შუქრუთელები მშრალ შიმშილობაზე გადავიდნენ

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუქრუთის ცხრა მკვიდრი, რომლებიც მეექვსე დღეა აქციას მართავენ თბილისში, აშშ-ის საელჩოსთან, დღეიდან მშრალ შიმშილობაზე გადავიდნენ. „არავინ შეგვხმიანებია, სხვა გზა არ არის“, - ამბობს აქციის მონაწილე გიორგი ნეფარიძე.

სოფელ შუქრუთის მცხოვრებთა ნაწილმა, რომელიც კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის“ მიერ მადნის მოპოვების შედეგად მიყენებულ ზარალს აპროტესტებს და ადეკვატურ კომპენსაციას მოითხოვს, სამ თვეზე მეტი ხნის წინ, აქცია ჯერ საკუთარ სოფელში დაიწყო. დაახლოებით ერთი თვის წინ, ათამდე შუქრუთელმა შიმშილობაც გამოაცხადა. ამ კვირიდან აქციამ გადაინაცვლა თბილისში, აშშ-ის საელჩოსთან.

ასევე ნახეთ აშშ-ის ელჩი შუქრუთელების პროტესტზე: გვინდა დავრწმუნდეთ, რომ მათ წუხილებს შეისმენენ

შუქრუთელები მოითხოვენ, რომ მათი ქონება არა კომპანიის აუდიტმა, არამედ ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ შეაფასოს და პროცესში სახელმწიფო ჩაერთოს.

ასევე ნახეთ „ჯორჯიან მანგანეზს“ სამხარაულის ბიუროსთვის შიმშილობის აქციაში მონაწილე შუქრუთელების მოთხოვნით ჯერ არ მიუმართავს

საპროტესტო აქციის ზოგიერთი მონაწილე ამბობს, რომ მუქარის შემცველი შეტყობინებები მიიღეს. შსს-ში აცხადებენ, რომ გამოძიება მიმდინარეობს.

ასევე ნახეთ მუქარა შუქრუთელებს - პირადი ცხოვრების კადრების გასაჯაროება, ნარკოტიკების ჩადება