"ქართველი ვიცი მართლმადიდებელი" - არის თუ არა თეა დარჩიას ნათქვამი ისლამოფობიური - ინტერვიუ

რამდენიმე დღის წინ მოცეკვავე თეა დარჩიამ "იმედის" ეთერში ნინოწმინდის ბავშთა პანსიონზე საუბრის დროს ისლამოფობიის წამახალისებელი განცხადება გააკეთა - ასე შეაფასა "სოლიდარობის თემმა" მოცეკვავის ნათქვამი, რომელიც მუსლიმურ სააღმზრდელო დაწესებულებებს შეეხებოდა.

ვიდეომიმართვის გავრცელების შემდეგ რადიო თავისუფლება მოცეკვავე თეა დარჩიას დაუკავშირდა და დაინტერესდა, იზიარებდა თუ არა "სოლიდარობის თემის" შეფასებას. დარჩია ამბობს, რომ "ყველას რწმენას პატივს სცემს", "არანაირი ფობიები არ აწუხებს" და "კარგ მთქმელს კარგი გამგონე უნდა".

რ.თ.: თქვენ ინტერვიში ასეთ რამეს ამბობდით - "ქართველი გოგოები ყურანს რომ სწავლობენ და კითხულობენ, აღარაფერი ქართული მათში აღარ არის" - ქართველობასა და მართლმადიდებლობაზე საუბრობთ [რისი თქმა გსურდათ] ...

თეა დარჩია: ჩემი აზრით, ქართველი მაშინ არის ქართველი, როცა არის მართლმადიდებელი, ცდილობს მაინც და როცა კითხულობს ბიბლიას, ახალ აღთქმას, ფსალმუნს, ლოცვებს, ეზიარება და ცდილობს აღსარებაში იყოს გულწრფელი. ქართველმა თუ ყურანი ისწავლა და მუსლიმი გახდა - მე ეგ ისტორიიდან ვიცი, რომ ამას ისე ებრძოდნენ ქართველი მეფეები, რომ გოგოებში იმხელა თვითშეგნება იყო, თავს იკლავდნენ, რომ არ გამუსლიმანებულიყვნენ...

რ.თ.: თქვენ უშუალოდ მართლმადიდებლობასა და ქართველობას შორის ავლებთ პარალელს, თუ "ქართველი" შეიძლება იყოს კათოლიკეც?..

თეა დარჩია: რა თქმა უნდა, იყოს, იქართველოს.

რ.თ.: "იქართველოს" რას ნიშნავს?

თეა დარჩია: მე ვიცი ქართველი მართლმადიდებელი ქრისტიანია...

რ.თ.: თქვენ, როცა "იმედის" ეთერში თქვით, რომ "ქართველი გოგოები ყურანს რომ სწავლობენ და კითხულობენ, აღარაფერი ქართული მათში აღარ არის", თქვენი აზრით, მათ ნეგატიურ კონტექსტში წარმოაჩენდა?

თეა დარჩია: არანაირად. მაგრამ როცა იზრდები სხვის ადათ-წესებზე, სხვის რელიგიაზე, სხვის სწავლებებზე, ქართველი ვეღარ ხარ...

რ.თ.: საქართველოში, აჭარაში ბევრი მუსლიმი ცხოვრობს, თქვენი აზრით, თქვენს ინტერვიუს რომ მოისმენდნენ, იგრძნობდნენ თავს შეურაცხყოფილად?

თეა დარჩია: მე არ მინდა, რომ ქართველმა ოჯახებმა შვილების შიმშილისგან გადასარჩენად ეს გადაწყვეტილება მიიღონ და იძულებითი იყოს. ბავშვს ვინმე ეკითხება, რომ უნდათ იმ ბავშვთა სახლებში? ბავშვის თავისუფალი არჩევანი სად არის?

რ.თ.: თქვენ როცა მედრესეებზე დაიწყეთ საუბარი, მაშინ მართლმადიდებლურ სასწავლო დაწესებულებებზე იყო საუბარი. იქ ეკითხებიან ბავშვებს, რა სურთ იმ სასწავლებელში წასვლა?

თეა დარჩია: იქ არავინ არავის არ აძალებს არაფერს.

რ.თ.: თქვენ რატომ გგონიათ, რომ მუსლიმურ სასწავლებლებში აძალებენ?

თეა დარჩია: ვიცი, რომ დედები შიმშილის გამო აბარებენ იქ...

რ.თ.: კითხვას ასე დაგისვამთ...

თეა დარჩია: მე არ ვაპირებ თქვენთან კამათს. ჩემი აზრი ხომ გაინტერესებდათ, ახლა უკვე ნერვებს მიშლით. მე ამისთვის არც მცალია, არც ნერვი მაქვს და არც სურვილი. თქვენ დამირეკეთ და მადლობა თქვით, რომ საერთოდ გელაპარაკებით. თუ გინდათ მეკამათოთ და მე ცუდი ფორმით გამომიყვანოთ, ღმერთმა ხელი მოგიმართოთ. ეს განსხვავებაა მართლმადიდებელსა და არამართლმადიდებელს შორის... ოჯახები უკიდურესი გაჭირვების გამო შვილებს აბარებენ მედრესეებში, ეს თქვენ არ გაწუხებთ? თუ არ გაწუხებთ, მე თქვენთან საუბარს ვწყვეტ.

რ.თ.: კიდევ ერთი კითხვის დასმა მინდოდა...

თეა დარჩია: გისმენთ, ბოლომდე გაგიძლებთ... მე ჩემი აზრის უფლება ხო მაქვს? თქვენ თუ გინდათ გამომიყვანოთ ანტისემიტისტად, ჩემს მტკიცებას აზრი აღარ აქვს.

რ.თ.: მე თქვენი პოზიციის გასაგებად დაგიკავშირდით...

თეა დარჩია: ბავშვსაც აქვს თავისუფალი არჩევანი. ზუსტადაც, რომ სახალხო დამცველებმა ამაზეც უნდა იზრუნონ, რომ ქართველი ოჯახის ბავშვები, ქართველები, აბარებენ შვილებს მუსლიმანურ სასწავლებლები ჰქვია თუ სკოლები, რაც არ უნდა ერქვას - სწავლობენ სხვის კულტურას, სხვის რელიგიას, სხვის სწავლებებს, მუსლიმანურ წეს-ჩვეულებებს მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ [შიმშილს] გადაარჩინოს ბავშვი. ბავშვის აზრი ვინმემ იკითხა? იქნებ, არ უნდა ამ სწავლების მიღება და ურჩევნია იშიმშილოს... აი, სად არის ბავშვები დასაცავი... ძალიან დიდ პატივს ვცემ სხვის რელიგიას, მაგრამ მე არავის არ ვტენი ჩემს რელიგიას ცხვირში, მე არ ვძალადობ, არ ვიდებ იქ ბუდეს, სადაც ხალხს უჭირს, რომ იქნებ ვინმე მოვქაჩო, ქრისტიანობას მოქაჩვა არ სჭირდება და შეპირებები არ სჭირდება.

თუ მეთანხმებით, ღმერთმა ხელი მოგიმართოთ; თუ არ მეთანხმებით, დრო მოვა, სიტყვას დიდი ძალა აქვს, მიხვდებით, როგორ ჩუმ-ჩუმად ქართველობა გვაკლდება და როგორი შენიღბულია ეშმაკი, სხვადასხვა ფორმას ეძებს და პოულობს კიდეც. და ჩვენ კიდევ, ვითომ სახალხო დამცველები და ვითომ გულანთებული ჟურნალისტები, ამას ამ რაკურსით ვაშუქებთ იმის ნაცვლად, რომ სწორი რაკურსით გავაშუქოთ.

რ.თ.: დიდი მადლობა, რომ დრო გამომიყავით...

თეა დარჩია: ჩემთვის არ არის შენი აზრი გასაგები და ჩემთვის მნიშვნელოვანია, მეთანხმები თუ არა... შენ პირველ რიგში მოქალაქე ხარ და მერე ჟურნალისტი. ამაშიც არ მეთანხმები. ანუ ტყუილად დავკარგე მე შენთან საუბრის დროს ენერგია და ნერვები და რაღაცა უბედურება შეიძლება დაწერო ჩემი ნათქვამიდან და ძალიან ვნანობ, რომ ავიღე ტელეფონი... იმედია, რომ ნათქვამს მაინც არ გააფუჭებთ...