როგორი უნდა ყოფილიყო მე-10 მოწვევის პარლამენტი და როგორია

მე-10 მოწვევის პარლამენტის სრულ დაკომპლექტებას 7 თვეზე მეტი დრო დასჭირდა. ამ დროის განმავლობაში პარალელურად ეწყობოდა საპროტესტო აქციები; "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია სპეცოპერაციით დააკავეს და გამოუშვეს; საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია გადადგა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი თავად ჩაერთო ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებებში.
2020 წლის პარლამენტი სრული შემადგენლობით სესიას გასული წლის 11 დეკემბერს უნდა დასწრებოდა, თუმცა, ეს შესაძლებელი მხოლოდ 8 ივნისს გახდა.

ამ შვიდი თვის განმავლობაში შეიცვალა პოლიტიკური პარტიების და კოალიციების შემადგენლობა. გარდა ამისა, ზოგიერთმა პოლიტიკოსებმა, რომელებიც ამა თუ იმ პარტიის პირველ ათეულებში იყვნენ, საპარლამენტო საქმიანობა შეწყვიტეს. მხოლოდ ორი პარტიაა, რომლის წევრების შემადგენლობა ბოლო შვიდი თვის განმავლობაში არ შეცვლილა ეს არის “მოქალაქეები” და “ლელო”.

“ქართული ოცნება”

მნიშვნელოვნად შეიცვალა პარლამენტის უმრავლესობაში მყოფი პარტია “ქართული ოცნება”. სიის პირველმა ნომერმა, გიორგი გახარიამ საპარლამენტო მანდატი 29 დეკემბერს პრემიერის პოსტისთვის დათმო. აღმასრულებელ ხელისუფლებაში დაბრუნების გამო მანდატებზე უარი თქვეს თეა წულუკიანმა (კულტურის მინისტრმა) და მარიამ ქვრივიშვილმა (ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ).

“ქართულ ოცნებას” მანდატები ე.წ. “გახარიას გუნდის” გამოყოფის შემდეგ დააკლდა. 6-კაციანმა ჯგუფმა (გიორგი ხოჯევანიშვილი, ანა ბუჩუკური, ალექსანდრე მოწერელია, ბექა ლილუაშვილი, შალვა კერესელიძე, მიხეილ დაუშვილი) პარტია პრემიერ-მინისტრის გადადგომიდან დაახლოებით ორი თვის შემდეგ დატოვეს. უმრავლესობიდან 6 დეპუტატის გასვლის შემდეგ, "ქართულ ოცნებას" პარლამენტში 84 მანდატი დარჩა.

“ნაციონალური მოძრაობა” - ძალა ერთობაშია

ყველაზე დიდი ოპოზიციური ბლოკი “ნაციონალური მოძრაობა” - ძალა ერთობაშია საპარლამენტო საქმიანობას არა 36, არამედ 32 დეპუტატით განაგრძობს. ბლოკს გამოეყვნენ პარტიის ყოფილი თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძე და სალომე სამადაშვილი, ასევე, “რესპუბლიკური პარტიის” წევრები: ხათუნა სამნიძე და თამარ კორძაია. კორძაიამ “რესპუბლიკური პარტიაც” დატოვა, მიზეზი პარტიის ფრაქციაში გაერთიანება იყო.

პარლამენტს გარეთ დარჩენილი პარტიები

იმის მიუხედავად, რომ 2020 წლის არჩევნებით მანდატები მიიღეს, საპარალამენტო საქმიანობას არ აგრძელებს 3 პარტია. “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი შალვა ნათელაშვილი არ ეთანხმება ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის ჩართულობით შემუშავებულ დოკუმენტს და არ შედის პარლამენტში; ერთადერთი პარტია, რომელსაც ბოიკოტის დროს (სამი) მანდატების შეწყვეტაზე უმრავლესობამ უარი არ უთხრა “პატრიოტთა ალიანსია”. პარტიამ ოთხი მანდატი მოიპოვა, თუმცა “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერების ნაცვლად პარლამენტში მათი სიით გასული ბიზნესმენები მოხვდნენ. ირმა ინაშვილი, გიორგი ლომია და გოჩა თევდორაძე ფრიდონ ინჯიამ, გელა მიქაძემ და დავით ზილფიმიანმა შეცვალეს. “პატრიოტთა სიით” არჩეულმა დეპუტატებმა პარტია “ევროპელი სოციალისტები” შექმნეს.

კიდევ ერთი პარტია, რომელიც პარლამენტის მიღმა დარჩა “ევროპული საქართველოა”. პარტიის სახელით არჩეული დავით ბაქრაძე უპარტიო დეპუტატის სტატუსით აგრძელებს საპარლამენტო საქმიანობას; შალვა შავგულიძე და არმაზ ახვლედიანი ფრაქცია "ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის"; ტარიელ ნაკაიძე ფრაქცია "შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფში" გაერთიანდა; ელენე ხოშტარიამ მანდატზე თქვა უარი.

ოპოზიციური ფრაქციები

ოქტომბერში ჩატარებული არჩევნებით პირველად გახდა საპარლამენტო მანდატების მფლობელი “გირჩი”. არჩევნებიდან რამდენიმე კვირაში პარტია მისმა ლიდერმა და პირველმა ნომერმა - ზურაბ ჯაფარიძემ დატოვა. მან ახალი პარტია “გირჩი - მეტი თავისუფლება” დააფუძნა. რამდენიმე კვირის წინ კი “სტრატეგია აღმაშენებლის” კოალიციას პარლამენტში შესვლაზე მიღებული გადაწყვეტილების გამო თაკო ჩარკვიანი გამოეყო (ჯერ არ გადაუწყვეტია, როგორ გააგრძელებს მუშაობას).

პოლიტიკური პარტიებისა და გაერთიანებების შემადგენლობის ცვლილების შედეგად პარლამენტში შეიქმნა ორი ოპოზიციური ფრაქცია: "ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის" (მამუკა ხაზარაძე - “ლელო”; ბადრი ჯაფარიძე - “ლელო”; ანა ნაცვლიშვილი - “ლელო”; დავით უსუფაშვილი - “ლელო”; სალომე სამადაშვილი - უპარტიო; არმაზ ახვლედიანი - უპარტიო; შალვა შავგულიძე - უპარტიო) და შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფი” (გიორგი ვაშაძე - "სტრატეგია აღმაშენებელი"; თეონა აქუბარდია - "სტრატეგია აღმაშენებელი"; პაატა მანჯგალაძე -"სტრატეგია აღმაშენებელი"; ხათუნა სამნიძე - "რესპუბლიკური პარტია"; ზურა ჯაფარიძე - "გირჩი - მეტი თავისუფლება"; ტარიელი ნაკაიძე - უპარტიო; გრიგოლ ვაშაძე - უპარტიო).

მომავალ პარლამენტში 150 დეპუტატის ნაცვლად 148 იქნება. მმართველო პარტიას 84 დეპუტატი ჰყავს, ოპოზიციას კი 64. დარჩენილი დეპუტატების ჩანაცვლება შეუძლებელია, რადგან ოპოზიციურმა პარტიებმა ბოიკოტის რეჟიმის დროს ე.წ. სათადარიგო სიები ჩახსნეს.