დუგინის რეკლამა - ვასაძეს რუსეთი "ყურადღებით უნდა დააკვირდეს"

პოლიტიკაში მოსული ბიზნესმენი ლევან ვასაძე 26 მაისს მოსკოვში შეხვდა ევრაზიული მოძრაობის დამფუძნებელს, ულტრანაციონალისტ იდეოლოგსა და პუტინის მეხოტბე ალექსანდრ დუგინს.

ამ შეხვედრის ამსახველმა ფოტო- და ვიდეომასალამ დიდი ვნებათაღელვა და ხმაური გამოიწვია, დიდწილად იმის გამო, რომ ეს შეხვედრა 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს შედგა. თუმცა საერთო სურათში ეს ფაქტორი ბევრს არაფერს ცვლის - 26 მაისს, 28 თებერვალსა თუ 30 ნოემბერს, ლევან ვასაძე სხვა დროსაც არაერთხელ შეხვედრია ალექსანდრ დუგინს და არც ის დაუმალავთ, რომ მათ ბევრი რამ აქვთ საერთო. დუგინისა და ვასაძის რიტორიკა ხშირ შემთხვევაში გაჭრილი ვაშლივით ჰგავს ერთმანეთს და ინტერესები იმ საკითხშიც ემთხვევა, რომ - რუსეთისკენ შებრუნების გარეშე საქართველო წართმეულ ტერიტორიებს ვერ დაიბრუნებს.

დუგინთან შეხვედრამდე

ვიდრე მოსკოვისკენ გაემგზავრებოდა და დუგინს შეხვდებოდა, 25 მაისს, ლევან ვასაძემ ხანგრძლივი ინტერვიუ მისცა საზოგადოებრივი მაუწყებლის „1 არხს“. ახლად შექმნილი მოძრაობის - „ერთობა, რაობა, იმედის“ ლიდერს მიეცა სრული შესაძლებლობა - მაღალფარდოვნად და ფართოდ ჩამოეყალიბებინა თავისი მოსაზრებები მოძრაობის სახელწოდებაში შემავალ სამივე სიტყვასთან დაკავშირებით.

საქართველოს საგარეო პოლიტიკა და რუსეთის საკითხი „რაობის“, ანუ იდენტობის ნაწილში მოექცა.

ადრეც არაერთხელ უთქვამს და ვასაძემ ამ ინტერვიუშიც გაიმეორა, რომ ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანებას არა მიზნებად, არამედ შესაძლო „ინსტრუმენტებად“ განიხილავს და თვლის, რომ „თავს მოხვეული“ დასავლური არჩევანი საქართველოს სუვერენიტეტს აკარგვინებს. ბიზნესმენი ამბობს, რომ დაბალანსებული საგარეო პოლიტიკის მომხრეა, მაგრამ მთავარი მიზნის მიღწევის გასაღები მას მაინც მოსკოვში ეგულება.

ინტერვიუში ვასაძემ თქვა:

  • „დამღუპველია ჩვენისთანა ქვეყნისთვის, ჩვენისთანა რეგიონში ფსონის დადება რომელიმე ერთ მოთამაშეზე, თუ სუვერენიტეტი გვინდა და არ გვინდა ვასალიტეტი, რომელიც ვართ...“
  • „მრავალპოლუსიან სამყაროში მხარეები ერთმანეთთან ყოველთვის არ აწარმოებენ პირდაპირ ომებს, ისინი აუცილებლად დემონსტრატიულად გაულახავენ ერთმანეთს გოშიებს და ვასალებს, ის რაც მოგვივიდა ჩვენ 2008 წელს (აგვისტოს ომი)...“
  • „ერმა უნდა თქვას, ხალხო, მეგობრებო, მეზობლებო, მტრებო, ოკუპანტებო, პარტნიორებო, ჩვენთვის მთავარია საქართველო გაერთიანდეს და ვიყოთ სუვერენული ქვეყანა... ამის სანაცვლოდ ჩვენ მზად ვართ, თქვენ გესაუბროთ, კი არ გაგინოთ, კი არ გაფურთხოთ, კი არ გელაქიოთ, კი არ გეხვეწოთ... არამედ როგორც ღირსეული ხალხი, ისე გესაუბროთ.. და ჩავრთოთ ამ პროცესში სხვა მხარეებიც - არის თურქეთი, არის ირანი, არის ჩინეთი“;
  • „ამ გზაზე თუ არ დავდგებით, არანაირი შანსი არ გვაქვს საქართველოს გამთლიანებისა... საქართველოს გამთლიანების გარეშე კი ჩემთვის ცხოვრებას აზრი არა აქვს... თუ შენ ხარ მართლა ეროვნული ორიენტაციის პატრიოტი, რომელსაც გესიზმრება აფხაზეთი და ლიახვის ხეობა, შენ ვალდებული ხარ, რომც დაიღუპო ამ პროცესში, რომც გაფურთხონ და გითხრან, რომ მოღალატე ხარ, შენ ვალდებული ხარ, ამაზე წახვიდე...“;
  • „თუ ეს არის დანაშაული, ვიყო დამნაშავე... არაფერს ვმალავ, ვიძახი 700 ათას ქართველთან ერთად, ვცხოვრობ და თავისუფლად ვმოძრაობ რუსეთში. არ შემეძლო დამემალა, რომ იქ ვიღაცეებს ვიცნობ და ვიღაცეებს რაღაცეებზე ველაპარაკები?! პირიქით, ღიად ვამბობ - ჩავალ, დაველაპარაკები, ვეცდები, რომ მოვაბრუნო, დავარწმუნო“;
  • „მოვიდა დრო, რომ დავემშვიდობოთ ამ ილუზიებს, რომანტიკას და გავხდეთ რეალისტები. მე ვარ მომხრე ცოტა კუშტი, ცოტა ასეთი - დაუღალავი რეალიზმისა და ოფლის ღვრისა ამ ფრონტზე და რა გამოვა, მე არ ვიცი, მაგრამ დარწმუნებული ვარ, მეტი გამოვა, ვიდრე ახლა გამოგვდის, რაა“;
  • სკეპტიკოსები ხშირად გვეკითხებიან - ვინმესთვის რუსეთს დაუბრუნებია წართმეული ტერიტორიები?!... შეიძლება ეფემერული იმედია, ძალიან ფრთხილი, მაგრამ მე წყალწაღებულივით ვეჭიდები იმ ხავსს, რომ ეს სეპარატისტული ტერიტორიები რუსეთს, მადლობა ღმერთს, ჯერ კიდევ არ შეუერთებია თავის ტერიტორიად და ისინი მან ცნო დამოუკიდებელ სახელმწიფოებად... მე მინდა დავინახო ამაში გარკვეული შანსი იმისთვის, რომ ჩვენ ვიმუშაოთ ამ ტერიტორიების დაბრუნებაზე“.

ვასაძის ამ ინტერვიუს ამონარიდები სწრაფად მოხვდა დუგინის სახელით მოქმედ ფეისბუკგვერდზე და ზოგადადაც, აშკარაა, რომ ამ გვერდზე თუ, ასევე, ფეისბუკზე მისი სახელით მოქმედ ჯგუფში, დუგინი ლევან ვასაძის რეკლამირებით არის დაკავებული და თითქმის ყოველი მეორე პოსტი სწორედ ვასაძეზეა.

დუგინი ვასაძეს, როგორც წესი, დიდ, პროგრესულ ინტელექტუალს უწოდებს და შიგადაშიგ მის ციტატებსაც იშველიებს, რომ, მაგალითად - „საქართველო მესამე იერუსალიმია“. თავად დუგინი მეორე იერუსალიმად რუსეთს მიიჩნევს.

26 მაისის შეხვედრის ამსახველი ფოტო-ვიდეოკადრებით გამოწვეული ვნებათაღელვის ფონზე, საზოგადოების ერთ ნაწილს სულაც არ გაჰკვირვებია თანამოაზრეებს შორის შემდგარი კიდევ ერთი, მორიგი შეხვედრა.

დუგინმა და ვასაძემ ერთად ივახშმეს და, სავარაუდოდ, იმ ქვეყნის (საქართველოს) სამომავლო პოლიტიკური გეგმებიც განიხილეს, რომლისთვისაც რუსეთის გასაღების მორგება დუგინის დიდი ხნის ნატვრაა. საქართველოს მოთვინიერება, დუგინის აზრით, რუსეთის მიერ მთელი სამხრეთ კავკასიის მოთვინიერებას ნიშნავს.

დუგინის რეკლამა

თუკი დავაკვირდებით, ალექსანდრ დუგინის გეგმა ლევან ვასაძის აქტიურობის შესაბამისად ვითარდება. თუკი თებერვალში, ვასაძესთან აფილირებული ტელეარხის - „ალტ-ინფოს“ ეთერში, ყარაბაღის კონფლიქტის შემდეგ რეგიონში შეცვლილ ვითარებაში, საქართველოს გადამრჩენელ „მესამე პოლიტიკურ ძალას“ დუგინი თითქოს მხოლოდ აბსტრაქტულად ნატრობდა; დღეს ის უკვე ლევან ვასაძის ფიგურის კრემლისთვის შეთავაზებით არის დაკავებული.

26 მაისით დათარიღებულ ვიდეოში, სადაც ულტრანაციონალისტი იდეოლოგი საბჭოთა კავშირს მისტირის და საქართველოს დასავლეთით იმედგაცრუებას უსვამს ხაზს, ლევან ვასაძის ახალ მოძრაობას ალტერნატიულ და პროგრესულ პოლიტიკურ ძალას უწოდებს და მოსკოვს მისით დაინტერესებას ურჩევს.

ამჯერად, ამ ვიდეოში დუგინი ვასაძეს „ქართველ პოეტად“ და „საზოგადო მოღვაწედ“ წარადგენს და ამბობს:

  • „პოზიტიურია ის, რომ „ერის“ მიზანია საქართველოს მართლმადიდებელ იდენტობის დასაცავად, ტრადიციული საზოგადოების ნორმებთან დაბრუნება, იცავს ტრადიციული ოჯახის ინსტიტუტს, ხისტად უპირისპირდება გლობალიზაციასა და ულტრალიბერალიზმს და კატეგორიულად უარყოფს გენდერულ პოლიტიკას“.
  • „ლევან ვასაძე შთაგონებული ქართველი პატრიოტია და რაღაც გაგებით - ქართველი ნაციონალისტიც. ის თავის პროგრამას ამყარებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მიზანზე და დაჟინებით იცავს ქვეყნის სრულ სუვერენიტეტს. ამან შესაძლოა მოსკოვს გარკვეული პრობლემები შეუქმნას“.
  • „ის არავითარ შემთხვევაში არ არის პროდასავლელი, მაგრამ არც პრორუსი პოლიტიკოსია“.
  • „თუკი რუსეთს უნდა, რომ მოაგვაროს თავისი გეოპოლიტიკური დაპირისპირებები ამ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან რეგიონში (რაც გამორიცხულია ერთმნიშვნელოვნად პროდასავლელი პოლიტიკოსის ხელში, მაგრამ თეორიულად შესაძლებელია ჭეშმარიტი ნაციონალური ლიდერის პირობებში), ვასაძის ფიგურასა და მოძრაობა „ერს“ ყურადღებით უნდა დააკვირდეს“.

მოუსმენს თუ არა მოსკოვი დუგინს? - სოციალურ ქსელებში კამათი ამ საკითხის გარშემოც არის გაჩაღებული.

ლევან ვასაძის მომხრეები იმედოვნებენ, რომ რუსეთის ხელისუფლებაში გავლენა ექნება „ასეთი დიდი კაცის“ მიერ შეწეულ სიტყვას, თუკი ის ამას გააკეთებს; ზოგი კი უკვე დარწმუნებულია, რომ სიტყვა კრემლში შეწეულიც არის და მოსმენილიც. სოციალურ ქსელებში ჩანს, რომ საზოგადოების არცთუ მცირე ნაწილი დუგინის მხარდაჭერას ვასაძის მიმართ რუსეთის ხელისუფლების მხარდაჭერად განიხილავს.

თუკი ალექსანდრ დუგინის გადაცემებს გადავხედავთ და მის ინტერვიუებს, განცხადებებს გავეცნობით, ვნახავთ, რომ ის არცთუ იშვიათად აკრიტიკებს რუსეთის ხელისუფლებას - განსაკუთრებით ზედა ეშელონებში ჩანერგილი „ამერიკელი ჯაშუშების“ გამო; მაგრამ რეალურად, ხან შეფარულად და ხანაც ღიად, დუგინი ყოველთვის აქებს რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს, რომლის შესახებაც წიგნის დაწერაც მოასწრო და ამ წიგნში მას „მზიანად“ მოიხსენიებს.

დუგინის ვიდეოებსა და განცხადებებს ინტერნეტში ათობით ათასი მოწონება და კომენტარი აქვს.

პოზიციების, შეფასებების მსგავსება

ლევან ვასაძეს ალექსანდრ დუგინთან მეგობრობა და თანამოაზრეობა არასდროს დაუმალავს და ამას მათი პოზიციების, შეფასებების მკაფიო მსგავსებაც ადასტურებს.

  • დუგინიც, ვასაძის მსგავსად, ანტიდასავლური განცხადებებით გამოირჩევა - ისინი მუდმივად აღნიშნავენ, რომ დასავლეთი მართლმადიდებელ ქართველებს იდენტობას აკარგვინებს, რყვნის და „ჰომოსექსუალიზმს“ აძალებს;
  • ისინი თვლიან, რომ რუსეთისკენ შებრუნება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის გარკვეულ თეორიულ შანსებს მაინც უჩენს. დუგინი ბოლო პერიოდში მუდმივად იმეორებს, რომ „ტერიტორიული მთლიანობის გასაღები რუსეთის ხელშია“ და ამაზე არცთუ ირიბად და ხშირად მიანიშნებს ლევან ვასაძეც;
  • მსგავსებაა 2008 წლის ომის შეფასებაშიც - ვასაძე თვლის, რომ საქართველო მაშინ დასავლეთის „მონობის“ გამო „გაილახა“ და ასევე დასავლეთის გაძლიერებული ზეგავლენების ლოგიკურ შედეგად მიიჩნევს აგვისტოს ომსა და ოკუპაციას დუგინიც;
  • დუგინი ხშირად აღნიშნავს, რომ რუსეთი არასოდეს დაუშვებს საქართველოს ნატოში გაწევრიანებასა და ამერიკული ბაზების განთავსებას საქართველოს ტერიტორიაზე; ლევან ვასაძე ამაზე ღია და პირდაპირ უარს არ ამბობს, მაგრამ მთელ მის რიტორიკაში, ბევრის აზრით, სწორედ ამგვარი მესიჯები იკვეთება.
  • დუგინის მსგავსად, ვასაძის მიზანია, მუდმივად ებრძოლოს „ლიბერალების მმართველობასა“ და „გლობალისტების გავლენებს“, „ტრადიციონალისტური, კონსერვატიული“ პრინციპების სასარგებლოდ.
ასევე ნახეთ ლევან ვასაძის გეგმები, რაობა, იმედი

რუსეთი

ლევან ვასაძე მუდმივად აპროტესტებს საზოგადოებაში დამკვიდრებულ პოზიციას, რომ მის უკან რუსეთი დგას და, სავარაუდოდ, საჭიროების შემთხვევაში, ფინანსურადაც დაეხმარება მას. „ერის“ ლიდერი ამბობს, ჯერ საკუთარი ფინანსებიც ჰყოფნის და სამომავლოდ, მის პარტიას ქართველი ბიზნესმენების დახმარების იმედიც ექნება.

ლევან ვასაძე საქართველოს მოქალაქეობასთან ერთად, რუსეთის მოქალაქეც არის და მას ჯერჯერობით რუსეთის პასპორტი არ დაუთმია.

რაც შეეხება დუგინთან კავშირებს, მაისის დასაწყისში გამართულ თავის პირველ პრესკონფერენციაზე, ვასაძემ განაცხადა, რომ ალექსანდრ დუგინი „გადაიბირა“ და მისი დამსახურებაა, რომ 2015 წლის შემდეგ, საქართველოს ოკუპაციაზე დუგინს ძველებური რადიკალური განცხადებები აღარ გაუკეთებია.

ულტრანაციონალისტმა იდეოლოგმა, ალექსანდრ დუგინმა ბოლო წლებში ტონი მართლაც შეარბილა და შესაძლოა, ძველებურად აღარ ყვირის, მაგრამ ბევრისთვის მაინც იოლად შესამჩნევია, რომ მისი განცხადებების შინაარსი თითქმის საერთოდ არ შეცვლილა. დუგინი კვლავაც აღნიშნავს, რომ 2008 წლის აგვისტოს ომი და თანმდევი ოკუპაცია მოსკოვის იძულებითი ნაბიჯი იყო და ქართველებმა ყველაფერი საკუთარ თავს უნდა დააბრალონ.