Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კადიროვი: იმედია, საქართველოში მიხვდებიან, რომ საუკეთესო მეზობელი რუსეთია


რამზან კადიროვი
რამზან კადიროვი

ჩეჩნეთის რესპუბლიკის მეთაური რამზან კადიროვი მნიშვნელოვნად მიიჩნევს არღუნის ხეობიდან საქართველოსკენ გზის მშენებლობას.

გროზნოს ტელევიზიის ინფორმაციით, ამ საკითხზე კადიროვმა კომენტარი გამოაქვეყნა საკუთარ ტელეგრამ-არხზე: „ეს დროის საქმეა. მშენებლობა რუსეთის, საქართველოს და რეგიონის ბევრი ქვეყნის ინტერესებშია. იტუმ-კალედან საზღვრამდე 40 წუთის გზაა. იმედია, საქართველოში დროთა განმავლობაში მიხვდებიან, რომ საუკეთესო მეზობელი რუსეთია და ის პირველი გაგიწვდის დახმარების ხელს“.

ამ კომენტარის გამოქვეყნებამდე, 13 ნოემბერს, რამზან კადიროვმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ ჩეჩნეთის გავლით რუსეთიდან საქართველოსკენ საავტომობილო გზის მშენებლობას კავკასიისთვის დიდი პოლიტიკური მნიშვნელობა აქვს.

კადიროვის თქმით, ჩეჩნეთის სოფელ იტუმ-კალედან 40-50 წუთი სჭირდება მგზავრობას საქართველომდე, საიდანაც თურქეთის გავლით ევროპამდე ჩახვალ. „ამიტომ, ვფიქრობ, უახლოეს მომავალში ჩვენ ეს გზა უნდა გავხსნათ და ურთიერთობები ავაწყოთ მეზობლებთან, კერძოდ, საქართველოსთან“, - განაცხადა კადიროვმა. ჩეჩნეთის მეთაურს იმედი აქვს, რომ საქართველოს ხელისუფლებაში გამოჩნდებიან ადამიანები, რომლებმაც იციან, „როგორ ვცხოვრობდით და როგორ ცხოვრობდნენ ჩვენი წინაპრები“.

კადიროვის თქმით, გზის მშენებლობის საკითხს აყენებს, რათა ცენტრალურ ხელისუფლებამდე მიიტანოს პერსპექტივაში მისი გადაწყვეტის აუცილებლობა. ჩეჩნეთის რესპუბლიკის მეთაურმა საქართველომდე გზის მშენებლობის საკითხი 2018 წელსაც დააყენა.

სააგენტო რია-ნოვოსტი წერს, რომ გასული საუკუნის 90-იან წლებში იჩქერიის ხელისუფლებამ დაიწყო იტუმ-კალე-შატილის გზის მშენებლობა და საქართველოს საზღვრამდეც მიიყვანა, თუმცა, ჩეჩნეთში კონტრტერორისტული ოპერაციის დროს, ეს გზა დაბომბვების შედეგად დაინგრა.

XS
SM
MD
LG