"უცნობს" 9 აპრილს ჩადენილი ვანდალიზმის გამო საჯარიმო ქვითარი გაეგზავნა

თბილისის მერიამ გია გაჩეჩილაძეს, იგივე "უცნობს" 2 თვის წინ, 9 აპრილს ჩადენილი ვანდალიზმის გამო საჯარიმო ქვითარი გაუგზავნა. როგორც მერიაში რადიო თავისუფლებას უთხრეს, 2 ივნისს გაგზავნილი ქვითრის გადახდის ვადა 1 თვე, თუმცა მას თანხა ჯერ არ გადაუხდია.

მერიამ "უცნობის" 1000 ლარით დაჯარიმების გადაწყვეტილება თითქმის 2 თვის შემდეგ მიიღო.

გია გაჩეჩილაძემ 9 აპრილს " საქართველოს მარადისობის დღე" დააფუძნა, აქცია გამართა ოპოზიციის აქციების წინააღმდეგ და პატრიარქის მხარდასაჭერად და წარწერაც პულვერიზატორით ამ აქციის მსვლელობისას გააკეთა. "ღმერთი სიყვარული არს", ესაა სიტყვები, რომელიც "უცნობის" სახელით ცნობილმა მომღერალმა ბერლინის კედლის ფრაგმენტზე გააკეთა.

რადიო თავისუფლება გია გაჩეჩილაძის დაჯარიმების საკითხით მუდმივად ინტერესდებოდა.

ასევე ნახეთ გია გაჩეჩილაძე ვანდალიზმის გამო ჯერ არ დაჯარიმებულა
ასევე ნახეთ 9 აპრილს ჩადენილი ვანდალიზმის ფაქტზე გია გაჩეჩილაძე არ დაჯარიმებულა

28 აპრილს მუნიციპალურ ინსპექციაში ამ კითხვის დასმის დროს, ასეთი პასუხი გასცეს:

"კანონის შესაბამისად, ორთვიან ვადაში უნდა მოხდეს დაჯარიმება, ინსპექცია ყველა წესის დაცვით ახორციელებს პროცედურას. დაჯარიმება მოხდება პროცედურის დაცვით და კანონით დადგენილ ვადაში".