ლგბტ - ფერადი სამკლავურის გამო ჰომოფობიურმა ჯგუფებმა "ნამახვანჰესის" მოწინააღმდეგეთა აქციის რამდენიმე მონაწილე აიძულეს, დაეტოვებინა რესპუბლიკის მოედანი, სადაც ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეთა აქცია მიმდინარეობს. რამდენიმე ახალგაზრდის გაძევებისას ულტრამემარჯვენე ჯგუფის ერთ-ერთი ლიდერის, გურამ ფალავანდიშვილის შვილი, ალექსანდრე ფალავანდიშვილი აქტიურობდა.
ალექსანდრე ფალავანდიშვილი აქციაზე სამკლავურით მისულ სალომე ბარკერსა და მის მეგობრებს "მტრებს" უწოდებდა. "მოიხსენი ეს", - მიმართავდნენ გაძევების მომხრეები აქციაზე მისულ აქტივისტს. სალომე ბარკერს.
სალომე ბარკერს აქციის მონაწილეებს შორის დამცველებიც გამოუჩნდნენ. ერთ-ერთმა ახალგაზრდამ ლეჩხუმიდან მას უთხრა, რომ "გვერდით დაუდგებოდა", თუმცა ამ ინციდენტის შემდეგ ახალგაზრდებმა ტერიტორია დატოვეს.
"ჩემთვის საერთოდ არ არის სასიხარულო, რომ აქედან წასვლა მიწევს. საერთოდ არ მჩვევია გაქცევა. არ მინდა, კიდევ ყვირილი და ჩხუბი ატყდეს... რიონის ხეობა დაიცვან, რისთვისაც არიან აქ ჩამოსული და არა აქციიდან ხალხი გაყარონ", - თქვა სალომე ბარკერმა.
"ნამახვანჰესის" მშენებლობის მოწინააღმდეგეთა აქციამ რიონის ხეობიდან თბილისში გუშინ გადმოინაცვლა. აქციის მონაწილეებმა მთავრობას მოთხოვნები წაუყენეს და რამდენიმე საათი მისცეს. ამ ვადის ამოწურვამდე რამდენიმე წუთით ადრე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ "ულტიმატუმებით საუბარი ბნელი 90-იანების გადმონაშთია".
"ნამახვანჰესის" მშენებლობის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებმა გუშინ, 23 მაისს, თბილისში, რესპუბლიკის მოედანზე გამართული მრავალათასიანი აქციის შემდეგ კარვები გაშალეს. ამ დროისათვის მოედანზე 20-ზე მეტი კარავია გაშლილი.
აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის, ვარლამ გოლეთიანის განცხადებით, საპროტესტო მოძრაობის წევრები კარვებში დაელოდებიან 24 მაისის 12:00 საათს. სწორედ ამ დრომდე მისცეს მათ ხელისუფლებას ვადა მათ მიერ დაყენებული მოთხოვნების შესასრულებლად.
საპროტესტო აქციის მონაწილეთა მოთხოვნები ასეთია:
- გაწყდეს 2019 წ. 25 აპრილს ხელმოწერილი ხელშეკრულება საქართველოს მთავრობასა და კომპანია "ენკა რინიუებლზს" შორის მდინარე რიონზე დაგეგმილი ნამახვანის ჰესების კასკადის მშენებლობის შესახებ და კომპანიამ დატოვოს რიონის ხეობა.
- გაუქმდეს საქართველოს მთავრობის 2019 წლის 21 ნოემბრის #2405 განკარგულება "სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს "ენკა რინიუებლზისათვის" აღნაგობის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემისა და პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ".
- გაუქმდეს ნამახვანის ჰესების კასკადზე 2015 წელს გაცემული სამშენებლო ნებართვა და ყველა სხვა მასზე დაფუძნებული დოკუმენტი.
- თანამდებობიდან გადადგეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა.
- საპროტესტო აქციის მონაწილეთა მოთხოვნებში ასევე შედის ყველა იმ პირის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება, ვინც უშუალოდ მონაწილეობს ამ პროექტში.