რატომ ჩნდება ქუთაისის ქუჩებში „ქურდული წარწერები“

ქუთაისი

ბოლო ხანს, ქუთაისის ზოგიერთ ქუჩაზე, სახლების კედლებზე, ღობეებსა თუ ავტოფარეხებზე გაჩნდა წარწერები ე.წ. ქურდული სამყაროსთვის დამახასიათებელი ფრაზებით და ჟარგონებით. მაგალითად, რუსული აბრევიატურა жвсс (Жизнь Ворам Сукам Смерть), ან ქართული წარწერა: „ქურდულს ვერ მოსპობთ“. იმის გამო, რომ ქუჩებში წარწერებს ძირითადად, მოზარდები და ახალგაზრდები აკეთებენ, სავარაუდოა, რომ ამ წარწერების ავტორებიც ისინი არიან.

ქუთაისი

სამოქალაქო აქტივისტი ქრისტინე მაღლაკელიძე, რომელსაც ახალგაზრდებთან მუშაობის და არაფორმალური განათლების გაზიარების მრავალწლიანი გამოცდილება აქვს, მიიჩნევს, რომ ე.წ. „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერის ცალკეული გამოვლინებაც კი, საზოგადოებისთვის შემაშფოთებელი უნდა იყოს. აქტივისტის შეფასებით, ამ წარწერების ავტორები თავის დამკვიდრებას ცდილობენ: „თუმცა, სამწუხაროდ, ამას უკიდურესად არაჯანსაღი ღირებულებების ირგვლივ აკეთებენ. ამიტომ, ვისაც რა რესურსი გვაქვს, რომ ამას დავუპირისპირდეთ, ეს რესურსი უნდა გამოვიყენოთ“.

ქრისტინე მაღლაკელიძე აუცილებლად მიიჩნევს სახელმწიფო და სამოქალაქო სექტორის და განსაკუთრებით, განათლების სისტემის აქტიურობას: „როცა ძალადობრივი, კონსერვატიული და ცოტა მოფაშისტო განწყობებიც ჯერ კიდევ მკაფიოა, ეს გავლენას ახდენს ახალ თაობაზეც. უბრალოდ ის, რომ ახალ დროში დაიბადო, არ არის საკმარისი იმისთვის, რომ იყო იმ ღირებულებების მატარებელი, რომელიც ასეთი ბუნებრივია განვითარებული სამყაროსთვის. ჯერ კიდევ ძალიან დიდია გავლენა ზრდასრული ადამიანებისა, რომლებიც ზრდიან ბავშვებს“.

ქუთაისი

ე.წ. „ქურდული სამყაროს“ დადებითად წარმოჩენის მცდელობას მრავალმხრივ პრობლემას უწოდებს არასამთავრობო ორგანიზაციის, „თაობათა დიალოგის“ წარმომადგენელი ნუგზარ კოხრეიძე. მისი თქმით, რთულია იმის ზუსტად განსაზღვრა, თუ რა უნდა მოიმოქმედოს საზოგადოებამ. ნუგზარ კოხრეიძის მოსაზრებით, „ქურდული სამყაროს“ ერთგვარი რომანტიზება ნაწილობრივ უკავშირდება ახალგაზრდების უმუშევრობას და უბნებში ე.წ. ბირჟების არსებობას: „დიდი გამოწვევაა. გამოსავალს ვხედავ მრავალფეროვნებაში, განათლების სისტემის ალტერნატიულობაში, ახალგაზრდების სხვადასხვა მიმართულებით ჩართვაში, რადგან მათ დღეს არა აქვთ ალტერნატივა და რჩებიან იმ შემოთავაზების ამარა, რომელიც არსებობს. მით უმეტეს, რომ სამწუხაროდ, ეს სფერო არის რომანტიზებული ბევრ ფილმში, ბევრ ისტორიასა, თუ მოგონებაში“.

სახელმწიფო სტრუქტურებს, მათ შორის სამართალდამცავებს აკისრებს პასუხისმგებლობას არასამთავრობო ორგანიზაციის, „რეგიონული გაძლიერება დემოკრატიისთვის“ ხელმძღვანელი აკაკი საღინაძე. მისი დაკვირვებით, ბოლო ხანს „ქურდული სამყარო“ მნიშვნელოვნად გააქტიურდა, რადგან სახელმწიფო სტრუქტურები საკუთარ მოვალეობას სათანადოდ ვერ ასრულებენ: „როდესაც სამართალდამცავი ორგანოები ვერ იცავენ სამართალს, სასამართლო ვერ აღასრულებს სამართლიანობას და გვაქვს კვალიფიკაციის პრობლემა და ამას გრძნობს მოსახლეობა, ეს იწვევს ისეთი კვაზი ერთეულების გაძლიერებას, როგორიცაა „ქურდული მენტალიტეტი“, „ქურდული ჯგუფები“, რომლებიც საკუთარ თავზე იღებენ სამართლის აღსრულებას“. აკაკი საღინაძე გამოსავალს დანაშაულთან ეფექტურ ბრძოლასა და მართლმსაჯულების მიმართ ნდობის ამაღლებაში ხედავს.

ქუთაისი

საქართველოში ე.წ. „ქურდული სამყაროს წევრობა“, „კანონიერი ქურდობა“, „ქურდულ შეკრებაში მონაწილეობა“, „ქურდული სამყაროს მხარდაჭერა“, ან „ქურდული სამყაროსადმი მიმართვა“ სისხლის სამართლის დანაშაულია და სხვადასხვა ვადით, 3-დან 15 წლამდე პატიმრობით ისჯება.