„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნიკა მელიამ საპარლამენტო ტრიბუნიდან გამოსვლისას განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ დამარცხება „ნაციონალური მოძრაობის“ ვიწროპარტიულ ინტერესს სცდება და ეროვნული ამოცანაა.
„თქვენი დამარცხება ჩვენის მხრიდან ვერავითარ შემთხვევაში ვერ იქნება ვიწროპარტიული ამოცანა და ეს უკვე მგონი პატივია თქვენთვის. თქვენი დამარცხება უკვე არის ეროვნული ამოცანა თითოეული ჩვენგანის, ვინც ოპოზიციაში ვართ. მიუხედავად იმისა, რომ ცდილობთ ერთმანეთს წავეკიდოთ და ამით მერე ხელებს იფშვნეტს ყველა, განსაკუთრებით ბატონი ოლიგარქი“, - განაცხადა ნიკა მელიამ მე-10 მოწვევის პარლამენტის ტრიბუნიდან თავისი პირველი გამოსვლისას.
მისი თქმით, ოპოზიცია უახლოეს მომავალში გამონახავს საერთო მიზნის გარშემო გაერთიანების უნარს, „ქართული ოცნების რეჟიმის“ წინააღმდეგ. ნიკა მელია ამბობს, რომ ოპოზიციის მიზანი კოალიციურ მმართველობაში მოსვლაა:
„ოპოზიცია ძალიან მალე, მიმდინარე წელს, საზოგადოებასთან ერთად დაამარცხებს ამ რეჟიმს. კოალიციურ მმართველობაში მოვა და ასე ვხედავ მე ამ ქვეყნის განვითარებას. ერთია, რომ კლანჭებიდან ვიხსნათ ქვეყანა, ოლიგარქის, და მეორეა, რომ ქვეყანა იმართოს ერთობლივად“, - განაცხადა ნიკა მელიამ.
საქართველოს პარლამენტი დღევანდელ სხდომაზე მეორე მოსმენით განიხილავს „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებული ამნისტიის კანონპროექტს, რომელიც 2019 წლის 20-21 ივნისის საპროტესტო აქციების შემდეგ აღძრული საქმეებით განსაზღვრულ დანაშაულთა ამნისტიას ეხება და უნდა შეეხოს ყველას, ვინც ამნისტიაზე უარს არ აცხადებს. კანონპროექტი ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მიერ ინიცირებული და „ქართული ოცნების“ და ოპოზიციური საპარლამენტო პარტიების უმრავლესობის მიერ აპრილში ხელმოწერილი შეთანხმების ნაწილია. ამ შეთანხმების მიხედვით, ნიკა მელიას ციხე უნდა დაეტოვებინა, ოპოზიციურ პარტიებს კი საპარლამენტო საქმიანობა გაეგრძელებინათ.
„ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც ბოიკოტის შემდეგ საპარლამენტო საქმიანობას 8 ივნისიდან შეუერთდა, ამ დოკუმენტის ხელმოწერაზე დღემდე უარს ამბობს და მიზეზად სწორედ ამნისტიას ასახელებს.
2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენების ამნისტიის საკუთარი პროექტი აქვს მომზადებული ოპოზიციასაც. ოპოზიციის კანონპროექტის თანახმად სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან გათავისუფლდებიან 19-21 ივნისს განვითარებული საპროტესტო აქციების მონაწილეები, ასევე საპოლიციო ღონისძიების განმახორციელებელი სამართალდამცავები, რომლებიც ბრალდებული ან მსჯავრდებული არიან და მათ ნასამართლობაც მოეხსნებათ.
ასევე ნახეთ მელია: შემოვედი ამ დარბაზში, რომ თითოეული თქვენგანი რაც შეიძლება მალე გაგიყვანოთ