უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრებმა კიევში ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმს "ასოცირებული ტრიოს" დაფუძნების თაობაზე, რომელიც ევროკავშირთან თანამშრომლობის კუთხით ძალების გაერთიანებას გულისხმობს.
„მივესალმები ჩემს ქართველ და მოლდოველ კოლეგებს კიევში. უკრაინა, საქართველო და მოლდოვა აერთიანებენ ძალისხმევას ევროპული ინტეგრაციისთვის, აღმოსავლეთ პარტნიორობის განსავითარებლად და რეგიონალური უსაფრთხოებისთვის. ჩვენი სამი სახელმწიფო ერთად უფრო ძლიერია“, - წერს ტვიტერზე უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება.
უკრაინელი მინისტრი ტვიტერზე თავის კიდევ ერთ პოსტში აღნიშნავს, რომ უკრაინა, საქართველო და მოლდოვა „ამიერიდან ოფიციალურად წარმოადგენენ ასოცირებულ ტრიოს“ და „ეს ახალი ფორმატი“ ევროპული ინტეგრაციის გზაზე ძალების გაერთიანებისთვის დაფუძნდა.
სამი ქვეყნის მინისტრებმა ერთობლივ მემორანდუმს ხელი მოაწერეს 17 მაისს, კიევში, სადაც 2-დღიანი ოფიციალური ვიზიტით (16-17 მაისი) იმყოფება საგარეო საქმეთა მინისტრი, ვიცე-პრემიერი დავით ზალკალიანი. კიევში იმყოფება ასევე მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრი, აურელიუ კიკო.
„მემორანდუმის ხელმოწერით, სამი ქვეყნის საგარეო უწყებები თანხმდებიან ერთობლივი საკოორდინაციო და თანამშრომლობის ფორმატის - „ასოცირებული ტრიოს“ დაფუძნების თაობაზე, რომლის მიზანი სამი ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის შემდგომი გაღრმავებაა. მემორანდუმში სამივე ქვეყანა აღიარებს, რომ მათი საბოლოო მიზანი ევროკავშირის წევრობაა, რის საფუძველსაც ევროკავშირის ხელშეკრულების 49-ე მუხლი წარმოადგენს. თავის მხრივ, ტრიოს ქვეყნები განახორციელებენ ასოცირების შეთანხმებებით აღებულ ვალდებულებებს, ევროინტეგრაციის საბოლოო მიზნის მისაღწევად“, - ვკითხულობთ საქართველოს საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ოფიციალური ინფორმაციით, „ასოცირებული ტრიო“ ასევე მიზნად ისახავს, ევროკავშირთან ერთად, „ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის განხორციელების საფუძველზე, მიაღწიოს ევროკავშირის ერთიან ბაზარზე სრული ინტეგრაციის ხელშეწყობას“ და სამი ქვეყანა „გააღრმავებს ევროკავშირთან თანამშრომლობას უსაფრთხოებისა და თავდაცვის და, ასევე, ევროკავშირის შესაბამის სააგენტოებსა და პროგრამებში შემდგომი მონაწილეობის მიმართულებებით“.