკიდურესად დაძაბული ვითარების განმუხტვის რეალური გზა?

დანაშაულის ნიშნები

როცა კულტურის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა, თეა წულუკიანმა მიკროფონი წაართვა, ჟურნალისტმა ემა გოგოხიამ პოლიცია გამოიძახა, მაგრამ ადგილზე მისული საპატრულო ეკიპაჟისგან მოისმინა, რომ მომხდარზე რეაგირება მათი კომპეტენცია არ იყო და ამბავს კრიმინალურ პოლიციას შეატყობინებდნენ.

რეაგირება არც ამის შემდეგ ყოფილა. სოციალურ ქსელში კი თეა წულუკიანი განაგრძობდა იმის მტკიცებას, რომ მიკროფონს არ დააბრუნებდა და საზოგადოებას მიღწევების შესახებ აწი სწორედ „მთავარი არხის“ მიკროფონით შეატყობინებდა.

ასევე ნახეთ "მთავარმა არხმა" თეა წულუკიანის მიერ ტელეკომპანიის მიკროფონის წართმევის ფაქტზე პროკურატურას მიმართა

23 ივლისს „მთავარმა არხმა“ გამოძიების დაწყების მოთხოვნით გენერალურ პროკურატურას მიმართა. განცხადებაში ლაპარაკია სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით ჩადენილ სავარაუდო დანაშაულებზე:

  • 154-ე მუხლის მე-2 ნაწილი - ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა. ითვალისწინებს სასჯელს ჯარიმიდან 2 წლამდე პატიმრობამდე;
  • 178-ე მუხლი - ძარცვა. გათვალისწინებული სასჯელია პატიმრობა 5-დან 8 წლამდე.

„თეა წულუკიანის ქმედება ვერანაირად ვერ ჯდება სამართლებრივ ჩარჩოებში“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელი ნიკა სიმონიშვილი.

მისი განმარტებით, უფრო მკაფიოდ იკვეთება ჟურნალისტური საქმიანობის ხელის შეშლის ფაქტი; ხოლო ძარცვის ბრალდებასთან მიმართებით, გამოძიების პროცესში დამატებითი გამოკვლევა გახდება საჭირო.

„მას შეუძლია, ჟურნალისტის შეკითხვას პასუხი არ გასცეს, მაგრამ მიკროფონის წართმევისა და ჟურნალისტის საქმიანობის ხელის შეშლის უფლებას კანონი არ იძლევა. რა თქმა უნდა, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჟურნალისტური საქმიანობის ხელის შეშლის ნიშნები არის. გამოძიება უნდა დაიწყოს ამ მიმართულებით.

ძარცვასთან დაკავშირებით, კანონით ისჯება სხვისი ნივთის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით. თავად თეა წულუკიანი ამბობს, რომ ის არ აპირებს ამ მიკროფონის დაბრუნებას. შესაბამისად, საჭიროა გამოძიებამ დაადგინოს, იკვეთება თუ არა მისაკუთრების მიზანი. თუ ეს დადგინდება, შეგვიძლია ვისაუბროთ ამ მეორე დანაშაულის ნიშნებზეც. მიზანი გამოსაკვეთია გამოძიების ფარგლებში“, - გვეუბნება ნიკა სიმონიშვილი.

ასევე ნახეთ ირაკლი ღარიბაშვილი "მთავარ არხს": მიკროფონთან დაკავშირებით რა მოხდა, არ ვიცი

ობიექტური გამოძიების იმედი, ცხადია, არა აქვს მედიის უდიდეს ნაწილს და მით უფრო იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ წულუკიანს მთელი ხელისუფლება ამართლებს. 23 ივლისს, პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა ამ თემაზე დასმულ შეკითხვაზე პასუხად თქვა, რომ ამ ქვეყანაში დანაშაულის ჩამდენი ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და „მისი გუნდია“.

„მთავარი არხი“, გამოძიებასთან ერთად, თავისი საკუთრების - მიკროფონის დაბრუნებას ითხოვს, მაგრამ წულუკიანი არ აბრუნებს.

„არ დავაბრუნებ!“

„მთავარი არხისთვის“ წართმეული მიკროფონი თეა წულუკიანმა 22 ივლისს ძირითადად ბიძინა ივანიშვილის ქებასა და „გაუმარჯოს“ მოახმარა.

დაძაბული, გაბრაზებული სახით მიკროფონის წართმევის შემდეგ, მინისტრმა სიცილი დაიწყო და „ჯოს“ ძახილს მოითხოვდა ჟურნალისტისგანაც, რომელსაც მანამდე „ახტაჯანა“ უწოდა.

ეს ყველაფერი სენაკში, „ქართუ ფონდის“ მიერ გარემონტებული თეატრის დარბაზში ხდებოდა. დარბაზში მსხდომებმა მინისტრს არაერთხელ დაუკრეს ტაში.

სცენაზე ასულმა წულუკიანმა თქვა, რომ „მთავარი არხის“ მიკროფონს 3 ოქტომბრამდე (თვითმმართველობის არჩევნების მეორე დღემდე) არ დააბრუნებს და არდაბრუნების განზრახვის შესახებ მოგვიანებით ფეისბუკგვერდზეც დაწერა.

წულუკიანის ქმედებებმა საზოგადოების ერთ ნაწილში დიდი აღფრთოვანება გამოიწვია.

დარბაზის ტაშის გარდა, ეს ჩანდა ფეისბუკომენტარებითაც, რომლებიც ამ თემაზე გამოქვეყნებულ პოსტებს მოჰყვა.

ასევე ჩანს, რომ გულშემატკივრები წულუკიანისგან მეტი ძალადობის ხილვასაც ისურვებდნენ.

  • "ჟურნალისტები არ არიან ესენი. ესენი არიან სახელმწიფოს მტრები და პოლიტიკური პარტიის წევრები".
  • "ამ მიკროფონით ამათი პოლიტიკის უფრო სწორად მავნებლობის დასასრული მოგვასმენინეთ მალე".
  • "გენაცვალე თეა! ასე უნდა მიაჩმორო ეგ ანტიქრისტე ურჯულოები".
  • "აი ასე უნდა ყველა თავხედ ადამიანს, ვინც არ იცის სად როგორ უნდა მოიქცეს".
  • "უძლიერესი, უმაგრესია ეს სიფრიფანა გოგო... უმაგრესი, უნიჭიერესი მინისტრი გვყავს".
  • "მიკროფონს როცა დაუბრუნებთ, აუცილებლად დეზინფექცია გაიკეთეთ ხელებზე ქალბატონო თეა".

კომენტარების ნაწილი ცხადყოფს, რომ კულტურის მინისტრის მიერ ძალის გამოყენების ფაქტი მხარდამჭერებმა იმავე პათოსით მოიწონეს, რითაც ისინი 5 ივლისს ჟურნალისტების მასობრივი ცემის გასამართლებელ საფუძვლებს ეძებდნენ - „ჟურნალისტები ფსიქოლოგიური მოძალადეები არიან და ზოგი ადამიანი ნერვებს ვერ თოკავს და ფიზიკურად ძალადობს“.

რისი ღირსია ჟურნალისტი?

ჟურნალისტების წინააღმდეგ დასახულ სტრატეგიაში თითქმის ერთნაირი მესიჯები ჟღერდება როგორც ხელისუფლების, ასევე სასულიერო პირებისა და მოძალადე ჯგუფების მხრიდან. გვესმის, რომ:

  • ჟურნალისტები ზონდერჯგუფებად იქცნენ, გათავხედდნენ და ყოველგვარი ზღვარი გადალახეს;
  • შეკითხვებით დევნით ისინი ფსიქოლოგიურად ძალადობენ;
  • ჟურნალისტები პოლიტიკოსებად იქცნენ, ოპოზიციას ახმოვანებენ და მათ პასუხი არავინ უნდა გასცეს.
ასევე ნახეთ ვის ეშინია მედიის?!

თეა წულუკიანის ქმედებას სწორედ საერთო კონფრონტაციული ტენდენციის შემადგენელ ნაწილად განიხილავს ექსპერტებისა და სამოქალაქო საზოგადოების დიდი ნაწილი.

„საერთო მესიჯბოქსია - კი, ფიზიკური ძალადობა ცუდია, მაგრამ ისინი რომ ფსიქოლოგიურად ძალადობენ?! ეს ნიშნავს შემდეგს - პრინციპში, ჟურნალისტების ბრალია, რომ სცემეს... ასეთი აზროვნება მოიცავს სურვილს, რომ ჟურნალისტებს სცემონ... ეს არის დემოკრატიული ნორმების მოჩვენებითი დაცვა...

როგორც ჩანს, ხელისუფლების ანგარიშია, რომ წინასაარჩევნოდ აჩვენონ მოსახლეობას, რომ შეურიგებელნი არიან მათი მტრების მიმართ და, რა თქმა უნდა, მტრებში იგულისხმებიან ჟურნალისტები... თან ხელისუფლებას ევროპელების თვალში დემოკრატიული იმიჯის შენარჩუნებაც სჭირდება და ამბობს - ძალადობას ვგმობო“, - გვეუბნება გია ნოდია.

ასევე ნახეთ „უმრავლესობის დიქტატურა“ - საქართველო სახიფათო გზაგასაყარზე?

წარმოიდგინეთ, ერთ დღეს გაიგეთ ამბავი იმის შესახებ, რომ ერთ-ერთი ქვეყნის კულტურის მინისტრმა მიკროფონი წაართვა იმავე ქვეყნის ერთ-ერთი ტელევიზიის ჟურნალისტს და აღარ აბრუნებს - რას იფიქრებდით ამ ქვეყანაზე? - ვეკითხებით სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიის განვითარების ცენტრის ხელმძღვანელს, ვლადიმერ ბოჟაძეს, რომლის შეფასებებიც ხშირად ემთხვევა ხელისუფლებისას.

ის გვპასუხობს, რომ ასეთ შემთხვევაში, პირველ რიგში, მეტი ინფორმაციის მოძიებას შეეცდებოდა მომხდარის მიზეზებთან დაკავშირებით.

ვლადიმერ ბოჟაძე ამ ეტაპზე მთავარ პრობლემას მედიის პოლარიზებაში ხედავს და თვლის, რომ ხელისუფლებას ამჟამად პოლიტიკაში გადასული მედიისგან თავდაცვის რეჟიმში ყოფნა უწევს.

ვლადიმერ ბოჟაძე გვეუბნება:

  • „ვნახეთ მისი (თეა წულუკიანის) ღიმილი, სცენაზეც დადგა მიკროფონით... შეიძლება ეს მისი მხრიდან პროტესტადაც აღვიქვათ“;
  • „მხოლოდ იმიტომ, რომ თანამდებობის პირი ხარ ან პოლიტიკოსი ხარ, თმენის ვალდებულება არსად არ წერია კონსტიტუციაში, კანონმდებლობაში... სად წერია, რომ შენ უნდა გლანძღავდნენ, შეურაცხყოფას გაყენებდნენ და უნდა ითმენდე?!“;
  • „პოლიტიკურ პროცესში ღიად ჩაერთვნენ ჟურნალისტები... მე ვფიქრობ, ხელისუფლება თავდაცვის რეჟიმშია გადასული კონკრეტული მედიებისა და მათი წარმომადგენლების მხრიდან... ხელისუფლების ქმედებები არის ადეკვატური იმისა, როგორც ექცევა მას მედია“.

ვლადიმერ ბოჟაძე თვლის, რომ პოლარიზაციამ ქვეყანაში სახიფათო სახე მიიღო და ეს ვითარება საქართველოს არაკეთილმოსურნეების და კერძოდ - რუსეთის წისქვილზე ასხამს წყალს.

და სად არის გამოსავალი? ეკისრება თუ არა პასუხისმგებლობა ხელისუფლებას?

გამოსავალი, მისი შეფასებით, იმაშია, რომ მედიამ საკუთარ ქმედებებს გადახედოს, თავად შეიცვალოს და ხელი შეუწყოს ტემპერატურის დაწევას:

„მედია თავად უნდა შეეცადოს, რომ თვითრეგულირების მექანიზმებით დარჩეს მედიად. დარჩნენ კრიტიკულებად, გამოიყენონ ყველა მექანიზმი, მათ შორის - ჟურნალისტური გამოძიებები... იმოქმედონ, მაგრამ არა პოლიტიკის მეთოდებით“.

ასევე ნახეთ კალაძემ ძალადობრივი ჯგუფების ქმედებებს შეადარა მედიის მუშაობა

საით მივდივართ?

მედიაექსპერტი, ჟურნალისტი ზვიად ქორიძე ნათლად ხედავს, რომ ხელისუფლებამ უკვე გადადგა მკაფიო ნაბიჯები ავტორიტარიზმისკენ და ამ ფაქტის ნათელ ინდიკატორად ის სწორედ მედიის მიმართ ხელისუფლების აგრესიულ განწყობას განიხილავს.

ზვიად ქორიძე გვეუბნება, რომ მედიას დღეს არჩევანი აღარ რჩება, რადგან სახელმწიფო ავტორიტარიზმის რელსებზე გადადის და თუკი საზოგადოებამ ეს საფრთხე არ დაინახა და მედიასთან ბრძოლაში ხელისუფლების მხარე დაიჭირა, ეს ავტორიტარიზმზე თანხმობის ტოლფასი იქნება.

თუ საზოგადოება იქნება ინერტული, ინდიფერენტული, შემგუებელი; თუკი საზოგადოებას არ ექნება სათანადო რეაქცია ძალადობაზე და ანტიდემოკრატიულ ქმედებებზე, ამით ყოველთვის ისარგებლებს ხელისუფლება... საზოგადოებამ უნდა უთხრას ხელისუფლებას, რომ მას არ უნდა უმრავლესობის დიქტატურა“, - გვეუბნება ზვიად ქორიძე.

მისი თქმით, ხელისუფლების ცვლილებას, 2012 წელს, დიდწილად იმან შეუქმნა საფუძველი, რომ „საზოგადოების ძალიან დიდ ნაწილში წინა ხელისუფლებამ ნდობის ვოტუმი დაკარგა“ სწორედ 2007 წლის 7 ნოემბერს, როცა „გამოხატვის თავისუფლებას საქართველოში დაუპირისპირდა ტელევიზიის დარბევა და საგანგებო მდგომარეობის შემოღება“.