Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეებმა კარავი კახეთშიც გაშალეს


ადგილობრივ მცხოვრებთა ნაწილმა კარავი გაშალა თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაფანყურში, იმ ადგილის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც „ლოპოტა ჰესის“ მშენებლობა იგეგმება.

ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეთა აქციის ორგანიზატორმა, მარიკა ხორნაულმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ, მათი ინფორმაციით, ჰესის მშენებელმა კომპანია „ართანა ლოპოტამ“ გადაწყვიტა ხეობაში მძიმე ტექნიკა შეიყვანოს და მოსამზადებელი სამუშაოები დაიწყოს:

„არ დავუშვებთ აქ ჰესის აშენებას. თუკი მძიმე ტექნიკას შემოიყვანენ, მთელი სოფელ მზად არის ქუჩაში გამოვიდეს. ჩვენ გვაშინებს და სპეციალისტებისგანაც ვიცით, რომ თუკი აქ ჰესი აშენდება და მდინარის წყალი მილებში მოექცევა, სოფელი დარჩება როგორც სასმელი, ასევე სარწყავი წყლის გარეშე. გარდა ამისა, პროექტი ითვალისწინებს დიდი რაოდენობით ხეების გაჩეხვას, რამაც მომავალში შესაძლოა, ღვარცოფულ- მეწყერული პროცესები გაააქტიუროს“.

მარიკა ხორნაულის ინფორმაციით, კარავში მორიგეობა დაწესდა და კომპანიას სამუშაოების დაწყების საშუალებას არ მისცემენ.

კომპანია „ართანა ლოპოტის“ ხელმძღვანელმა, ბიძინა იმნაძემ რადიო თავისუფლებას განუცხადა, რომ ჰესი ზოგადად, უნდა აშენდეს, თუმცა, ამ ეტაპზე ხეობაში ტექნიკის შეყვანა არ იგეგმება. იმნაძის თანახმად, ჰესის მშენებლობა რაიმე საფრთხეს არ უკავშირდება და ეს პროექტში დოკუმენტურადაა დადასტურებული: „ეს მოსახლეობამაც იცის. ჩვენ რამდეჯერმე შევხდით და ავუხსენით, რომ ეს არ არის ჰესი, რომელსაც ექნება წყალსაცავი და საფრთხეები არ არსებობს. თუმცა, ადგილზე არის აქტივისტების ჯგუფი, რომელიც მოსახლეობას ჩვენ წინააღმდეგ განაწყობს დაუსაბუთებელი და სენსიტიური თემებით. მოსალეობას წყალიც ექნება და ტყეც. ეს ყველაფერი გარემოს დაცვის სამინისტროს მიერ არის დადატურებული“.

ლაფანყურში, მცირე ჰიდროელექტროსადგურის, „ლოპოტა 1“-ის მშენებლობის ნებართვა კომპანია „ართანა ლოპოტამ“ 2018 წელს მიიღო, თუმცა, ადგილობრივ მცხოვრებთა პროტესტის გამო სამუშაოები ამ დრომდე არ დაწყებულა. პროექტის მიხედვით, ჰესის დადგმული სიმძლავრე 6 მეგავატი იქნება.

უკვე ხუთი თვეა კარვები გაშლილი აქვთ რიონის ხეობაშიც. 433 მეგავატი სიმძლავრის „ნამახვანის ჰესების კასკადის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეები პერმანენტულად მართავენ ხალხმრავალ საპროტესტო აქციებს.

XS
SM
MD
LG