"ნამახვანჰესის" მშენებლობის მოწინააღმდეგეებსა და ხელისუფების წარმომადგენლებს შორის შეხვედრა იმართება. ორგანიზატორი ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანებაა.
"დღევანდელ დღეს უნდა დავაყენოთ მხარეებმა ჩვენ-ჩვენი პოზიცია და დღევანდელი შეხვედრით განისაზღვრება რამდენად შესაძლებელია მედიაციის დაწყება... დღეს არ იწყება საუბარი შინაარსთან დაკავშირებით..." - ამბობს "რიონის ხეობის მცველი" ვარლამ გოლეთიანი, რომელიც, ასევე, აღნიშნავს, რომ მათი მოთხოვნები არ შეცვლილა.
შეხვედრას გარემოს დაცვის სამინისტროდან მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი ესწრება, ეკონომიკის სამინისტროდან კი მინისტრის მოადგილე დავით თვალაბეიშვილი.
"ეს არის საკმაოდ მნიშვნელოვანი და საინტერესო პროცესი. ჩვენ მხარს ვუჭერთ, რომ გადავიდეთ დიალოგის პროცესში და მოხდეს საკითხების განხილვა მოლაპარაკების მაგიდასთან... ჰესი აუცილებლად უნდა აშენდეს. ეს არის ის ობიექტი, რომელიც იქნება საქართველოს დასაყრდენი ენერგეტიკული უსაფრთხოების. ჰესი უნდა აშენდეს ისე, რომ გამოირიცხოს ყველა კითხვა პროექტის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით", - თქვა მან.
საქართველოში შვიდ თვეზე მეტია მოსახლეობის ნაწილი მოითხოვს „ნამახვანჰესის“ მშენებლობის შეჩერებას. „რიონის ხეობის მცველები“ მიიჩნევენ, რომ "ენკასთან" დადებული კონტრაქტით ხელისუფლება კერძო კომპანიის სასარგებლოდ თმობს ქვეყნის ინტერესებს.
დემონსტრანტები რამდენიმე დღეა ცდილობენ, არ შეუშვან ჰესის მშენებელი კომპანიის წარმომადგენლები რიონის ხეობაში. აქციის მონაწილეები მოითხოვენ არ გაგრძელდეს მშენებლობა, სანამ კვლევებთან დაკავშირებით საბოლოო პასუხი არ იქნება ცნობილი.
ხელისუფლების მტკიცებით, "ნამახვანჰესი" საქართველოს ენერგოსექტორში ერთ-ერთი ყველაზე კარგად შესწავლილი პროექტია და მისი მიზანშეწონილობა დადასტურებულია არაერთი კვლევით.