ბათუმში იხსნება კონფერენცია სამი ქვეყნის და ევროპული საბჭოს პრეზიდენტების მონაწილეობით

ბათუმი

დღეს ბათუმში იწყება საერთაშორისო კონფერენცია „ევროკავშირის მიზიდულობის ძალა და რეგიონის ტრანსფორმაცია“. მას გახსნის ვიცე-პრემიერი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი.

კონფერენციის გახსნით სესიაზე სიტყვით გამოვლენ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი.

ასევე ნახეთ "ასოცირებული ტრიო" აერთიანებს უკრაინას, საქართველოსა და მოლდოვას

ბათუმის საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში, საერთაშორისო ექსპერტების მონაწილეობით გაიმართება დისკუსია: „ახალი ტრანსატლანტიკური დღის წესრიგი და აღმოსავლეთ ევროპა“. განსახილველ თემებს შორისაა ევროატლანტიკურ სივრცეში არსებული გამოწვევები და შესაძლებლობები და ტრადიციულ მოკავშირეებს შორის თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები.

ბათუმში საერთაშორისო კონფერენცია მეჩვიდმეტედ ტარდება და მას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მასპინძლობს. 2020 წელს კონფერენცია ვერ ჩატარდა კორონავირუსის პანდემიის გამო.