"ლექსო არის ამ ქვეყნის თავისუფლების სიმბოლო. მე მინდა განსაკუთრებით მივმართო მშობლებს: დღეს დედას გაუთენდა დღე, მისი შვილი არის გარდაცვლილი. იცით რატომ? იმიტომ რომ ახალგაზრდა ბიჭი გადაეფარა 20 წლის გოგოს, რომ არ ჩაექოლათ და არ მოეკლათ. სამწუხაროდ თვითონ ჩაქოლეს და მოკლეს. დღეს ჩვენ აღარაფერი დაგვრჩა, გარდა ერთმანეთის მიმართ სოლიდარობისა. გამოდით. მე როგორც ერთი მშობელი აქ ვდგავარ, რომ დავიცვა ჩემი შვილების ჯანმრთელობა თუ სიცოცხლე. მე სამწუხაროდ ვერ დავიცავი ჩემი ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას სიცოცხლე. ბოდიშს ვუხდი მის ოჯახს. მე ვთვლი ჩემს თავს დამნაშავედ, იმიტომ რომ ამ სახელმწიფოს იმედი მე არ მაქვს. ბოდიშს ვუხდი მის მეგობრებს, მის ნათესავებს, მის ახლობლებს - მე ვერ დავიცავი ჩემი თანამშომლის სიცოცხლე. მშობლებო, გამოდით და დამიდექით გვერდით, გამოდით და დაუდექით თქვენს შვილებს გვერდით" - თქვა ქართული ოცნების ოფისთან მედიამენეჯერების ერთობლივ ბრიფინგზე ტვ პირველის ხელმძღვანელმა ვატო წერეთელმა.
მმართველი პარტიის ოფისში ამ წუთებში უმრავლესობაა შეკრებილი, ოფისთან ოპოზიცია, აქტივისტები და მედიის წარმომადგენლები იმყოფებიან. ისინი მოითხოვენ ხელისუფლებასთან შეხვედრას და მთავრობის გადადგომას. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია, აკავებენ აქტივისტებს. დაკავებულთა რაოდენობა ამ დროისთვის დაზუსტებული არ არის.
ტვ პირველის ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა 5 ივლისს, სიძულვილის ჯგუფების თავდასხმის მსხვერპლი გახდა "სირცხვილიას" ოფისთან, სადაც სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა. ის 11 ივლისისდილას, საკუთარ სახლში დედამ ნახა გარდაცვლილი. ამ დროისთვის მისი სხეული ექსპერტიზის ბიუროშია გადასვენებული.
ამ დროისთვის, ლექსო ლაშქარავაზე თავდამსხმელი მხოლოდ ორი პირია დაკავებული. მათ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვთ შეფარდებული. მირანდა ბაღათურია, ჟურნალისტი, რომელიც თან ახლდა ლექსოს ძალადობრივი თავდასხმის დროს, ჰყვება, რომ მათი თავდამსხმელების რაოდენობა 20 მაინც იყო. თავდასხმის შემდეგ ლექსო ლაშქარავას დაზიანებული ჰქონდა სახის ძვლები და ჩაუტარდა ქირურგიული ოპერაცია.
გამოძიება 5 ივლისს მომხდარ ძალადობის ცალკეულ ფაქტებს იძიებს და ორგანიზებული დანაშაულის არსებობის შესაძლებლობაზე არ საუბრობს.
5 ივლისს 55 ადამიანი დაშავდა, მათგან 53 მედიის წარმომადგენელი იყო.