ამერიკელი სენატორი ჯიმ რიში „ტვიტერში“ წერს, რომ თავდასხმები ჟურნალისტებზე, ტურისტებსა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებზე დასაგმობია. მისი თქმით, ძალადობაზე პასუხისმგებელი პირები მართლმსაჯულების წინაშე უნდა წარსდგნენ.
„ვლოცულობ ბატონ ლაშქარავასა და მისი ოჯახისთვის - ძალადობაზე პასუხისმგებელმა პირებმა სრულად უნდა აგონ პასუხი. კანონის უზენაესობა მხარს უჭერს არა მოძალადეებს, არამედ მშვიდობიან დემონსტრანტებს. საქართველომ უკეთ უნდა გაართვას თავი მდგომარეობას“, - წერს სენატორი ჯიმ რიში.
თბილისში განვითარებულ მოვლენებს იგი "ამერიკის ხმასთან" საუბარშიც ეხმაურება და ამბობს, რომ საქართველოს მთავრობამ უკეთ უნდა დაიცვას მოქალაქეთა თავისუფალი სიტყვისა და თავისუფალი შეკრების კონსტიტუციური უფლებები. მისი თქმით, მოქალაქეები უსაფრთხოდ არიან მაშინ, როდესაც ამ უფლებებით სარგებლობენ:
"ხალხი, ვინც ხელს უშლის ამ უფლებით სარგებლობას, კანონის სრული ძალით უნდა დაისაჯოს. ეს საქართველოსთვის პოლიტიკურად რთული დროა, დაძალადობა მხოლოდ რუსეთს აძლევს ხელს. ყველა და ნებისმიერი ძალადობა უნდა შეწყდეს”, - განუცხადა სენატორმა “ამერიკის ხმას”.
5-6 ივლისს თბილისში მომხდარ ძალადობას “ამერიკის ხმასთან” საუბარში გამოეხმაურა კონგრესმენ ადამ კინზინგერის ოფისიც. წერილობით განცხადებაში წერია:
“კონგრესმენი აღშფოთებულია ძალადობით, რომელიც სიკვდილით დასრულდა. ის მოუწოდებს ყველა მხარეს შეინარჩუნონ სიმშვიდე. მათ, ვინც დააკავეს, პასუხი უნდა აგონ დანაშაულებზე. ის იმედოვნებს, რომ სასამართლო იქნება დამოუკიდებელი”, - განუცხადა კონგრესმენის ოფისმა “ამერიკის ხმას”. რამდენიმე დღის წინ იგი ასევე "ტვიტერში" წერდა, რომ აკვირდება თბილისში მომხდარ ძალადობას და გადაწყვეტილი აქვს გამოარკვიოს, ვინ იდგა ლგბტ+ თემზე ძალადობის უკან.
5 ივლისს დაგეგმილი "ღირსების მარშის" საწინააღმდეგოდ გამოსულმა მოძალადე ჯგუფებმა თბილისის სხვადასხვა ნაწილში ძალადობრივი თავდასხმები მოაწყვეს აქტივისტების ოფისებსა და მედიის წარმომადგენლებზე. დაშავებული 55 ადამიანიდან 53 მედიის წარმომადგენელია. მათ შორის არიან რადიო თავისუფლების ჟურნალისტებიც.
ტვ პირველის ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა, რომელიც 11 ივლისის დილას ოჯახის წევრებმა საკუთარ სახლში იპოვეს გარდაცვლილი, 5 ივლისს, სიძულვილის ჯგფების მხრიდან სასტიკი ფიზიკური ანგარიშსწორების მსხვერპლი გახდა მაშინ, როცა "სირცხვილიას" ოფისთან გადაღებაზე იმყოფებოდა. მასზე ძალადობაში ბრალდებული მხოლოდ 5 პირია დაკავებულია - ერთი გარდაცვალების შემდეგ დააკავეს.
ლექსო ლაშქარავას სიძულვილის ჯგუფების თავდასხმის შემდეგ ჩამსხვრეული ჰქონდა სახის ძვლები, რის გამოც ჩაუტარდა ქირურგიული ოპერაცია.
შინაგან საქმეთა სამინისტროში სიკვდილის მიზეზების დამდგენი ექსპერტიზის პასუხის მიღებამდე 12 ივლისს გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, რომ შუალედური ქიმიური ექსპერტიზის მიხედვით, მის სისხლში აღმოჩნდა ნარკოტიკული ნივთიერება და შესაძლოა გარდაცვალების მიზეზი იყოს ზედოზირება.
ასევე ნახეთ შსს ლექსო ლაშქარავაზე: შესაძლოა გარდაიცვალა ზედოზირებით, სისხლში აღმოაჩნდა ნარკოტიკული ნივთიერებებილექსო ლაშქარავას 13 ივლისს დაკრძალავენ.