ჟურნალისტები უკვე სიმწრით ხუმრობენ, სახელმწიფო უწყების წარმომადგენელს კითხვა „როგორ ხარ“ რომ გაუგზავნო, ამაზეც კი საპასუხოდ ოფიციალურ წერილს მოითხოვენო. ეს იმიტომ, რომ განსაკუთრებით ბოლო ერთ წელში, ელემენტარულ კითხვებზე პასუხების მიღება საჯარო სამსახურებიდან მედიისათვის და არა მხოლოდ, გადაულახავ ბიუროკრატიულ ბარიერად იქცა.
მაშინ როცა კანონით ღია ინფორმაციის მოპოვება უჭირთ მათ, ვინც ზუსტად იცის, როგორ გამოითხოვოს ეს ინფორმაცია, რა კანონი მოიშველიოს, ვისაც ჰყავს ნაცნობები უწყებებში, ხოლო პრესსამსახურებთან მრავალწლოვანი ურთიერთობა აკავშირებთ, ადვილი წარმოსადგენია, რა დაბრკოლება შეიძლება შეხვდეს იმ მოქალაქეს, ვინც გადაწყვეტს რომელიმე საჯარო უწყებას მიმართოს და მისთვის საინტერესო კითხვაზე პასუხი მიიღოს.
ამის შანსი თითქმის არ არსებობს.
ასევე ნახეთ ყველაფერი პრესრელიზში (არ) წერია - მედიის უპასუხო კითხვები პანდემიისასამ წუთშიც, როცა ეს სტატია იწერება, რადიო თავისუფლების ჟურნალისტი, გელა ბოჩიკაშვილი უშედეგოდ მოელის გამოთხოვილ ინფორმაციას.
მან საქართველოს პროკურატურას 9 თებერვალს მიმართა და მოითხოვა შემდეგი:
1. ბოლო 4 წლის განმავლობაში აუდიტის სამსახურიდან რამდენი დასკვნა გაეგზავნათ რეაგირებისთვის, მათგან რამდენზე დაიწყო გამოძიება და რამდენზე მოხდა რეაგირება;
2. თუ ამ დასკვნების საფუძველზე ვინმეს მიმართ დაიწყო სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა, აუდიტის სამსახურის შესაბამისი დასკვნები და პასუხისგებაში მიცემული პირების შესახებ ინფორმაცია.
15 თებერვალს პროკურატურამ გელას უპასუხა, რომ დანაშაულის ჩადენის გამო პირის დევნაზე საჯარო ინფორმაციის გაცემის ვალდებულება არ ვრცელდებოდა - „მოკლებულნი არიან შესაძლებლობას დააკმაყოფილონ მოსარჩელის მოთხოვნა“, - ეწერა წერილში.
იგივე კითხვით იმავე დღეს გელა ბოჩიკაშვილმა აუდიტის სამსახურსაც მიმართა, საიდანაც მიაწოდეს პროკურატურაში გადაგზავნილი საქმეების ანგარიში წლების მიხედვით. პასუხში ასევე აღნიშნული იყო, რომ ის, თუ რა რეაგირება მოჰყვა ამ საქმეებს, უნდა მიეწერა პროკურატურისთვის.
„საქმე სასამართლოში წავიღეთ“, - ამბობს გელა.
თუმცა სასამართლოში ჩივილი, ყველამ იცის, რომ ნიშნავს დროის კარგვას მედიისთვის და პასუხის მიღებას მაშინ, როცა ესა თუ ის კონკრეტული საკითხი აქტუალობას კარგავს.
რადიო თავისუფლების მეორე ჟურნალისტი ნინო თარხნიშვილი, 14 ივნისის შემდეგ ელის პასუხებს ჯანდაცვის სამინისტროსა და ნსდს-სგან
კითხვების ჩამონათვალი ასეთია:
1. საქართველომ COVAX-პლატფორმაზე ჯერ კიდევ გასული წლის სექტემბერში გადარიცხა 700 ათასი ადამიანის ასაცრელი ვაქცინისათვის საჭირო თანხის ნაწილი, უფრო ზუსტად კი, პირველადი შენატანი, 4 მილიონი ამერიკული დოლარი. როგორც ნოემბერში გაკეთდა განმარტება, ჯამში, მილიონ 400 ათასი დოზა ვაქცინის შესაძენად (სწორედ ამდენი დოზა ვაქცინაა საჭირო 700 ათასი ადამიანის ასაცრელად), ქვეყანას COVAX-ისათვის 17 მილიონამდე ამერიკული დოლარი უნდა გადაეხადა. გადაიხადა თუ არა საქართველომ ეს თანხა სრულად? თუ არა, თანხის რა ნაწილი გადაიხადა?
2. 29 ივნისის მონაცემებით, კოვაქს-პლატფორმისგან მიღებული გვაქვს ჯამში 57 725 ადამიანის სრულად ასაცრელი ვაქცინა („ასტრაზენეკა, „ფაიზერი“). როგორც აპრილში გაკეთდა განმარტება, თითო დოზა „ასტრაზენეკაში“ გადავიხადეთ 5 დოლარი, „ფაიზერში“ 12 დოლარი. ანუ, რადიო თავისუფლების გამოთვლით კოვაქს-პლატფორმისგან მივიღეთ 997 000 დოლარის ღირებულების ვაქცინა. როდის ველოდებით კოვაქს-პლატფორმისგან დანარჩენი 16 მილიონი დოლარის ღირებულების ვაქცინას და რა ვაქცინები იქნება ეს ვაქცინები? მიმდინარეობს თუ არა ამ მიმართულებით მოლაპარაკებები? როგორია შეთანხმება, ერთი მილიონ 400 ათასი ადამიანის ასაცრელი დოზა ვაქცინა კოვაქს-პლატფორმამ რა პერიოდში უნდა მოგვაწოდოს? მაგალითად, მიმდინარე წლის ბოლომდე?
3. ჯამში რა თანხა გადაიხადა საქართველომ ჩინური ვაქცინების („სინოფარმი“ „სინოვაკი“) შესაძენად 29 ივნისის მონაცემებით? დაავადებათა კონტროლის ცენტრის განცხადებით, ერთ დოზა „სინოფარმში“ ქვეყანამ გადაიხადა 20 დოლარი. 100 000 დოზა „სინოფარმში“, რომელიც ქვეყანაში უკვე შემოსულია, გამოდის, რომ გადავიხადეთ 2 მილიონი ამერიკული დოლარი. რაც შეეხება ნახევარ მილიონ დოზა „სინოფარმს“, რომელსაც უახლოეს დღეებში ველოდებით, შესაბამისად, ის ქვეყანას დაუჯდებოდა 10 მილიონი დოლარი. რაც შეეხება „სინოვაკს“, სინოვაკის ღირებულებად დასახელებულია 30 დოლარი. რაც იმას ნიშნავს, რომ ნახევარ მილიონ „სინოვაკში“, რომელსაც უახლოეს პერიოდში მივიღეთ, გადავიხდიდით, 15 მილიონ დოლარს. გთხოვთ ეს გამოთვლა დაგვიდასტუროთ, ან მოგვაწოდოთ ჯანდაცვის უწყების ოფიციალური მონაცემები.
4. რატომ არჩია ქვეყანამ გაცილებით ძვირადღირებული და ამასთანავე, ნაკლებეფექტიანი ვაქცინების შეძენა? რით იხსნება ეს გადაწყვეტილება?
საჯარო ინფორმაციის გამოთხოვაზე ყოველდღიური ბრძოლა აქვს სხვა მედიებსაც. ვისაც დაინტერესების უფრო მეტი, ვიდრე ოფიციალური კომენტარებიდან გვესმის.
„ნეტგაზეთის" ახალი ამბების რედაქტორი თაზო კუპრეიშვილი, რადიო თავისუფლებასთან საუბარში სიტყვა-სიტყვით აღწევს იმ სცენარს, რასაც ჩვენი რადიოს ჟურნალისტები ყოველდღე გავდივართ.
გამოთხოვილი საჯარო ინფორმაცია მათთან მიდის:
- ან დაგვიანებით
- არ არასოდეს
- ან მხოლოდ შაბლონური, არასრულყოფილი პასუხები, რასაც ვერაფერში გამოიყენებენ.
უკვე რამდენი კვირაა, „ნეტგაზეთი“ ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტროებისგან მოითხოვს ნამახვანჰესთან დაკავშირებით კონკრეტულ დოკუმენტებს, რომლებიც ძალიან ბევრ რამეს მოჰფენდა ნათელს. წესით, ეს დოკუმენტები რთული მოსაწოდებელი არ უნდა იყოს, მაშინ რა ხდება?
„გამოდის, ან არ არსებობს ეს დოკუმენტები, რაც ცალსახად კანონის დარღვევაა და ჰესი მათ გარეშე უბრალოდ არ უნდა შენდებოდეს ან ამ დოკუმენტებს უბრალოდ არ გვაძლევენ. ამ ინფორმაციასაც ხომ არ სჭირდება რაიმე განსაკუთრებული დამუშავება და ათი დღის ვადა? დოკუმენტი სადღაც დევს, ის უბრალოდ უნდა აიღო და გაგზავნო“, - გვეუბნება თაზო კუპრეიშვილი.
უპასუხოდ დარჩა შსს-თვის გაგზავნილი წერილიც, თუ რა რაოდენობის საპოლიციო ძალები გამოიყვანა შსს-მ 5-6 ივლისს. მართალია, კანონით დადგენილი ვადა არ გასულა, მაგრამ ორ დღეში ამ საკითხზე საგანგებო ბრიფინგი გამართეს.
„გამოდის, ეს ინფორმაცია ჰქონდათ. მაშინ რა უშლიდათ ხელს, მოეწოდებინათ დროულად? ეს იყო მთავარი კითხვა იმ დღეებში, რადგან ყველა იმაზე ლაპარაკობდა, რომ პოლიცია არავის იცავდა“.
თუმცა თაზო კუპრეიშვილი მაინც აღნიშნავს, რომ შსს, შედარებით მაინც თანამშრომლობს მათთან, განსხვავებით იუსტიციის სამინისტროსგან, რომელიც მათთვის "აუღებელი ციხესიმაგრეა".
„შთაბეჭდილება მრჩება, წინ, მაგიდაზეც რომ ედოთ საჯარო ინფორმაცია, რომელიც უბრალოდ უნდა აიღო და გაგზავნო, ელოდებიან ცხრა დღეს, რომ მეათე დღეს გამოგიგზავნონ. ვერ ვხვდები რა არის ამის მიზეზი - არაკომპეტენტურობა? უპასუხისმგებლობა? კანონში 10 დღე მაქსიმალურ ვადად მხოლოდ იმიტომ წერია, თუ ინფორმაცია დასამუშავებელია და მოსაძებნი. აქ კი ელემენტარულ პასუხებზე ვლაპარაკობ“, - თაზო კუპრეიშვილს არ სჯერა, რომ ამას პრესსამსახურის რიგითი თანამშრომლები წყვეტდნენ - რა როდის გაგზავნონ და რა არა.
მისი აზრით, საჯარო ინფორმაციის დაბლოკვის მიზეზი შესაძლოა იყოს ორი რამ:
- ღიაობის პოლიტიკური ნების არარსებობა;
- ან უბრალოდ კრიტიკულ მედიაზე შურისძიება.
საბოლოოდ, შედეგი ისევ მედიის მუშაობას ართულებს, მხოლოდ საზოგადოებას ართმევს უფლებას იცოდეს ის, რაც საჯაროა და დამალული არ უნდა იყოს.
ონლაინ გამოცემა On.ge-ს დღესაც სასამართლოში აქვს რამდენიმე სარჩელი, თუმცა ეს საქმეებიც თვეობით იწელება, გვეუბნება გამოცემის მთავარი რედაქტორი ხატია ღოღობერიძე. On.ge-სთვის განათლების სამინისტრო იქცა ისეთ სახელმწიფო სტრუქტურად, საიდანაც ოფიციალური წერილის გარეშე ფაქტობრივად საჯარო ინფორმაციას ვერ იღებენ.
აი, მაგალითად, ეს საჯარო ინფორმაცია სულ ცოტა ხნის წინ იყო, პანდემიის პერიოდში რამდენ მოსწავლეს არ ჰქონდათ ინტერნეტი - პასუხი მათ დღემდე არ მიუღიათ. სხვათა შორის, არც რადიო თავისუფლებას, რადგან იგივე საკითხი ჩვენც გვაინტერესებდა:
„მაშინ ვიფიქრე, რომ უბრალოდ არ იცოდნენ, არ ჰქონდათ დათვლილი“, - ამბობს ხატია.
მისი სიტყვებით მხოლოდ რამდენიმე უწყებაა, რომელთანაც თანამშრომლობა მეტ-ნაკლებად გამოსდის მედიას. მათ შორის, მაგალითად საქსტატი. სახელმწიფო უწყებების აბსოლუტური უმრავლესობა იძლევა პასუხებს გვიან, არასრულად ან არასოდეს.
„ათდღიანი ვადის არსებობა სულ არ ნიშნავს იმას, რომ ეს ვადა ყველა შემთხვევაში უნდა გამოიყენონ. ეს ხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაუყოვნებლივ ვერ გვაძლევენ ამ ინფორმაციას. მაგრამ კანონის ეს წესი აღარ მუშაობს. ვერც კი ვიხსენებ ბოლოს როდის მივიღეთ რომელიმე უწყებისგან ის ინფორმაცია, რომელიც გამოვითხოვეთ“, - ამბობს ხატია ღოღობერიძე.
On.ge-ს შემთხვევაშიც ყველა კითხვა ის კითხვაა, რომელიც ხალხს აინტერესებს. თუნდაც დაგროვილი კითხვები მერიასთან, ვარკეთილის მეტროს ჭერის ჩამონგრევის საკითხზე. ამ საქმეზე დავა დღესაც უზენაეს სასამართლოში მიდის.
როგორც ირკვევა, საჯარო ინფორმაციის მიღების პრობლემა აქვთ ტელევიზიის იმ ჟურნალისტებსაც, რომლებიც უფრო საკვირაო პროგრამებზე მუშაობენ და თემას იკვლევენ. მაგალითად, ბელა ზაქაიძე საზოგადოებრივი მაუწყებლიდან, რომელსაც ძირითადად ძალოვან სტრუქტურებისგან აინტერესებს ხოლმე პასუხები, გვეუბნება, რომ პასუხს მხოლოდ მას მერე იღებს, როცა გადაცემა ეთერში გასულია. ან საერთოდ აიგნორებენ მის წერილებს.
„ამასწინათ საჯარო სამსახურის ბიურომ მიპასუხა სამ დღეში, მაგრამ ეს პასუხი ვერაფერში გამოვიყენე, შიგნით არაფერი ღირებული არ ეწერა“.
საჯარო უწყებებს ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის კუთხით მონიტორინგს უწევს ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი - IDFI, რომელიც 2009 წლიდან, საჯარო უწყებებში, ყოველ წელს 6000-ზე მეტ მოთხოვნას აგზავნის საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის მიზნით.
ასევე ნახეთ IDFI მთავრობის ადმინისტრაციას და იუსტიციის სამინისტროს ყველაზე დახურულ უწყებებად ასახელებსსაჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობაზე შემაჯამებელი ბოლო ანგარიში ორგანიზაციამ 1 ივნისს გამოაქვეყნა და როგორც IDFI-ს პროგრამების დირექტორი ლევან ავალიშვილი გვეუბნება, 2020 წელი ამ მხრივ, ერთ-ერთი ყველაზე პრობლემური აღმოჩნდა 2014 წლის შემდეგ.
თუ პანდემიის დასაწყისში ამას ჰქონდა ობიექტური მიზეზი - საჯარო სამსახურების ონლაინ სამუშაო სისტემაზე გადასვლა, ახლა ამ მიზეზის მოშველიება ლევანს არარეალურად მიაჩნია.
ფაქტია, რომ IDFI-საც გაუჭირდა ისეთი მნიშვნელოვანი საჯარო ინფორმაციის მიღება, როგორიც არის, მაგალითად პანდემიის მართვის დეტალები და ანტიკრიზისული გეგმის განხორციელების შესახებ ინფორმაცია.
“ჩვენ ვითხოვდით დეტალური ინფორმაციას, მოგვდიოდა მხოლოდ ჯამური ინფორმაცია“.
ლევან ავალიშვილის თქმით, 2020 წლის დეკემბრიდან დღემდე ვერაფრით მიიღეს მთავრობის კონკრეტული განკარგულებები მთავრობის ადმინისტრაციისგან. ახლა ეს საქმე სასამართლოშია, მაგრამ დღემდე მოსამზადებელი სხდომაც კი არ დანიშნულა.
„ამ საქმეს კი მოვიგებთ, მაგრამ დროში გაწელილი იქნება და ცხადია, არც ის ეფექტი ექნება, რაც უნდა ჰქონოდა, რადგან ჩვენ ხშირად ვამბობთ - საჯარო ინფორმაციას ფასი აქვს დროში და სწორედ ეს არის მთავარი გამოწვევა, რაც ჩვენს კანონმდებლობას აქვს“, - ამბობს ლევან ავალიშვილი.
და ბოლოს, კანონმდებლობა, რომელიც, როგორც ლევანიც შენიშნავს, არ არის ცუდი, მაგრამ მას აქვს პრობლემა აღსრულების ნაწილში.
ჯერ კიდევ 2013 წლის დასაწყისში, არასამთავრობო სექტორის ჩართულობით, საქართველოს მთავრობამ ღია მმართველობის პარტნიორობის ფარგლებში თავის თავზე ვალდებულება, რომ საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მხრივ რეფორმას განახორციელებდა.
2014 წელს ერთობლივად იუსტიციის სამინისტროსთან მომზადდა კანონპროექტიც, რომელმაც საერთაშორისო ექსპერტებისგან მიიღო შეფასება, რომ მისი მიღების შემთხვევაში, სერბეთის შემდეგ, საქართველოს კანონმდებლობა იქნებოდა მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო. მაგრამ 2014 წელს ეს კანონპროექტი თაროზე შემოდეს.
რას შეცვლიდა ინფორმაციის თავისუფლების აქტი?
ლევან ავალიშვილი განმარტავს, რომ ამ კანონპროექტის თანახმად, უნდა შექმნილიყო სპეციალური ინსტიტუტი, რომელიც დააჯარიმებდა უწყებებს საჯარო ინფორმაციის გაუცემლობისთვის, დაგვიანებით გაცემისა და ინფორმაციის დამალვისთვის - სახელმწიფო ზედამხედველობის ეს ინსტიტუტი უნდა ყოფილიყო ის ახალი მოთამაშე, რომელიც გააუმჯობესებდა საჯაროობის ხარისხს საქართველოში.
მაგრამ ჯერ კიდევ მაშინ, იუსტიციის მინისტრის პოსტზე მყოფი თეა წულუკიანი ამბობდა, რომ ამ კანონპროექტს საჯარო უწყებებისგან, და განსაკუთრებით, ძალოვანი სტრუქტურებისგან დიდი წინააღმდეგობა შეხვდა.
საბოლოოდ, იუსტიციამ ეს კანონპროექტი გაგზავნა მთავრობის ადმინისტრაციაში, თუმცა მას მერე არც მათ გადაუდგამთ რაიმე ნაბიჯი - პარლამენტში მათ ეს კანონპროექტი არ წარუდგენიათ.
ერთი თვის არასამთავრობო ორგანიზაციებმა კიდევ ერთხელ მიმართეს საქართველოს მთავრობას, რომ ღია მმართველობის ახალ სამოქმედო გეგმაში, რომელიც მთავრობამ უნდა დაამტკიცოს, შევიდეს ეს საკითხიც და ინფორმაციის თავისუფლების აქტი ბოლოს და ბოლოს წარუდგინონ საქართველოს პარლამენტს.
მთავრობისგან, როგორც ლევან ავალიშვილმა უთხრა რადიო თავისუფლებას, პასუხი ჯერ არ მიუღიათ.