"ნამახვანჰესის" მშენებლობის მოწინააღმდეგე, მაკა სულაძე, რომელსაც აქციებზე მუდმივად დიდი ჯვარი ეჭირა ხელში, სხვა რელიგიის წარმომადგენლების პატივსაცემად უარს ამბობს ამ ფორმით პროტესტის გაგრძელებაზე. აქციაზე სიტყვით გამოსვლის დროს მან თქვა, რომ ადამიანებს შორის ტოლობის ნიშანი უნდა დაისვას.
"გთხოვთ, თუ გინდათ ვიყოთ მართლაც თავისუფლები, მართლაც დამოუკიდებლები, მართლა ღირსეული ერი, ერთმანეთს ვცეთ პატივი, ერთმანეთის ღირსება დავიცვათ და რაღაც დავთმოთ. თუკი ჩვენი წარდგენა საზოგადოებაში რაიმე ნიშნით პრობლემას უქმნის, მოდი და შევცვალოთ.
აი, მე დღეს იმ ჯვრით არ ვმონაწილეობ მსვლელობაში, რომელიც აქამდე გულით მიტარებია. ის ჩემთვის ძალიან ძვირფასია და ყოველთვის ასე დარჩება. ის ჩემი არა მხოლოდ რწმენის სიმბოლოა, არამედ ჩემი მიწის, ჩემი ცის და ჩემი სულკურთხეული დედის სიმბოლოა, მაგრამ თუკი გვერდით მიდგას სხვა რელიგიის წარმომადგენელი და მან ეს არ იცის, შეიძლება ამით უხერხულობა შევუქმნა.
გადავწყვიტე, რადგან თბილისი მრავალფეროვანი ქალაქია, მე ჩემი ჯვრის ტარებით არ შევუქმნი უხერხულობას. ეს არის მაგალითი მათთვის, ვისაც პრინციპულად უნდა, რომ განმასხვავებელი ნიშანი ატაროს", - თქვა მაკა სულაძემ და მალევე განმარტა, რომ საუბარია იმ დიდ ჯვარზე, რომელიც მას ხელით დააქვს.
დღევანდელ აქციაზე "რიონის ხეობის მცველებმა" არაერთხელ გაამახვილეს ყურადღება მრავალფეროვნებასა და განსხვავებულის მიღებაზე.
"ძალადობის დაგმობა ჩვენი მხრიდან უნდა იყოს აბსოლუტურად მკვეთრი... ურთიერთვერატანა ჩვენი საზოგადოებისთვის არის დამღუპველი. ეს არის, რასაც ეყრდნობა ჩვენი მოწინააღმდეგე", - თქვა "ნამახვანჰესის" მშენებლობის საწინააღმდეგო აქციის ერთ-ერთმა ლიდერმა, მარიტა მუსელიანმა.
აქციის ორგანიზატორების ამ გამოსვლებს წინ უსწრებდა გუშინ აქციაზე მისულ მხარდამჭერებს შორის კონფლიქტი. "რესპუბლიკის მოედანზე" ლგბტ სამკლავურით მისული მხარდამჭერი და მისი მეგობარი, ასევე, აქციაზე მყოფმა ჰომოფობიურმა ჯგუფებმა გააძევეს.
ასევე ნახეთ ლგბტ სამკლავურის გამო "ნამახვანჰესის" მოწინააღმდეგეთა აქციიდან აქტივისტები გააძევესჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეთა აქციამ რიონის ხეობიდან თბილისში კვირას, 23 მაისს გადაინაცვლა. აქციის ორგანიზატორები ამბობდნენ, რომ თუ არ შესრულდებოდა მათი მოთხოვნები, თბილისის ქუჩების პარალიზებას შეეცდებოდნენ. მანამდე 200-ზე მეტი დღის განმავლობაში ისინი აქციას რიონის ხეობაში მართავდნენ.