"ნამახვანჰესის" მშენებელი კომპანია "ენკა" აცხადებს, რომ არ აპირებენ პროექტის შეჩერებას. ასე ეხმაურება კომპანია რიონის ხეობაში სამუშაოების შეჩერების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას.
"სოციალურ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს კომპანია "ენკამ" ტექნიკა დაასაწყობა და მუშაობა შეაჩერა, რაც არ შეესაბამება სიმართლეს. კომპანია არ აპირებს ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი პროექტის - “ნამახვანჰესის" გაჩერებას, საინვესტიციო ვალდებულებებზე უარის თქმას და ქვეყნიდან გასვლას. ასევე, კომპანია მზადაა პროცესით დაინტერესებულ ყველა მხარეს მიაწოდოს საჭირო ინფორმაცია პროექტის შესახებ", - აცხადებენ კომპანიაში.
დღეს "რიონის ხეობის მცველებსა" და ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრის პარალელურად გავრცელდა ინფორმაცია, რომ ხეობაში შეჩერდა სამუშაოები.
ასევე ნახეთ "ნამახვანჰესის" მოწინააღმდეგეები და მთავრობის წარმომადგენლები ერთმანეთს ხვდებიან"ენკამ" ტექნიკა დაასაწყობა და მუშაობა შეაჩერა. სავარაუდოდ, გადაწყვეტილება დაკავშირებულია პროცესებში ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების ჩარევასთან. გაერთიანების წარმომადგენლები ნატახტარში, ამ წუთებში ხვდებიან მოძრაობის ორგანიზატორებსა და მთავრობას.
"თუ კიდევ ვინმეს ეჭვი ეპარება ნამოხვანჰესის პროექტის უკანონობასა და სტანდარტებთან შეუსაბამობაში, ამის საუკეთესო დასტური დამალობანაა, რომელსაც კერძო კომპანია კანონსა და ევროკავშირის წარმომადგენლობას ეთამაშება", - წერდა "ფეისბუკზე" დათო სიმონია.
საქართველოში შვიდ თვეზე მეტია მოსახლეობის ნაწილი მოითხოვს „ნამახვანჰესის“ მშენებლობის შეჩერებას. „რიონის ხეობის მცველები“ მიიჩნევენ, რომ "ენკასთან" დადებული კონტრაქტით ხელისუფლება კერძო კომპანიის სასარგებლოდ თმობს ქვეყნის ინტერესებს.
დემონსტრანტები რამდენიმე დღეა ცდილობენ, არ შეუშვან ჰესის მშენებელი კომპანიის წარმომადგენლები რიონის ხეობაში. აქციის მონაწილეები მოითხოვენ არ გაგრძელდეს მშენებლობა, სანამ კვლევებთან დაკავშირებით საბოლოო პასუხი არ იქნება ცნობილი.
ხელისუფლების მტკიცებით, "ნამახვანჰესი" საქართველოს ენერგოსექტორში ერთ-ერთი ყველაზე კარგად შესწავლილი პროექტია და მისი მიზანშეწონილობა დადასტურებულია არაერთი კვლევით.