ბოდბელი მთავარეპისკოპოსი იაკობი ამბობს, რომ საქართველო პატარაა და აღმოსავლეთ საქართველოდან, ბოდბიდან, სამხრეთ საქართველოში, ნინოწმინდაში, პანსიონისა და იქ მცხოვრები ბავშვების მეთვალყურეობა არ გაუჭირდება. პატრიარქის გადაწყვეტილებით, სწორედ მეუფე იაკობმა ჩაანაცვლა პანსიონის ხელმძღვანელის პოსტზე სხალთელი მთავარეპისკოპისი, სპირიდონი, რომელიც პანსიონს 2000-იანი წლების დასაწყისიდან, მისი დაარსებიდან ედგა სათავეში, 14 ივნისს კი პირადი განცხადების საფუძველზე პანსიონის ხელმძღვანელის თანამდებობა დატოვა.
იაკობის რისხვა - რამდენიმე ცნობილი ფრაზა ინტერვიუებიდან და ქადაგებებიდან
59 წლის მეუფე იაკობი (ერისკაცობაში კონსტანტინე უსუფის ძე იაკობიშვილი) ბერად 2003 წელს აღიკვეცა. ეპისკოპოსად 2010 წელს აკურთხეს, მთავარეპისკოპოსობა კი ზუსტად ორი წლის წინ, 2019 წლის ივნისში ებოძა. მისი რეზიდენცია ბოდბესა და სიღნაღში მდებარეობს.
მთავარეპისკოპოსი იაკობი მედიასთან საუბრისას არ ერიდება ე.წ. არანორმატიული ლექსიკის გამოყენებას. მისი კომენტარები არცთუ იშვიათად მოიცავს ძალადობის შემცველ ფრაზებს. სწორედ არანორმატიული ლექსიკის გამოყენების გამო, 2019 წლის ნოემბერში ის ქორეპისკოპოსის და საპატრიარქოს საფინანსო საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობიდან გადადგა და ბოდიში მოიხადა.
შეგახსენებთ, რომ იაკობის ბოდიში მოჰყვა 2019 წელს, ტელეკომპანია „ტვ პირველის“ ეთერში გაკეთებულ განცხადებას, როდესაც მან თქვა: „ხელისუფლება თანამშრომლობას ყველასთან ცდილობს სინოდში, ჩემთანაც ცდილობს, მაგრამ ვერ ეცდება, რადგან მაპატიეთ და მკიდია, ისინიც და ისინიც ბიძინათი დაწყებული, ყველათი დამთავრებული. დედას იმას ვუზამ ყველას“.
თუმცა, სინანული არანორმატიული თუ ძალადობრივი ლექსიკის გამო, დიდხანს არ გაგრძელებულა. მაგალითად, ის გამოირჩევა მედიის მიმართ კრიტიკული განწყობით და ამას არც მალავს, მაგალითად, ასე გამოეხმაურა ის 2020 წელს ბოდბის დედათა მონასტრის ირგვლივ წამოწყებულ ქონებრივ დავას და მედიას მოუწოდა: „ყველას ვურჩევ, ჭკვიანად იყვნენ. მაინცდამაინც ყურს ხომ არ ავუწევ და ისე ვივლი?! არავის არ ვემუქრები, მაგრამ წესიერად უნდა მოიქცნენ, და ეკლესიაზე შეტევას თავი უნდა დაანებონ“.
2020 წელს მედიის წარმომადგენლებს ის არაერთი მსგავსი ტიპის განცხადებით მიმართავდა. მეუფე იაკობი საკუთარ ქადაგებებში აცხადებდა, რომ „ტელევიზიები ეკლესიას უტევენ“ და ამისათვის მათ პასუხი უნდა მოეთხოვოთ: „ყელში ამოგვივა და პასუხს მოვთხოვთ მაგათ. იმიტომ, რომ მოსათხოვი აქვთ პასუხი და მოეთხოვებათ კიდევაც. თუ არ უნდათ, რომ ლაჩრულად და სამარცხვინოდ დაამთავრონ თავიანი საქმეები, ჯობია მიხედონ თავიანთ საქმეებს“.
2021 წელს მისი კრიტიკის ეპიცენტრში მოექცა კარტოგრაფების საქმეც. იაკობის რისხვა კარტოგრაფებს, ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას ამბიონიდან დაატყდათ: „ვინა ხარ, ვინ გეკითხება შენ, სადაც ხარ, იქ დაეტიე რა. ჯერ კარტოგრაფიც არ ხარ, მიწათმომწყობი ხარ. მართლა ეკლესიაში რომ ვართ, ის ხომ არ ჰგონიათ, ჩვენ კაცობაც ვიცით და ყველაფერი. თუ სადმე ომი ყოფილა, ყველგან ნაომარი ვარ მე და ჭკვიანად იყვნენ, ამით კი არ ვემუქრები. რა აქვთ გაკეთებული. მოდიან ხელისუფლებაში და ფულს შოულობენ და ტკბებიან სკამებით“.
რაც შეეხება ნინოწმინდის პანსიონსა და მის გარშემო განვითარებულ მოვლენებს, მისი ხელმძღვანელის პოსტზე დანიშვნამდე სულ ოთხი დღით ადრე, მეუფე იაკობი ამბობდა: „ცალკეულ ადამიანებს შეიძლება მასეთ დაწესებულებებში კი არა, გარეთ არ ჰყოფნით ნერვები. პარლამენტში არ ჰყოფნით ხოლმე და ერთმანეთს ცემენ. რა გასაკვირია, რომ იქ უფროსმა, ღონიერმა, პატარას სიტყვით თუ ვერ გააგებინა, მივიდა და ძალა გამოიყენოს. მე თუნდაც წამორტყმას არ მივესალმები, მაგრამ, როდესაც ამბობენ გაუპატიურებას, ფაქტი ხომ უნდა იყოს. ვნახოთ, ფაქტი თუ იყო, ძალიან უმკაცრესად დაისჯებიან“.
სახალხო დამცველი მეუფე იაკობის პანსიონის ხელმძღვანელად დანიშვნის შესახებ
„ჯერ ადრეა ამაზე საუბარი“, - ასე გამოეხმაურა მეუფე იაკობი სახალხო დამცველის ნინოწმინდის პანსიონში შესვლის საკითხს 14 ივნისს, მას შემდეგ, რაც ის პანსიონის ხელმძღვანელის პოსტზე დაინიშნა. 15 ივნისს კი განაცხადა, რომ „მართალი იქნება“, პანსიონში მყოფ დასტრესილ ბავშვებს „არავინ მიაკაროს“.
„ძალიან დასტრესილები არიან ბავშვები და ახლა შემოვიდნენ და კითხვები დაუსვან, თუნდაც სახალხო დამცველმა დაუსვას... აქ მუშაობენ სოციალური მუშაკები, მონიტორინგიც აქვთ და 24 საათი აქ არიან. სანდო ხალხიც არიან და ცოტა ხანი დაგვაცადონ, პრობლემა არ გვაქვს... ჯერ თბილისში შევხვდეთ, ცივილურად დავილაპარაკოთ. სანამ ბავშვები ასეთ მდგომარეობაში არიან, მე მართალი ვიქნები, არავინ მივაკარო... დალაგება მინდა სიტუაციის, ამიტომ ვარ აქ“.
მთავარეპისკოპოსი იაკობის პანსიონის ხელმძღვანელად დანიშვნას 15 ივნისს გამოეხმაურა სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია. როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, პირველ რიგში, გარკვეული დრო უნდა გავიდეს, რათა სახალხო დამცველმა, რომელსაც წლების განმავლობაში არ უშვებდა პანსიონში უკვე ყოფილი ხელმძღვანელი, მეუფე სპირიდონი, დაინახოს ცვლილება ომბუდსმენის მანდატის განხორციელებასთან დაკავშირებით. რაც შეეხება განცხადებებს პანსიონის გაუქმებისა თუ მისი ტრანსფორმაციის შესახებ, ნინო ლომჯარია ამბობს:
„პირველი განცხადებები, რაც გაკეთდა, მაფიქრებინებს და მათ შორის საპატრიარქოც იზიარებს, რომ დიდი ზომის ინსტიტუციები არ შეესაბამება ბავშვების საუკეთესო ინტერესებს და დაიწყო სერიოზული მუშაობა იმასთან დაკავშირებით, რომ მოხდეს ბავშვების ოჯახებში რეინტეგრაცია, მათი ოჯახების გაძლიერება ან ოჯახთან მაქსიმალურად მიახლოებულ გარემოში გადაყვანა. რაც შეეხება, სახალხო დამცველის გეგმებს, იქიდან გამომდინარე, რომ ბოლო დღეების განმავლობაში, სოციალური მუშაკები 24 საათის განმავლობაში ადგილზე იმყოფებიან, ბავშვების უსაფრთხოების რისკი არ იდგა და იქიდან გამომდინარე, რომ ბავშვებზე ძალიან სერიოზული ფსიქოლოგიური ზეწოლა ხორციელდებოდა, ჩვენ არ გვინდოდა, რომ მათთვის ზედმეტი სტრესი მიგვეყენებინა. ამიტომ, ველოდით სიტუაციის დეესკალაციას. რა თქმა უნდა, შევხედავთ რამდენიმე დღე, როგორ განვითარდება მოვლენები და იმედი მაქვს, რომ უფრო მკაფიო გზავნილები იქნება ახალი მენეჯმენტის მხრიდან, რომ სახალხო დამცველის მანდატის განხორციელებას იქ არ შეექმნება პრობლემები და არ გახდება ჩვენი იქ შესვლა ბავშვებზე დამატებითი ფსიქოლოგიური თუ სხვა ტიპის ზეწოლის განხორციელების საფუძველი“.
ნინო ლომჯარიას განცხადებით, სახალხო დამცველის ოფისი დააკვირდება, როგორ გაგრძელდება პანსიონში დარჩენილი ბავშვების გაყვანის პროცესი. შეგახსენებთ, ამ დროისათვის იქ 22 მოზარდი რჩება:
„ბოლო დღეებში ვხედავდით, რომ ბავშვების გაყვანის პროცესი აქტიურად ხორციელდებოდა. იმედი მაქვს, რომ უახლოეს დღეებშიც გაგრძელდება, თუმცა, თუ დავინახეთ, რომ გარკვეული პერიოდის განმავლობაში, ეს პროცესი შეჩერდა, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში, მივიღებთ გადაწყვეტილებას, რომ დაუყოვნებლივ ჩავიდეთ ადგილზე“.
15 ივნისს, ნინო ლომჯარიამ საპატრიარქოს მედიის საშუალებითაც მიმართა და მოუწოდა, მისცეს სახალხო დამცველს, როგორც კონსტიტუციურ ორგანოს, საკუთარი მანდატის განხორციელების საშუალება:
„იმედი მაქვს, რომ ამ მიმართვაზე მივიღებ დადებით პასუხს. რა თქმა უნდა, ეს იქნება პოზიტიური, პირველ რიგში, ბავშვებისთვის, რადგან ბავშვები არიან ძალიან დიდი წნეხის ქვეშ. ამიტომ, მოგვეცით მშვიდ გარემოში ჩვენი საქმიანობის განხორციელების შესაძლებლობა“.
შეცვლის თუ არა მეუფე იაკობი მეუფე სპირიდონის სტრატეგიას? აქვს ნინო ლომჯარიას იმედი, რომ პანსიონის ახალი ხელმძღვანელი სახალხო დამცველისთვის ჩარაზულ კარს გახსნის? ჟურნალისტების ამ კითხვას ნინო ლომჯარია ასე პასუხობს:
„მაქვს მოლოდინი, რომ ჩვენ მოგვეცემა პანსიონატში მონიტორინგის განხორციელების საშუალება, რადგან დაიწყო დეინსტიტუციონალიზაციის პროცესი, მათ შორის, რელიგიურ კონფესიებზე დაქვემდებარებული პანსიონების მიმართ და დარწმუნებული ვარ, რომ გვექნება შესაძლებლობა, რომ იქ შევიდეთ და განვახორციელოთ შესაძლებლობა. ყველას ინტერესშია, რომ ახლა სიტუაცია დამშვიდდეს, რადგან თუ ეს არ მოხდა, ბავშვებზე, რომლებიც პანსიონში რჩებიან და ახალგაზრდებზე, რომლებმაც პანსიონი დატოვეს, კვლავ გაგრძელდება სერიოზული წნეხი და ზეწოლა, რასაც დღესაც აქვს ადგილი. მე კვლავ მომმართავს არაერთი ყოფილი აღსაზრდელი, რომლებზეც მიმდინარეობს ზეწოლა იმის გამო, რომ მათ ან გამოძიებას მისცეს ჩვენება, ან სურთ, რომ ითანამშრომლონ გამოძიებასთან. ორ ახალგაზრდას დაატოვებინეს საპატრიარქოს დაქვემდებარებაში მყოფი უნივერსიტეტი“.
რა ბედი ელის პანსიონს?
განცხადებები ურთიერთგამომრიცხავია. მაგალითად, გაეროს ბავშვთა ფონდი, რომელიც, საპატრიარქოსთან, ჯანდაცვის სამინისტროსა და World Vision-თან ერთად ჩართულია იმ საკოორდინაციო ჯგუფის მუშაობაში, რომელიც პანსიონის ტრანზიციის გეგმაზე მუშაობს, გასულ კვირაში, რადიო თავისუფლებასთან საუბრისას აცხადებდა, რომ UNICEF-ი არ განიხილავს მცირე საოჯახო სახლების აშენებას ნინოწმინდის პანსიონატის ბაზაზე.
რადიკალურად განსხვავებული პოზიცია აქვს ამ საკითხზე საპატრიარქოს. საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, გადაწყდა, რომ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონი არ დაიხურება, თუმცა დაწესებულება საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში იქნება. ეს განცხადება მან 13 ივნისს, საპატრიარქოში გამართული შეხვედრის შემდეგ გააკეთა. შეხვედრას ესწრებოდნენ სინოდის წევრები, ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი, ჯანდაცვის სამინისტროს და ბავშვთა დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ ბარკალაიამ განაცხადა, რომ სამინისტრო ახლა მუშაობს „ოჯახების მოძიებაზე“ და ასევე „ოჯახების გაძლიერებაზე იმისთვის, რომ მოხდეს პირველ რიგში, [ბავშვების] ოჯახებში ინტეგრაცია“.
15 ივნისს, რადიო თავისუფლება კვლავ ელაპარაკა გაეროს ბავშვთა ფონდს ნინოწმინდის პანსიონის სამომავლო ფუნქციონირების შესახებ. როგორც ფონდის საქართველოს წარმომადგენლობის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი მაია ქურციკიძე გვეუბნება, UNICEF-ი კვლავ თავის პოზიციაზე რჩება და მათი რეკომენდაციაა, რომ იქ დარჩენილი ბავშვები რაც შეიძლება მალე გაიყვანონ ალტერნატიული ზრუნვის, მათ შორის, პირველ რიგში, საკუთარ ოჯახებში:
„აქ ლაპარაკია არა მხოლოდ ნინოწმინდაზე, არამედ საქართველოში არსებულ სხვა ყველა დიდ დაწესებულებაზე. ჩვენი პრიორიტეტია და ამას გულისხმობს ბავშვის კოდექსიც, რომ იქ, სადაც შესაძლებელია, ბავშვები საკუთარ ოჯახებს უნდა დაუბრუნდნენ. თუკი ბავშვის ოჯახში დაბრუნება ვერ ხერხდება, მაშინ, უკვე მეორე ალტერნატივაა მინდობით აღზრდა და მესამე, ეს არის საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლები. ვადევნებთ თვალს, როგორ განვითარდება მოვლენები, გვაქვს მუდმივი კომუნიკაცია ყველა ჩვენს პარტნიორთან, სამთავრობო სტრუქტურებთან, რომ მოხდეს ბავშვების დაუყოვნებლივი გამოყვანა დიდი ზომის დაწესებულებიდან“.
მაია ქურციკიძის განცხადებით, UNICEF-ი დაეხმარება სახელმწიფოს, რომ სხვა დიდი ტიპის ინსტიტუციებშიც მოხდეს ბავშვებისა და მათი ოჯახების შეფასება, რათა დროულად განხორციელდეს ყველა მსგავსი დაწესებულების დეინსტიტუციონალიზაცია.
ასევე ნახეთ რა ელის ნინოწმინდის პანსიონატს - გარდაიქმნება თუ არა ის საოჯახო ტიპის სახლად?რამდენი ბავშვი ცხოვრობს დიდი ზომის ბავშვთა სახლებში?
არასამთავრობო ორგანიზაციების, მათ შორის, „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის“ და ასევე გაეროს ბავშვთა ფონდის მონაცემებით, დღეს, ქვეყანაში არსებულ დიდ ინსტიტუციებში 900-მდე მოზარდი ცხოვრობს.
სხვა მონაცემს აწვდის რადიო თავისუფლებას სახელმწიფო ზრუნვის სააგენტო. სააგენტოს მიერ მოწოდებული მონაცემებით, რომელიც უწყებამ მოგვწერა:
დღეს საქართველოში ფუნქციონირებს 2 დიდი ზომის ბავშვთა სახლი, მათ შორის, ჩვილ ბავშვთა სახლი, სადაც განთავსებულია 63 შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვი.
ქვეყანაში ფუნქციონირებს 3 ლიცენზირებული სკოლა-პანსიონი, სადაც ირიცხება 129 აღსაზრდელი.
რაც შეეხება საოჯახო ტიპის სახლებს, ზრუნვის სააგენტოს მონაცემებით, საქართველოში ფუნქციონირებს 44 მცირე საოჯახო ტიპის სახლი, სადაც განთავსებულია 290 არასრულწლოვანი.
შეგახსენებთ, დეინსტიტუციონალიზაციის პროცესი საქართველოში 2005 წლიდან იწყება. სახელმწიფო პოლიტიკა იცვლება და ის მიმართულია მიუსაფარ ბავშვთა ინსტიტუციების ლიკვიდაციისკენ. 2007 წელს, დონორი ორგანიზაციის დაფინანსებით იქმნება პირველი, 8 ბავშვზე გათვლილი, საოჯახო ტიპის სახლი. იქ მოზარდები 18 წლის ასაკამდე რჩებიან. სახლებში დედობილ-მამობილები მუშაობენ და ისინი მაქსიმუმ 8-10 ბავშვის აღზრდაზე არიან ორიენტირებულნი.
2015 წლის მონაცემებით, რომელსაც მაშინდელი ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო ავრცელებდა, 2005 წლის შემდეგ, 4 500 ბავშვიდან დიდი ზომის ბავშვთა სახლებში 2015 წლისათვის მხოლოდ 500-მდე ბავშვი რჩებოდა.
ნინოწმინდის პანსიონიდან მოზარდების გაყვანის პროცესი ზრუნვის სააგენტომ 2021 წლის 4 ივნისს დაიწყო. 5 ივნისს კი ამ პროცესს თან დაერთო თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის, ივანე ღლონტის გადაწყვეტილებაც, რომელიც მან უფლებადამცველი ორგანიზაციის, „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის“ (PHR) შეტანილი შუამდგომლობის საფუძველზე გამოსცა და რომელიც ნინოწმინდის პანსიონიდან, პირველ რიგში, შშმ ბავშვების დაუყოვნებლივ გაყვანას ეხებოდა, რაკიღა PHR-ი სწორედ შშმ ბავშვების საქმეების სპეციალური მოსარჩელეა.
ნინოწმინდის პანსიონი საზოგადოების განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში 2 ივნისს, სახალხო დამცველის კიდევ ერთი ხმაურიანი განცხადების შემდეგ მოექცა. ნინო ლომჯარიამ განაცხადა, რომ უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში, 2016-2021 წლებში, პანსიონში სავარაუდო ძალადობის ფაქტებზე, მათ შორის, სავარაუდო გაუპატიურების ფაქტზე, ოთხი საქმე იყო აღძრული.
სახალხო დამცველი წლების განმავლობაში ლაპარაკობდა საპატრიარქოს დაქვემდებარებაში მყოფი პანსიონის კედლებს მიღმა სავარაუდო ძალადობის ფაქტებზე და ითხოვდა დაწესებულებაში შესვლას, რის უფლებასაც მას სხალთის მთავარეპისკოპოსი, მეუფე სპირიდონი არ აძლევდა.
გარდა 2016-2021 წლებში აღძრული ოთხი სისხლის სამართლის საქმისა, შსს-ს ცნობით, სხვადასხვა მედია საშუალებაში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, ბავშვთა პანსიონში აღსაზრდელების მიმართ შესაძლო დანაშაულის ჩადენის ფაქტებზე, გამოძიება დაწყებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილით (ძალადობა წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ).
14 ივნისის მონაცემებით, ნინოწმინდის ბავშვთა სახლში რჩება 22 მოზარდი. 31 ბენეფიციარი გადაყვანილია საკუთარ ოჯახებში, მინდობით აღზრდასა და საოჯახო ტიპის სახლებში.