“რიონის ხეობის მცველები” 7 თვეზე მეტია კარვებში ცხოვრობენ, მხარდამჭერთა წრეს იფართოებენ და ჯიუტად ელოდებიან, როდის იტყვის კომპანია “ენკა” უარს ნამახვანჰესის აშენებაზე. ხელისუფლება ფორმალურად ამბობს, რომ დიალოგისთვის მზად არის და ამავე დროს პრინციპულად დაიცავს ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებისა და ეკონომიკისთვის მნიშვნელოვან პროექტს. ამ დრომდე ვერც დიალოგი შედგა და არც რკინის ჯებირი დაუშლიათ, რომელიც ხეობას, ჰესის მშენებლობაზე დასაქმებულებს და “რიონის ხეობიც მცველებს” აშორებს ერთმანეთისგან. სპეციალისტების ერთი ნაწილი “ნამახვანჰესის” პროექტს ხეობის გამანადგურებლად მიიჩნევს, მეორე კი მის გადასარჩენად იბრძვის იმის გამო, რომ ჯერა, ქვეყნის განვითარებისთვის ინვესტიციები, მწვანე ენერგია და ენერგოდამოუკიდებლობა მნიშვნელოვანია.
ახლა, როცა ჩვენ ვლაპარაკობთ, რიონის ხეობაში დგას რკინის კედელი, რომლის ერთ მხარეს არიან აქტივისტები და მეორე მხარეს დგას პოლიცია, რომელიც ზღუდავს ხეობაში შესვლას. “ენკა” საუბრობს იმაზე, რომ მათთან დასაქმებული ადგილობრივები, ვინც ჰესის მოსამზადებელ სამუშაოებზე მუშაობენ, ან ის ხალხი, ვინც კომპენსაცია მიიღო კომპანიისგან, არიან საფრთხის ქვეშ და სახალხო დამცველს თხოვს რეაგირებას. ჩვენ არ ვიცით, კონკრეტულად რა ძალადობის ფაქტებზე ლაპაკობს კომპანია, მაგრამ ვიცით ის, რომ გუმათთან დღეებია ისმის რკინის ჯებირზე ბრახუნის ხმა და სახელმწიფოს უკმაყოფილო ხალხთან საუბრის ნაცვლად იარაღად ჰყავს პოლიცია. რატომ აღმოჩნდნენ რიონის ხეობის მკვიდრები რკინის ჯებირის სხვადასხვა მხარეს?
ეგ კითხვა მეც მაქვს. მესმის, რომ კომუნიკაციის ნაწილში იყო დეფიციტი, თუმცა ფართო საზოგადოებასთან და არა ადგილობრივ მოსახლეობასთან. ადგილობრივებთან კომუნიკაცია მიმდინარეობდა საკმაოდ დიდხანს და კარგად: თვითონ ამ ნორვეგიულ-თურქულ კონსორციუმს საკმაოდ მაღალანაზღაურებადი და კვალიფიციური კომუნიკაციის და სოციალური საკითხების მენეჯერები ჰყავდათ, 4 საკომუნიკაციო ცენტრი იყო გახსნილი რეგიონში და პრინციპში ამის შედეგია ის, რომ 274-დან [მოსახლიდან] 273-თან შეთანხმება მიღწეული აქვს და 267-ს კომპენსაცია აქვს მიღებული.
ფართო საზოგადოებასთან ნამდვილად შეიძლებოდა კომუნიკაციის უკეთ წარმოება: კითხვები ისმევა და არავის სურს პასუხების მოსმენა... ყველაფერი არის პოლიტიკურ ჭრილში აყვანილი. თუ ჰესი საჭიროა და უსაფრთხოა, მოდით ამაზე ვილაპარაკოთ, ჩვენ გვაქვს იმის არგუმენტები, რომ ის უსაფრთხოა და ამის მტკიცება შეგვიძლია. თუ რაღაც კიდევ გამოსასწორებელია, ამაზეც შეგვიძლია ვილაპარაკოთ. შორს ვართ იმ აზრისგან, რომ ყველაფერი იდეალურია, ყველა პროექტში არსებობს გაუმჯობესების შესაძლებლობა, მაგრამ სამწუხაროდ ამაზე დღეს აღარავინ ლაპარაკობს. ჩემთვის წარმოუდგენელია ეთერებში, კარვებში, ასეთ საუბრებში გაუმჯობესდეს პროექტი.
მე ვერ ვხვდები, რატომ არ ვხვდებით და არ ვარჩევთ იმ ყველა კითხვაზე პასუხებს, რასაც ჩვენ ვთავაზობთ, ანუ დარგის სპეციალისტები... რა პასუხი უნდა მიიღოს [სეისმოლოგიურ რისკებზე] პრემიერ-მინისტრისგან ვარლამმა, მე ვერ ვხვდები.
“რიონის ხეობის მცველები” ამბობენ, რომ ისინი არ დაიღლებიან და ადრე თუ გვიან, “ენკა” დატოვებს ხეობას. მათი მხარდაჭერების რაოდენობა იზრდება და პროტესტი ძლიერდება. უკვე უკმაყოფილოა არა მხოლოდ ის ხალხი, ვინც ჰესს ეწინააღმდეგება, ისინიც, ვისაც არ მოწონს როცა ხელისუფლება ხალხს რკინის ჯებირს უდგამს და მერე ამ ჯებირის დაზიანებაზე გამოძიებას იწყებს. მეორე მხრივ, “ენკა” არ არის კომპანია, რომლისთვისაც რეპუტაცია მნიშვნელოვანი არ არის და ფაქტია, რომ ეს პროცესი მის რეპუტაციაზე კარგად არ აისახება, თუ პროტესტი ასევე ჯიუტად გაგრძელდება, “ენკამ” შესაძლოა მართლაც დატოვოს ხეობა და მოითხოვოს ყველა ის კომპენსაცია, რაც მას ხელშეკრულებით ეკუთვნის ქართული სახელმწიფოსგან. გამოსავალი სად არის?
სხვა გამოსავალს გარდა იმისა, რომ დიალოგი წარიმართოს, ვერ ვხედავ. ჩვენი ქვეყანა დაზიანდება მხოლოდ და მხოლოდ იმითი, თუ ენკასნაირი კომპანია, ერთ-ერთი უკანასკნელი მსხვილი ინვესტორი დაიხურავს ქუდს და წავა ჩვენი ქვეყნიდან. საბოლოო ჯამში ამ წასვლით იზარალებს მხოლოდ ჩვენი ქვეყანა, იგივე კომპენსაციების კუთხით, რაც არის დახარჯული სამუშაოებზე და ადგილობრივებისთვის გადახდილი თანხები იქნება ასანაზაღაურებელი, მაგრამ საბოლოო ჯამში ეს იქნება ძალიან ცუდი მესიჯი ინვესტორებთან. წარმოიდგინეთ, თეორიულად რომც ვიშოვოთ ახალი ინვესტორი, რაც ამ მოცემულობიდან წარმოუდგენლად მიმაჩნია, რამდენად მეტ გარანტიებს მოითხოვს იმისთვის, რომ ჩვენ ქვეყანაში ჩამოვიდეს და ჩადოს 800 მილიონი იმ ვითარებაში რაც აქ არის - წარმოუდგენლად მიმაჩნია, ბევრად გაუარესდება ჩვენი მდგომარეობა.
ჩემთვის მთავარი შიში ის არის, არ გავიდეს ინვესტორი კომპანია. ჩემთვის ის არის მნიშვნელოვანი, რომ პირველ რიგში ჩვენმა ქვეყანამ ისარგებლოს ამ ინვესტორით და პროექტით და არ მოხდეს საბოლოოდ სექტორის და საინვესტიციო პოლიტიკის დისკრედიტაცია ჩვენს ქვეყანაში. მეც ვფიქრობ რომ ძალიან ახლოს არის ის კომპანია იქამდე, რომ თქვას, ჩემთვის საკმარისია, აღარ მინდა, და სახელმწიფოს გადაახდევინოს ის თანხა, რაც პოლიტიკურ რისკში უდევს. ამიტომ მგონია, რომ ყველა ძალიან პასუხისმგებლობით უნდა მოვიქცეთ, როცა ვსაუბრობთ ჰესი უნდა აშენდეს და ენკა გავიდეს ამ ქვეყნიდან. სტამბულის საფონდო ბირჟაზეა ეს კომპანია, აქციების ფასი შესაძლოა ამ არეულობის გამო ბევრად ქვემოთ წამოვიდეს და ამით უფრო დიდი ზიანი მიიღოს, ვიდრე ჰესის საქართველოში არ აშენებით. აქედან გამომდინარე, ეს სიტუაცია ნამდვილად არის ძალიან წკიპზე მისული და თუ ასე მოხდა, ჩვენი ქვეყანა ნამდვილად იზარალებს.
ასევე ნახეთ საპატრიარქო, გია გაჩეჩილაძე და სხვა ახალი აქტორები ნამახვანჰესის პროტესტშითუ კომპანია წავა ეს სახელმწიფოს პასუხისმგებლობა იქნება. შეუძლებელია ამ რისკებს ხელისუფლება ვერ ხედავდეს. ამ ვითარებაში კიდევ უფრო გაუგებარია, რატომ არ იცავს სახელმწიფო უფრო ეფექტურად მნიშვნელოვან პროექტს, რატომ ვერ პოულობს გზებს დიალოგისთვის.
სახელმწიფო დაგვიანებულად, მაგრამ მაინც წავიდა დიალოგზე. მივიდნენ ადგილზე, ჩაატარა ორმა მინისტრმა საჯარო განხილვა, მერე მივიდნენ აქტივისტებთან, რომლებიც იმ შეხვედრაზე არ მივიდნენ, დათქვეს შემდეგი შეხვედრა, სადაც ეკონიმიკის მინისტრმა ჩაიტანა 4 პუნქტიანი გეგმა, რომლითაც თავაზობდა კაშხლის მშენებლობის შეჩერებას, კვლევების ვალიდაციას - მართალია ეს შეხვედრა მინისტრმა დატოვა და არავის არ მოეწონა ფორმა, მაგრამ იქ იყვნენ სპეციალისტები, ხელშეკრულების გამფორმებლები და სხვა არაერთი ადამიანი, თუ მართლა კითხვები არსებობდა, იქ უნდა დასმულიყო ის შეკითხვები. მინისტრი რომ დარჩენილიყო, სავარაუდოდ ამ შეხვედრიდან მაინც არაფერი გამოვიდოდა, ისეთი განწყობა იყო. ამის შემდეგ სამინისტრო აწყობს კვლევების განსახილველად შეხვედრას, ასაჯაროებს კვლევებს, ხელშეკრულებას, მაგრამ აქ უკვე აღარ მოდიან განსაკუთრებულად აქტიური არასამთავრობო ორგანიზაციები, ვინც პროექტს ეწინააღმდეგება.
ამის მიზეზი იყო ის, რომ იქ მიწვეული ექსპერტების ნაწილი “ენკასთან” დაკავშირებული პირები იყვნენ და მათი მიუკერძოებლობა კითხვის ნიშნებს აჩენდა. ჩვენ ვკითხეთ ეკონომიკის სამინისტროს და საბჭო, რომლებიც კვლევების ვალიდაციისთვის უნდა შექმნილიყო, ამ დრომდე არ ფუნქციონირებს.
პიროვნულ სიმპატიებამდე შეიძლება დაყვანა ასეთი სტრატეგიული საკითხის? ჩემი გადმოსახედიდან ეს ორგანიზაციებიც დაინტერესებული პირები არიან - მათ უნდათ, რომ არ აშენდეს კაშხალი. ესაა მათი ინტერესი. რომელ სეისმოლოგიაზეა ლაპარაკი, როცა იმ ხეობაში 8 კაშხალი წლებია არსებობს და არაფერი ამ დრომდე არ მომხდარა. მალე ასი წელი შეუსრულდება რიონჰესს. რაჭაში, უფრო სეისმურ ზონაში არის ლაჯანურ-ჰესი, რომელიც ისეა აშენებული, რომ ყველაზე დიდმა მიწისძვრამ საერთოდ არ დააზიანა და დღეს ვერ ავაშენებთ უსაფრთხო ჰესს?
საია და მწვანე ალტერნატივა სასამართლოში დავობენ იმაზე, რომ მშენებლობის ნებართვა სამშენებლო პროექტის და საჭირო კვლევების გარეშე გაიცა. თუ არ ვიცით რისი მშენებლობის უფლება რის საფუძველზე გაიცა, ბუნებრივია კითხვები უსაფრთხოებასთან დაკავშირებით.
სამწუხაროდ აქ ინფორმაციის გამრუდებასთან გვაქვს საქმე. რეალურად კვლევები ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდიდან არსებობს ამ პროექტისთვის და ამ ადგილის. რაც მოხდა, არის ის, რომ შეიცვალა კაშხლის დიზაინი და მცირედით, ადგილმდებარეობაც. შესაბამისად, ბიუროკრატიულად გახდა საჭირო ახალი ნებართვის აღება და ხელახლაა ჩასატარებელი კვლევებიც, მათ შორის გარემოზე ზემოქმედების შეფასებაც. ვინაიდან ეს პროცესი დროში იწელება, კომპანიას მიეცა პირობიანი ნებართვა, რაც არის ჩვეულებრივი პრაქტიკა ყველა მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტზე. მეტსაც გეტყვით, რეალურად მთელ მსოფლიოში ბოლო ოცი წელი მაინც არის, დაინერგა EPC [Engineering, procurement and construction] კონტრაქტები, რაც საჭირო გახდა იმის გამო, რომ თავიდან ვერ ხდება 100%-ით ყველაფრის გამოკვლევა. მშენებლობის პროცესშიც მიმდინარეობს კვლევები და უმჯობესდება პროექტი, იცვლება დიზაინი, იგეგმება გამამყარებელი ან შემარბილებელი სამუშაოები და ა.შ. ნამახვანჰესის შემთხვევაშიც გაიცა პირობიანი ნებართვა, რომ მოდი, შენ დაიწყე მოსამზადებელი სამუშაოები და ამასობაში საბოლოო პროექტი მოიტანე. იმ პროექტს რომ მიიტანენ, შეიძლება იქაც იყოს რაღაც შესაცვლელი და კვლევები ხელახლა ჩასატარებელი, ძალიან ჩვეულებრივი პროცესია ეს დიდ ინფრასტრუქტურულ პროექტებში.
გასაგებია, მაგრამ პროექტი და კვლევები წესით საჭიროა იმისთვის, რომ ვიცოდეთ, კარგია თუ არა პროექტი. თუ მშენელობას ვიწყებთ და მერე ვაწევთ მას დოკუმენტაციას, ეს გამორიცხავს პროექტზე უარის თქმის შესაძლებლობას და ტოვებს სივრცეს მხოლოდ მისი “როგორმე” აშენებისთვის. რამდენიმე თვეში რომ გაირკვეს, რომ პროექტი საფრთხის შემცველია, რა ხდება? გვრჩება მოსამზადებელი სამუშაოებით დაზიანებული ხეობა და ინვესტორის მიერ გაწეული ხარჯი, რომელიც ასანაზღაურებელი ექნება სახელმწიფოს.
პროექტი როცა დატენდერდა, გარემოზე ზემოქმედების შეფასებაც იყო გაკეთებული და ეკონომიკის სამინისტროდან მშენებლობის ნებართვაც გაცემული იყო. ანუ, ის გადაწყვეტილება, რომ ეს ჰესი უნდა აშენდეს და კვლევა, რა ზეგავლება ექნება გარემოზე, უკვე მიღებული და ჩატარებული იყო გამარჯვებული კომპანიის გამოვლენამდე. ის, რომ დიზაინი ოდნავ შეიცვალა, არის ტექნიკური ცვლილება. თან ეს ცვლილება არ არის მასშტაბის გაზრდა, პირიქით, შემცირდა ის მასშტაბი, რაც საბჭოთა კავშირის დროს გაკეთებულ პროექტს ჰქონდა და წინა ხელისუფლების დროს განიხილებოდა, სამი კაშხალის ნაცვლად ორი კაშხალი იქნება ამ პროექტში.
ნამახვნაჰესის შემთხვევაში კითხვებს აჩენს ხელშეკრულებაც, რომელიც თვეების განმავლობაში არ იყო საჯარო, რამდენიმე დღის წინ საჯარო გახდა იუსტიციის სამინისტროს დასკვნა, სადაც საუბარია იმაზე, რომ სახელმწიფოს ნაკლები ვალდებულებები უნდა აეღო თავის თავზე ინვესტორის წინაშე. მეორე მხრივ სულ ტრიალებს ცნობილი ფრაზა “ქართული მიწა არ იყიდება. ”
მაქსიმუმს შეეცადა სახელმწიფო და იმის იქით ეს კომპანია აღარ დარჩებოდა. ვერ ვხედავ ვერაფერს, რაც საერთაშორისო პრაქტიკაში არ არის გამოყენებული.
ხელშეკრულებების გასაჯაროებას ზოგადად ახლავს თან ის საფრთხე, რომ შესაძლოა იქიდან კონტექსტიდან ამოგლეჯილად გავრცელდეს ფრაგმენტები საზოგადოების შეცდომაში შესაყვანად, როგორც ეს ნამახვანის შემთხვევაში გააკეთა EMC-მ. შესაძლოა თავად კონტრაქტორს არ უნდოდა იმ პირობების გასაჯაროება, რაზეც დადო შეთანხმება სახელმწიფოსთან, მაგრამ იმის გამო, რომ “ენკა” რეპუტაციას უფრთხილდება და არ არის გაუმჭვირვალე და არასანდო კომპანია, ის დათანხმდა ხელშეკრულების გასაჯაროებაზე და არაფერი არ არის ამ ხელშეკრულებაში ისეთი, რაც ამ ტიპის კონტრაქტებში არ შეიძლება ეწეროს. ის დასკვნაც [იუსტიციის სამინისტროს], რომელიც როგორც აღმოჩენა, ისე გამოქვეყნდა, არის სტანდარტული დოკუმენტი, რომელიც ყველა ამ ტიპის ხელშეკრულებას ახლავს თან. ნაწილი აქედან გაითვალისწინეს, ნაწილი ვერა, იმიტომ რომ ინვესტორი არ დათანხმდა.
ჩვენ სხვათაშორის შევუკვეთეთ საერთაშორისო იურიდიულ კომპანიას კვლევა, რომ ეს კონტრაქტი შეადაროს მსოფლიო ბანკის PPP [Public Private Partnerships] კონტრაქტების გაიდლაინებს, არა რეგიონის, მსოფლიო სტანდარტებს და დარწმუნებული ვარ, არ იქნება მნიშვნელოვანი გადახვევები.
რაც შეეხება “ქართულ მიწას”, არაერთ სხვა კომპანიას აქვს ქართული მიწა გადაცემული და ნაყიდი. იგივე “ენერგო პროს”, რომელსაც რიონის ხეობაში არსებული ჰესები ეკუთვნის, თელასს, რომლის დამფუძნებელიც არის რუსული სახელმწიფო კომპანია არანაკლები მიწა აქვთ ნაყიდი გადაცემული და მაშინ რატომ არავინ გამოვიდა და აღშფოთდა, რომ ქართული მიწა რუსებს მიაქვს. თან ის არ არის კერძო კომპანია, სახელმწიფო კომპანიაა. მაგრამ ამ ინფორმაციის გამრუდებასაც რომ თავი დავანებოთ, რომ ახლა პირვლად იყიდება ამხელა მიწა, რეზერვუარის ქვეშ მიწა ვისი იქნება, რა მნიშვნელობა აქვს, ან როგორ წარმოუდგენია ვინმეს, რომ ბიზნესმა მიწაზე ისე შეიძლება რაიმე ააშენოს და ფული ჩადოს, რომ ის მიწა მისი არ იყოს? ან რომელი ბანკი მიცემს ასე ფულს პროექტებისთვის - ჩემთვის ეს არის აბსურდი.
Your browser doesn’t support HTML5
თუ ხელშეკრულებაც კარგია და პროექტიც გამართული და თან საჭირო, რატომ შეხვდა მაინცდამაინც ამ პროექტს ასეთი წინააღმდეგობა. დიდი ჰესები აშინებს ხალხს, ნდობა არ არსებობს, რომ სახელწმიფო რამე კარგს გააკეთებს ან ინვესტორი არ მოგვატყუებს?
ეს ტერმინიც, “გიგანტური ჰესები” თავისთავად ინფორმაციის გამრუდებაა - გიგანტურ ჰესს კი ვეძახით, მაგრამ არა მხოლოდ მსოფლიო მასშტაბით, საქართველოს მასშტაბითაც არ არის ნამახვანჰესი გიგანტური. ეს არის 430 მეგავატიანი და არსებობს 6 000 მეგავატიანი სადგურები და უზარმაზარი სარკის ზედაპირით. საქართველოშიც, ენგურჰესს რომ შევადაროთ, ენგურჰესი არის 1 300 მეგავატი იქ 284 მეტრის სიმაღლის კაშხალია და ამ შემთხვევაში მხოლოდ 105 მეტრი იქნება. სარკის ზედაპირიც სამჯერ პატარა იქნება ენგურჰესთან შედარებით. დაპირისპირება ჰესებს ხდება ყველგან, იმის მიუხედავად, რამხელაა, სად შენდება და რა ზემოქმედება შეიძლება ქონდეს გარემოზე. ახლა მაგალითად 6 მეგავატიანი ჰესის წინააღმდეგაც ლოპოტაში ანალოგიური აქციები ტარდება, კარვები არის გაშლილი და არგუმენტებს არ ისმენენ. ამბობენ, რომ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები დაიტბორება, როცა არაფერი არ იტბორება, რეზერვუარი საერთოდ არ აქვს, მილსადენიც გადის არსებული გზის ქვეშ, საერთოდ არაფერს არ ცვლის, მაგრამ პროტესტი მაინც არის და ჰესის მშენებლობა გაჩერებულია. ასე გვაქვს 84 გაჩერებული პროექტი, ჯამში 4 მილიარდამდე ინვესტიცია.
ასევე ნახეთ ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეებმა კარავი კახეთშიც გაშალესადრეც თქვით, რომ 84 ჰიდროპროექტია გაჩერებული და გაგაკრიტიკეს იმის გამო რომ არასწორ ინფორმციას ავრცელებთ. სიამოვნებით ვნახავდით სიას, რომელ პროექტებზე ლაპარაკობთ, თუკი ნამდვილად არსებობს ასეთი პროექტები.
აქ რამდენიმე პრობლემაა: ერთი მხრივ ინვესტორებს არ უნდათ გასაჯაროება ჯერ ამ პროექტების და იმედი აქვთ, რომ ხელისუფლებასთან ნორმალური ურთიერთობით გაიტანენ [პროექტებს] და მეორე მხრივ სამინისტროსგანაც არ გვაქვს ამის ნებართვა, მაგრამ მე ნამდვილად ნანახი მაქვს ეს სია და ნამდვილად არსებობს, მაგრამ მაგას რომ თავი დავანებოთ, რა პროექტებიც ვიცით, იმასაც პრობლემები აქვს.
გამორიცხავთ იმას, რომ ჰესების მიმართ შიში და პროტესტი პრობლემურ ჰესებს უკავშირდება? ვიცით, რომ ხარვეზები ქონდა შუახევი ჰესს, წყალმოვარდნამ დააზიანა ჰესი მესტიაჭალაში, დარიალი ჰესთან მოხდა უბედური შემთხვევები. რა გარანტია გვაქვს, რომ ახალი ჰესები უსაფრთხო იქნება?
ესეც არასწორი და გამრუდებული ინფორმაციებისგან გაჩენილი შიშებია. დარიალიჰესის შემთხვევაში სულ სხვა მხრიდან წამოვიდა მეწყერი და რეალურად დარიალი ჰესმა ადამიანები გადაარჩინა, ვინც მოასწრო ჰესის შენობაში შევარდნა. მესტიაჭალას შემთხვევაში წყალმიმღებმა შეარბილა ტალღა, რომელიც მოდიოდა მესტიისკენ და საბოლოო ჯამში იზარალა მხოლოდ ინვესტორმა, როგორც შუახევ ჰესის შემთხვევაში, რომელსაც ჰქონდა პრობლემები, მაგრამ აღმოიფხვრა ეს პრობლემები და ახლა დადგმული სიმძლავრით მუშაობს და ჩვენ ენერგოდამოუკიდებლობაში მნიშვნელოვანი წილი შეაქვს. შუახევის შემთხვევაში ნამდვილად იყო ტექნიკური შეცდომა, იმის მიუხედავად, რომ ავტორიტეტულ ორგანიზაციებს ჰქონდათ კვლევები ჩატარებული და ამ დრომდე მიმდინარეობს სასამართლო პროცესი დამპროექტებლებსა და მშენებელ კომპანიას შორის.
ავსტრია სხვათაშორის ხარჯავს დაახლოებით მილიარდ ევრომდე წელიწადში, რომ თავის მდინარეებზე ღვარცოფული მოვარდნების წინააღმდეგ დამბები ჩააყენოს, რომ შემარბილებელი ფუნქცია ჰქონდეთ - კაშხლებს და დამბებს აქვთ გარკვეული შემარბილებელი ფუნქცია ბუნებრივი კატაკლიზმების წინააღმდეგ და ამის ისე მობრუნება, რომ მათ გამო ხდება ბუნებრივი კატაკლიზმები, არასწორია.
ამ ლოგიკით, რომ ჰესებს პრობლემები ექმნებათ და აღარ უნდა ავაშენოთ, აღარც ხიდები უნდა ავაშენოთ, აღარც სახლები და მანქანებიც აღარ ვაწერმოოთ, სახლები და ხიდებიც ინგრევა და ავტოკატასტროფებშიც კვდება სამწუხაროდ ხალხი. იმაზე უნდა ვფიქრობდეთ, უკეთ როგორ ავაშენოთ და არა იმის ძახილში დავხარჯოთ დრო და ენერგია, რომ საერთოდ არ ავაშენოთ.
Your browser doesn’t support HTML5