საელჩოები განცხადებას ავრცელებენ და ხელისუფლებას მოუწოდებენ, დაგმონ ძალადობა

ავსტრიის, ბულგარეთის, ესტონეთის, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის, ფინეთის, საფრანგეთის, გერმანიის, საბერძნეთის, ირლანდიის, ისრაელის, იტალიის, ლატვიის, ლიეტუვას, ნიდერლანდის, ნორვეგიის, ესპანეთის, შვედეთის, გაერთიანებული სამეფოს, გაეროს სისტემის საქართველოში, შეერთებული შტატების საელჩოები და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ თბილისში განხორციელებულ ძალადობასთან დაკავშირებით. დიპლომატიური კორპუსი გმობს ძალადობრივ თავდასხმებს სამოქალაქო აქტივისტებზე, საზოგადოების წევრებსა და ჟურნალისტებზე და ასევე ხელისუფლების ლიდერებისა და სასულიერო პირების მხრიდან ამ ძალადობის არდაგმობას.

"მშვიდობიან შეკრებაში მონაწილეობის უფლება გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციით. ძალადობა, უბრალოდ, მიუღებელია და მას გამართლება არ აქვს. ის, ვინც აქეზებს ან იმუქრება ძალადობის ჩადენით, ან სჩადის ძალადობრივ ქმედებას ხელს უშლის საქართველოს სამართალდამცველებს მშვიდი და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფაში. ისინი სასამართლოს წინაშე უნდა წარსდგენ კანონის სრული უზენაესობის დაცვით.

ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს ყველა ლიდერს და სამართალდამცავ უწყებებს იმოქმედონ დაუყოვნებლივ და დაიცვან ის ადამიანები, რომლებიც სარგებლობენ შეკრებისა და გამოხატვის კონსტიტუციური უფლებებით, დაიცვან ჟურნალისტები, რომლებიც მოქმედებენ თავისუფალი პრესის პრინციპების მიხედვით, და საჯაროდ დაგმონ ძალადობა" - ნათქვამია განცხადებაში.

ასევე ნახეთ ირაკლი ღარიბაშვილი: დღეს დაანონსებული მარშის ჩატარება მიმაჩნია მიზანშეუწონლად
ასევე ნახეთ ირაკლი კობახიძის თქმით, "ვითარების მართვა რთულია ობიექტური გარემოებების გამო"

"თბილისი პრაიდის" მიერ დღეს, 5 ივლისს დაგეგმილი "ღირსების მარში" მოძალადე ჯგუფების მასშტაბური აგრესიის გამო გაუქმდა. დილას მთავრობის სხდომის დაწყებამდე, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ "ღირსების მარშის" რუსთაველის გამზირზე ჩატარებას მიზანშეწონილად არ მიიჩნევს.

5 ივლისს დილიდან სასულიერო პირები საპატრიარქოს ორგანიზებით და მოძალადე ჯგუფები თბილისის სხვადასხვა ნაწილში თავს ესხმიან მედიას - დაშავებულთა შორის არიან რადიო თავისუფლების ჟურნალისტებიც.

ასევე ნახეთ დაშავებულია ოცდაათამდე ჟურნალისტი