სენატორები ამბობენ, რომ საქართველო საჭიროებს მეტ რეფორმას და სწორედ რეფორმების წარმატება განსაზღვრავს, მათ შორის - საქართველოს ნატოსთან დაახლოებასაც. ამერიკელი კანონმდებლები ხაზს უსვამენ აუცილებლობას, რომ 19 აპრილს გაფორმებული „შარლ მიშელის შეთანხმება“ ყველა პარტიამ ერთობლივი ძალისხმევით შეასრულოს. აშშ-ის კონგრესის ორპარტიული დელეგაცია საქართველოში უკრაინიდან ჩამოვიდა.
„დღეს გამართულ შეხვედრებზე ჩვენ ვისაუბრეთ ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელობაზე, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების, საარჩევნო რეფორმის მნიშვნელობაზე; ასევე - 19 აპრილის შეთანხმების (ე.წ. შარლ მიშელის შეთანხმება) შესრულების მნიშვნელობაზე ყველა პარტიის მონაწილეობით... ვფიქრობ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის და დემოკრატიისთვის... დამოუკიდებელი სასამართლოს განვითარება იმიტომ არის ასე მნიშვნელოვანი, რომ გამჭვირვალობის პირობებში ხალხი დაინახავს რა ხდება“, - განაცხადა დემოკრატმა სენატორმა, ჯინ შაჰინმა 3 ივნისს გამართულ პრესკონფერენციაზე.
Your browser doesn’t support HTML5
სენატორი შაჰინი ასევე რეფორმების მნიშვნელობას უსვამს ხაზს ტვიტერზე ოდნავ მოგვიანებით გამოქვეყნებულ პოსტში, სადაც ის ამ კუთხით „დაძაბული მუშაობის გაგრძელების“ აუცილებლობას საქართველოს მოქალაქეებისთვის „უფრო ნათელი და უფრო უსაფრთხო მომავლის“ უზრუნველყოფას უკავშირებს.
საქართველოს მეტი უსაფრთხოება სწორედ ხარისხიან რეფორმებს რომ უკავშირდება, ეს 3 ივნისს გამართულ პრესკონფერენციაზე რესპუბლიკელმა სენატორმა, რობერტ პორტმანმაც ხაზგასმით აღნიშნა. მან თქვა, რომ რეფორმები აუცილებელია საქართველოს დასავლეთთან და კონკრეტულად ნატოსთან ინტეგრაციისთვის.
„საქართველო იმსახურებს, იდგეს ნატოში გაწევრიანების გზაზე და ჩაერთოს გაწევრიანების სამოქმედო გეგმის (MAP) პროცესში. ამას მხოლოდ ამერიკის შეერთებული შტატები ვერ გადაწყვეტს და ალიანსის წევრმა ქვეყნებმა კონსენსუსის გზით უნდა გადაწყვიტონ. ეს კი მოითხოვს რეფორმების გატარებას.
სამხედრო რეფორმების, მოდერნიზაციის გარდა, მნიშვნელოვანია კანონის უზენაესობასა და დემოკრატიასთან დაკავშირებული რეფორმები... ნატოს წევრობა საქართველოს დამატებით უსაფრთხოებას მოუტანს, რუსეთისგან მომავალი საფრთხის წინააღმდეგ“, - განაცხადა სენატორმა პორტმანმა.
სწორედ არჩევნებისა და სასამართლო სისტემის რეფორმები იყო მთავარი თემები არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებსა და სენატორებს შორის გამართულ შეხვედრაზე, რომელიც 3 ივნისს, თბილისში შედგა.
როგორც ამ შეხვედრის მონაწილემ, „სოციალური სამართლიანობის ცენტრის” მართლმსაჯულების პროგრამის დირექტორმა, გურამ იმნაძემ უთხრა რადიო თავისუფლებას, შეხვედრაზე მსჯელობა არაერთ კონკრეტულ საკითხსა და პრობლემას შეეხებოდა.
„მთავარი აქცენტები შეეხებოდა შარლ მიშელის 19 აპრილის დოკუმენტს; ასევე ქვეყანაში არსებულ დემოკრატიულ საჭიროებებს...
ცხადია, ვისაუბრეთ სასამართლო სისტემაზე, მართლმსაჯულების სისტემაზე და იმაზე, თუ რა მნიშვნელობა აქვს ფუნდამენტურ რეფორმებს და სასამართლო სისტემის რეალურ დამოუკიდებლობას. აღინიშნა, რომ ხელისუფლება, მოსახლეობასთან აქტიური თანამშრომლობით უნდა ახერხებდეს პოლიტიკური პროცესების მართვას“, - უთხრა რადიო თავისუფლებას გურამ იმნაძემ.
ასევე ნახეთ ელჩების გაფრთხილება - დანიშვნების პროცესი სასამართლო სისტემაში მაინც გრძელდებაიმნაძის თქმით, სენატორები კარგად იცნობენ საქართველოში ამჟამად არსებულ ვითარებას და, მათ შორის, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ გადადგმულ იმგვარ ნაბიჯებს, რაც მიუღებელია საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებისთვის.
„ძლიერი, სიცოცხლით სავსე სამოქალაქო საზოგადოება დემოკრატიის დამაიმედებელი ნიშანია. მადლიერი ვარ, რომ შევხვდი საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ლიდერებს იმის გასაგებად - თუ როგორ შეუძლია აშშ-ს, უკეთესად დაეხმაროს საქართველოს თავისი ინსტიტუტებისა და მმართველობის სტრუქტურის გაძლიერებაში“, - დაწერა სენატორმა შაჰინმა 3 ივნისს, ტვიტერის საშუალებით, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ.
სასამართლო და საარჩევნო რეფორმების აუცილებლობაზე სენატორები უკვე დიდი ხანია ლაპარაკობენ.
ეს საკითხები მკაფიოდ გამოიკვეთა 23 მარტს ამერიკის სენატში, სენატორ შაჰინის ორგანიზებით გამართულ მოსმენაზე, რომელიც საქართველოს შეეხებოდა. მარტის შეხვედრაზე, რომელშიც სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ, ჯინ შაჰინმა თქვა, რომ საქართველოში 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები „ლეგიტიმურობის ზღვარზე“ ჩატარდა, ხოლო ასეთი არჩევნების ხარისხი აშკარად განსხვავდება დემოკრატიული არჩევნებისგან.
სენატში ასევე ითქვა, რომ ძალიან გაჭიანურდა სასამართლო რეფორმა, რაც პერიოდულად ხალხის მღელვარების საფუძველი ხდება და არჩევნების მიმართ უნდობლობას დიდწილად სწორედ სასამართლო სისტემის ხარვეზები იწვევს.
ასევე ნახეთ გზავნილები სენატიდან - ვინ რა გაიგო თბილისშიპრობლემები, რომლებზეც აშშ-ის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები 23 მარტს სენატში მსჯელობდნენ, ჯერ ისევ მოუგვარებელია. ოპოზიცია და ხელისუფლება ჯერ ისევ კამათობენ „შარლ მიშელის შეთანხმებით“ გათვალისწინებულ „ამბიციური“ საარჩევნო და სასამართლო რეფორმის შინაარსსა და ფორმებზე.
პრობლემებს ისიც დაემატა, რომ აშშ-ის გაფრთხილების მიუხედავად, სასამართლო სისტემაში გადაიდგა საერთაშორისო თანამეგობრობისთვის მიუღებელი ნაბიჯი - იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, საზოგადოების აშკარა უნდობლობის ფონზე, 4 ახალი მოსამართლე წევრი დამტკიცდა.
ვიდრე პარლამენტის თავმჯდომარესა და უმრავლესობის წარმომადგენლებს შეხვდებოდნენ, სენატორები - შაჰინი და პორტმანი პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდნენ.
მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერის გარდა, სენატორებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს მხარდაჭერა საქართველოს ინტეგრაციის მიმართ ევროკავშირსა და ნატოში. საუბარი, ცხადია, რეფორმებსაც შეეხებოდა.
„საუბარი შეეხო ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ ვითარებას. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ მმართველი გუნდი 19 აპრილის შეთანხმების ერთგულია და მისი განხორციელებისთვის შესაბამის ნაბიჯებს დგამს. კონგრესმენებმა აღნიშნეს, რომ მათი ვიზიტი წარმოადგენს ორპარტიულ გზავნილს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები მხარში უდგას საქართველოს დემოკრატიის გასაძლიერებლად“, - ვკითხულობთ მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
სენატორებისთვის მნიშვნელოვანია 19 აპრილის შეთანხმების „სწრაფი განხორციელება“ და ამას სენატში წარდგენილი ორპარტიული რეზოლუციაც ადასტურებს. მისი ერთ-ერთი ხელმომწერი და ინიციატორი თავად ჯინ შაჰინია. რეზოლუციის კიდევ ერთმა თანაავტორმა, რესპუბლიკელმა სენატორმა ჯიმ რიშმა იმავე პერიოდში განაცხადა, რომ „შარლ მიშელის შეთანხმებას“ შეუძლია, საქართველო „დააბრუნოს თავის ევროატლანტიკურ ტრაექტორიაზე“.
ასევე ნახეთ სენატორები შაჰინი და რიში: პოლიტიკური ნიშნით დაკავებულთა გათავისუფლება მოლაპარაკებებს დაეხმარებასენატორები შაჰინი და რიში ბოლო არაერთი თვის განმავლობაში, პერიოდულად საკმაოდ მწვავე კრიტიკული განცხადებებით გამოირჩეოდნენ. ისინი მიუთითებდნენ დემოკრატიულ უკუსვლასა და პოლიტიკურად მოტივირებული მართლმსაჯულების არსებობაზე საქართველოში.
3 ივნისს, ყველაზე ბოლოს, სენატორები ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს შეხვდნენ, საქმიან სადილზე. მათ შორის იყო ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია - „ნაციონალური მოძრაობა“, რომელმაც პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება სულ ახლახან მიიღო; თუმცა უარს ამბობს „შარლ მიშელის შეთანხმების“ ხელმოწერაზე. სენატორები ისურვებდნენ, და ეს პრესკონფერენციაზეც აღინიშნა, რომ ენმ-მა ხელი მოაწეროს ამ შეთანხმებას.
ოპოზიცია ამერიკელ სენატორებთან შეხვედრაზე დიდი შემართებით მივიდა, მაგრამ არა მხოლოდ შიდაპოლიტიკურ საკითხებზე სასაუბროდ.
„შიდა ქართული პოლიტიკური საკითხები არის მნიშვნელოვანი, თუმცა როცა ამ რანგის კოლეგები ჩამოდიან საქართველოში, საკითხები, რომლებიც ექვემდებარება განხილვას, როგორც წესი, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე შიდაპოლიტიკური საკითხები. ეს შეეხება რეგიონალურ გამოწვევებს, უსაფრთხოების საკითხებს, რეგიონალურ ჭრილში; ბუნებრივია, ასევე - ეკონომიკურ მდგომარეობას, დემოკრატიასა და მის ხარისხს საქართველოში.
აქ არ იქნება მხოლოდ საუბარი მიმდინარე, განვლილ თვეებში არსებულ პოლიტიკურ კრიზისთან დაკავშირებით, რომელიც სამწუხაროდ არ ამოიწურა. დარწმუნებული ვარ, დღევანდელი შეხვედრა უშედეგოდ არ ჩაივლის“, - განაცხადა ენმ-ის თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ.
ასევე ნახეთ ამერიკელი სენატორები საოკუპაციო ხაზთან არსებულ ვითარებას ეცნობიანჯინ შაჰინი და რობერტ პორტმანი თბილისში 2 ივნისს, გვიან ღამით, კიევიდან ჩამოფრინდნენ, სადაც მკაფიოდ ისაუბრეს რუსეთის აგრესიასა და უკრაინის ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების მნიშვნელობაზე.
3 ივნისს, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერის ხაზგასმით, აშშ-ის საკანონმდებლო ორგანოს ორპარტიულმა დელეგაციამ შეხვედრებით დატვირთული დღე საოკუპაციო ხაზთან ჩასვლით დაიწყო. მათ ევროკავშირის სამეთვალყურეო მისია (EUMM) მეგზურობდა.