ცოტა ხნის წინ ჩეჩნეთის პრომოსკოვური ხელისუფლების მეთაური ინსტაგრამის არხით პირდაპირ ეთერში საუბრის დროს კვლავ შეეხო ჩეჩნეთიდან საქართველოსკენ მიმავლი გზის მშენებლობის საკითხს, მაგრამ, როგორც რამზან კადიროვის სიტყვებიდან ჩანს, მას საკუთარი ძალებით ამ პროექტის განხორციელების იმედი აღარ უნდა ჰქონდეს.
„ჩვენ ამ საკითხს ვაყენებთ, განვიხილავთ. თუ იქნება უზენაესის ნება, აუცილებლად ავაშენებთ“, - განაცხადა რამზან კადიროვმა, რომელიც მანამდე უფრო დამაჯერებლად ლაპარაკობდა მეზობელ საქართველოსთან დამაკავშირებელი გზის მშენებლობის აუცილებლობაზე. მით უფრო, რომ, რუსეთის ერთ-ერთი რეგიონის ხელმძღვანელის გარდა, 2019 წელს თავის ყოველწლიურ დიდ პრესკონფერენციაზე ჩეჩნეთის რესპუბლიკიდან საქართველოსკენ მიმავალი გზის მშენებლობის მიზანშეწონილობაზე ყურადღება გაამახვილა რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმაც.
საუბარია ჩეჩნეთის ხელისუფლების მიერ 1998 წელს აგებულ გზაზე, რომელიც ჩეჩნეთის რაიონულ ცენტრ სოფელ იტუმ-კალედან იწყება და არღუნის ხეობის გავლით ჩეჩნეთს მის მეზობელ საქართველოსთან უმოკლეს დროში აკავშირებს.
ჩეჩნეთთან ეკონომიკური, კულტურული და ჰუმანიტარული კავშირების გაღრმავებით დაინტერესებულია საქართველოს ხელისუფლებაც, მაგრამ თბილისში ამბობენ, რომ, რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციისა და ჩრდილოეთიდან მომდინარე სხვა საფრთხეების გათვალისწინებით, ასეთი პროექტის რეალიზება არ განიხილება.
სკანდალით დაწყებული საგზაო მშენებლობა
1998 წელს, როდესაც რამზან კადიროვი ჯერ კიდევ სხვა ჩეჩენ სეპარატისტებთან ერთად რუსეთის ფედერალურ ჯარებს ებრძოდა, ჩეჩნეთის მაშინდელმა ხელისუფლებამ ჯერ საქართველოს საზღვრებამდე მოიყვანა კარგი სამანქანო გზა, შემდეგ კი ავტოსაგზაო ტექნიკამ მდინარე არღუნი გადმოლახა და საქართველოს ტერიტორიაზეც დაიწყო საგზაო სამუშაოები.
ამ სკანდალის შემდეგ, თბილისმა კატეგორიულად მოსთხოვა გროზნოს, რომ გაეყვანა ტექნიკა და გასცლოდა საქართველოს ტერიტორიას. ხსენებული ინციდენტიდან მალევე საქართველო-რუსეთის საზღვრის ჩეჩნეთის მონაკვეთზე საქართველოს სასაზღვრო დეპარტამენის მუდმივი საგუშაგო პოსტი გაიხსნა, ქედს იქით კი რუსეთის ფედერალური სასაზღვრო უწყების მძლავრმა ბაზამ დაიდო ბინა.
თავის დროზე არღუნის ხეობაში არსებული გზა მსუბუქი ავტომობილით აქვს გავლილი რადიო თავისუფლების ჩრდილოკავკასიური სამსახურის თანამშრომელს, მაირბეკ ვაჩიგაევს, რომელიც ამბობს, რომ არღუნის ხეობის ეს გზა მაშინ იდეალურ მდგომარეობაში იყო.
„1999 წელს, ზუსტად ორი თვით ადრე, ვიდრე ჩეჩნეთში საომარი მოქმედებები დაიწყებოდა, მე ცოი-პედში ვიყავი. ეს ძეგლი საქართველოს საზღვრიდან 2 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს, საზღვრამდე მიმავალი გზა კი იმდენად იდეალურ მდგომარეობაში იყო, რომ მე იქ 06-ის ტიპის „ჟიგულით“ ჩავედი. ანუ ამ პატარა მანქანით ყოველგვარი დაძაბულობის გარეშე მშვიდად მივედით საქართველოს საზღვრის ყველაზე უშორეს წერტილამდე. ჩვენ წინ ვხედავდით ქართველ მესაზღვრეებს, ხელს ვუქნევდით მათ და გამოველაპარაკეთ კიდეც“, - იხსენებს მაირბეკ ვაჩიგაევი.
მაგრამ როდესაც რუსეთის ფედერალურმა ძალებმა 1999 წელს მასშტაბური სამხედრო ოპერაცია წამოიწყეს დამოუკიდებლობისათვის მებრძოლი ჩეჩნეთის პარტიზანული ძალების წინააღმდეგ, იტუმ-კალედან საქართველოს საზღვრამდე გადაჭიმული მოასფალტებული გზა დაეხმარა ჩეჩნებს, რომ გაერღვიათ რუსეთის ბლოკადა და საქართველოს გავლით ჰქონოდათ გარესამყაროსთან დამაკავშირებელი დერეფანი.
შესაბამისად, ის ზიანი, რომელიც იტუმ-კალედან საქართველოს საზღვრებამდე მიმავალ გზას მიადგა სწორედ რუსეთის ფედერალური ჯარების მიერ ე. წ. ანტიტერორისტული ოპერაციის მეორე ფაზის დროს, მძიმე ტექნიკისა დ ავიაციის მოქმედების შედეგია.
„2000 წლების საომარი მოქმედებების შედეგად ეს გზა დაზიანდა, რადგან მას რუსეთის ჯავშანტექნიკა იყენებდა. მეტიც, ცნობილია შემთხვევები, როდესაც [რუსეთის ავიაცია] ამ გზას ბომბავდა იმ დროს, როდესაც დევნილი ჩეჩნები შატილის საგუშაგოს გავლით საქართველოში გადადიოდნენ. ასე რომ, გზა გარკვეულწილად, ალბათ, დაზიანებულია, მაგრამ უკვე აშენებული გზის აღდგენა არავითარ სირთულეს არ უნდა წარმოადგენდეს ჩეჩნეთის ხელისუფლებისთვის“, - ამბობს მაირბეკ ვაჩიგაევი.
და არამხოლოდ სააკაშვილი...
გზის აღდგენა ჩეჩნეთის ხელისუფლებისთვის, რომელიც რუსეთის ფედერალური ბიუჯეტიდან უხვად ფინანსდება, მართლაც არ უნდა წარმოადგენდეს დიდ პრობლემას. გარდა ამისა, გარესამყაროსთან, ანუ საქართველოს გავლით თურქეთსა და შემდეგ ევროპასთან, დაკავშირება - ეს ჩეჩნეთის დღევანდელი პრომოსკოვური ხელისუფლების წინაშე მდგარი მთავარი ამოცანაა.
რამზან კადიროვმა ჩეჩნეთიდან საქართველოსკენ მიმავალი გზის აღდგენის სურვილი პირველად ხმამაღლა 2014 წელს გამოთქვა. მისი განცხადება მაშინ მოულოდნელიც იყო და უაპელაციოც.
„ვგეგმავთ საქართველოში ავაშენოთ როგორც საავტომობილო გზა, ისე რკინიგზა. ამჟამად ამ საკითხზე მთავრობა მუშაობს“, - განაცხადა 7 წლის წინ ყველასთვის მოულოდნელად რამზან კადიროვმა.
შემდეგ იგივე განმეორდა 2019 წელს, როდესაც საქართველოსთან დამაკავშირებელი გზის მშენებლობა-აღდგენას რამზან კადიროვმა „დროის საქმე“ უწოდა.
ასევე ნახეთ კადიროვი: იმედია, საქართველოში მიხვდებიან, რომ საუკეთესო მეზობელი რუსეთია
„მშენებლობა რუსეთის, საქართველოსა და რეგიონის ბევრი ქვეყნის ინტერესებშია. იტუმ-კალედან საზღვრამდე 40 წუთის გზაა. იმედია, საქართველოში დროთა განმავლობაში მიხვდებიან, რომ საუკეთესო მეზობელი რუსეთია და ის პირველი გამოგიწვდის დახმარების ხელს“, - განაცხადა რამზან კადიროვმა, რომელიც იმხანად დარწმუნებული იყო, რომ ამ პროექტის რეალიზებას თავის დროზე ხელს მხოლოდ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, უშლიდა.
და არამხოლოდ მიხეილ სააკაშვილი. რუსეთის საზღვრის ჩეჩნეთის მონაკვეთამდე საავტომობილო გზის აღდგენა არ შედის არც საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლების ინტერესებში, ხელისუფლებისა, რომელიც მხარს უჭერს კავკასიელ ხალხებთან სამეზობლო პოლიტიკას და ქვეყნის სატრანზიტო ფუნქციის გაძლიერებას, მაგრამ არა იმ პირობებში, როდესაც საქართველოს ორი რეგიონი რუსეთის მიერ ოკუპურებული რჩება.
„ეს არ არის მხოლოდ ერთი ჩვეულებრივი საავტომობილო გზის მშენებლობის საკითხი. გამომდინარე დღევანდელი ფაქტობრივი მდგომარეობიდან, რომ რუსეთს ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიები და ეს პროცესი განგრძობითია და მუდმივად იწვევს საქართველოსთვის სხვადასხვა მძიმე შედეგს, - ეს საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას და მათ შორის შესაძლო რისკების განსაზღვრასაც, გარდა იმისა, რომ, ზოგადად, გზა - ეს არის ეკონომიკური, კულტურული, ადამიანური კავშირების აუცილებელი პირობა“, - უთხრა რადიო თავისუფლებას ირაკლი ქადაგიშვილმა, თელავი-ახმეტა-ყვარელი-ლაგოდეხის მაჟორიტარმა დეპუტატმა მმართველი „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოდან“.
ირაკლი ქადაგიშვილი, რომელიც დეპუტატად არჩევამდე 4 წლის განმავლობაში კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის თანამდებობას იკავებდა, რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ მისი რწმუნებულად მუშაობის დროს და მანამდეც საქართველოს ხელისუფლებას არასოდეს განუხილავს ჩეჩნეთისკენ მიმავალი საავტომობილო გზის მშენებლობის საკითხი.
ტურისტების მიზიდვა საქართველოს გავლით
და მაშინ რა აზრი აქვს ჩეჩნეთის ლიდერის მხრიდან საქართველოსთან დამაკავშირებელი გზის მშენებლობაზე საუბარს? ან როგორ უნდა აშენდეს „უზენაესის ნებით“, როგორც ეს კადიროვმა ინსტაგრამით გავრცელებულ ბოლო განაცხადში აღნიშნა, კონკრეტული გზა სხვა სახელმწიფოს ტერიტორიაზე და ამ სახელმწიფოს ნებართვის გარეშე? ეს რიტორიკული შეკითხვებიაო, ამბობს მაირბეკ ვაჩიგაევი, რომლის თქმით, კადიროვი შემდგომშიც არ შეწყვეტს ლაპარაკს საქართველოსთან დამაკავშირებელი გზის მშენებლობაზე, რადგან ჩეჩნეთის ლიდერი აცნობიერებს, რომ სწორედ საქართველოს გავლით შეიძლება ტურიზმის აყვავება და დამატებითი ეკონომიკური დივიდენდების მიღება.
„მისთვის (რამზან კადიროვისთვის), ჩემი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არა მხოლოდ რუსეთიდან, არამედ დანარჩენი საქართველოდანაც ჩადიოდნენ ტურისტები. რადგან საქრთველოში ბოლო წლებში ჩავიდა ტურისტების წარმოუდგენელი ნაკადი. საქართველო შეიცვალა ტურისტების მოზღვავების შედეგად. საქართველო იღებს წარმოუდგენლად მრავალრიცხოვან ადამიანს. და, აი, ამ ფონზე, იმ მცირე რაოდენობის ტურისტებისგან, რომლებიც ჩადიან ჩრდილოეთ კავკასიაში და რომლებმაც არც კი იციან ჩრდილოეთ კავკასია, ადგილობრივი ეკონომიკა თითქმის არაფერს ღებულობს. ტურისტების 90 %-ს ჩრდილოეთ კავკასიაში აინტერესებს ძირითადად მხოლოდ იალბუზის ნახვა, მათ უფრო იზიდავთ სათხილამურო კურორტებზე დასვენება, ვიდრე ცოი-პედის ისტორიული კომპლექსის მონახულება. რამზან კადიროვისათვის კი დღეს ძალიან მნიშვნელოვანია ტურისტების მოზიდვა ჩეჩნეთში, მთელი ძალისხმევა მიმართულია სწორედ ტურიზმისკენ. ამიტომ საქართველოსა და თბილისთან დამაკავშირებელი კარგი გზა რამზან კადიროვისთვის ყველაზე იდეალური ვარიანტია ტურისტების მოზიდვის თვალსაზრისით“, - ამბობს მაირბეკ ვაჩიგაევი.
ჩემი კოლეგის მიერ ნახსენები ცოი-პედი, ანუ იგივე „მკვდარი ქალაქი“ - ეს ჩრდილოეთ კავკასიის მნიშვნელოვანი ისტორულ-არქეოლოგიური ძეგლი - შატილის ციხესიმაგრიდან ხელის გაწვდენაზე მდებარეობს. და ისევე როგორც შატილი ქართველებისათვის, ცოი-პედიც ჩეჩნებისათვის ერთ-ერთი გამორჩეული კულტურული ძეგლი და უმთავრესი ტურისტული მისამართია. მაგრამ თუ შატილს წლის განმავლობაში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩასული უამრავი უცხოელი ტურისტი ნახულობს, ცოი-პედი და სხვა ისტორული ძეგლები ჯერ კიდევ შიდა ტურიზმის იმედად არიან დარჩენილი.