აშშ-ის საელჩო: გამოვლინდეს და კანონის სრული სიმკაცრით დაისაჯოს ლექსო ლაშქარავაზე ყველა თავდამსხმელი

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში განცხადებას ავრცელებს ტვ პირველის ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების შესახებ. ლაშქარავას 5 ივლისს ძალადობრივმა ჯგუფებმა სასტიკად სცემეს და დღეს დილით სახლში გარდაცვლილი იპოვეს.

"ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო თბილისში ღრმა მწუხარებით უსამძიმრებს ლექსო ლაშქარავას ოჯახს, უპირველეს ყოვლისა ლექსოს დედას, მის კოლეგებს ტვ პირველში და ყველას, ვინც შეძრულია და დამწუხრებულია მისი გარდაცვალებით. ლექსო, როგორც მედია პროფესიონალი, მრავალი წელი კამერის უკან მუშაობდა და შეიძლება ზოგს ის ვერც კი ეცნო, სანამ მას სასტიკად არ გაუსწორდნენ ის პირები, რომლებმაც ადამიანის სიცოცხლისადმი პატივისცემის სრული უგულვებელყოფა აჩვენეს. ლექსოს მიერ კოლეგის დაცვისას გამოვლენილი სიმამაცე და მისი ერთგულება ფუნდამენტური თავისუფლებების მიმართ, რასაც ოდითგანვე აფასებდნენ ამ ქვეყანაში, წარმოადგენს ქართველი ხალხის საუკეთესო თვისებებსა და ტრადიციებს.

ლექსოს თავდასხმასთან დაკავშირებით რამდენიმე პირის დაკავება პირველი დადებითი ნაბიჯია სამართლის აღსრულებისკენ. თითოეული ქართველი ჟურნალისტის უსაფრთხოება და დემოკრატიისადმი რწმენა საქართველოში მოითხოვს, რომ ყველა, ვინც თავს დაესხა მშვიდობიან მოქალაქეებსა და ჟურნალისტებს 5 და 6 ივლისს, ან ვინც წააქეზა ძალადობა, უნდა გამოვლინდეს, იქნას დაპატიმრებული და უნდა წარსდგეს სასამართლოს წინაშე კანონის სრული სიმკაცრით.

ჩვენ მოვუწოდებთ სიმშვიდისკენ და იმ ძალადობის დასრულებისკენ, რომელმაც უკვე გამოიწვია ერთი ადამიანის ტრაგიკული სიკვდილი", - ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

ასევე ნახეთ ევროკავშირის ელჩი ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების შესახებ: ევროკავშირი მკაცრად გმობს ძალადობას

5 ივლისს, როცა თბილისის ცენტრალურ გამზირზე "ღირსების მარში" უნდა გამართულიყო, ეს ადგილი ძალადობრივი ჯგუფების წარმომადგენლებმა დაიკავეს. პოლიციელების თვალწინ სცემდნენ ჟურნალისტებს. როგორც ადგილზე მომუშავე ჟურნალისტები ამბობენ, იმდენად მცირე რაოდენობის სამართალდამცავები იყვნენ მობილიზებული, რომ სურვილის შემთხვევაშიც კი ვერ დაიცავდნენ მათ უსაფრთხოებას.

ამ დროისთვის, ლექსო ლაშქარავაზე თავდამსხმელი მხოლოდ ორი პირია დაკავებული. მათ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვთ შეფარდებული. გამოძიება 5 ივლისს მომხდარ ძალადობის ცალკეულ ფაქტებს იძიებს და ორგანიზებული დანაშაულის არსებობის შესაძლებლობაზე არ საუბრობს. 5 ივლისს 55 ადამიანი დაშავდა, მათგან 53 მედიის წარმომადგენელი იყო.

მირანდა ბაღათურია, ჟურნალისტი, რომელიც თან ახლდა ლექსოს ძალადობრივი თავდასხმის დროს, ჰყვება, რომ მათი თავდამსხმელების რაოდენობა 20 მაინც იყო. თავდასხმის შემდეგ ლექსო ლაშქარავას დაზიანებული ჰქონდა სახის ძვლები და ჩაუტარდა ქირურგიული ოპერაცია.

არასამთავრობო სექტორი, მოქალაქეები, მედიამენეჯერები და ოპოზიცია მთავრობის გადადგომას ითხოვს.

ასევე ნახეთ ტვ პირველის ხელმძღვანელი: აღარაფერი დაგვრჩა, გარდა ერთმანეთის მიმართ სოლიდარობისა
ასევე ნახეთ პრეზიდენტმა ლექსო ლაშქარავას ოჯახს მიუსამძიმრა: არ ვიცოდი, რა უნდა მეთქვა დედისთვის
ასევე ნახეთ ჟურნალისტური ეთიკის ქარტია: დადგეს ხელისუფლების პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი
ასევე ნახეთ ირაკლი ღარიბაშვილი "წარმოუდგენელ ტრაგედიას" უწოდებს ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებას