ნამახვანჰესის საწინააღმდეგო აქციაზე სიტყვით გამოსვლისას "რიონის ხეობის მცველების" მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა, ვარლამ გოლეთიანმა ილაპარაკა რესპუბლიკის მოედანზე დღეს მომხდარ დაპირისპირებაზე, სადაც ალექსანდრე ფალავანდიშვილი თავს დაესხა მოძრაობა "სირცხვილიას" აქტივისტ სალომე ბარკერს "ცისარტყელას სამკლავურის" გამო და ტერიტორიის დატოვება მოსთხოვა. ვარლამ გოლეთიანის თქმით, მათი მოძრაობა ძალადობას ემიჯნება და სურს, რომ მათი პროტესტი იყოს მშვიდობიანი, მაგრამ არ ემხრობა არანაირი სიმბოლიკის გამოყენებას ნამახვანჰესის საწინააღმდეგო აქციაზე.
"რა არის ახლა ამ ძალადობის და დაპირისპირების გამომწვევი მიზეზები? ეს შეიძლება გახდეს რაღაც სიმბოლიკები და ჩვენ მუდმივად ვამბობთ, რომ ნებისმიერი ტიპის სიმბოლიკა, რაც არ არის სახელმწიფო სიმბოლიკა, არ დაიშვება ჩვენს აქციებზე და გთხოვთ, რომ ეს გაითვალისწინოთ", - თქვა ვარლამ გოლეთიანმა აქციაზე სიტყვით გამოსვლისას.
თავად სალომე ბარკერი ამბობს, რომ მას სამკლავური 2019 წლიდან მუდმივად უკეთია და აქციაზეც, სადაც 12 საათისთვის მივიდა, სხვა არაერთი ადამიანი იყო სხვადასხვა სიმბოლიკით (ჯვრები, დროშები და სხვა).
"მეცა გურამ ფალავანდიშვილის ვაჟი და ჩამაფრინდა მკლავზე და მიბრძანა, რომ ეს მოვიხსნა, აქ პრაიდი არ არის. მე ვუპასუხე ძალიან მშვიდად, რომ ეს მიკეთია ყოველდღე, ყველგან, უკვე ორი წელია და არ ვაპირებ მოხსნას. ასევე ვუთხარი რომ ეს დაძაბულობა, რაც თავად შექმნა ჩემ ირგვლივ, საერთოდ არავის არ სჭირდება და საქმეს აფუჭებს, და ასევე ვუთხარი, რომ ცოტა ხანში ერთად მოგვიწევდა პოლიციასთან ბრძოლა, და ტყუილად კარგავდა დროს და ფოკუსს.
უცბად დაემატნენ ირგვლივ სხვებიც, იცით ხო როგორც ხდება? ვიღაც სხვამაც მიფათურა ხელი მკლავზე, მოხსნას ცდილობდა, ვიღაცამ საერთოდ “ტრუსიკით რატო ხარ აქციაზე, შარვალი ჩაიცვიო” მომიწოდა, დამესიენ აქედან-იქიდან, რას ჰგავხარო, ვიღაც ქალმა შენნაირების ადგილი აქ არ არისო და ასე შემდეგ.
გამორიდება ვცადე, და მაგის საშუალებასაც არ მაძლევდნენ, გადიო და კარვების გადათელა მომიწია ისე დამეხვივნენ გარს, პროვოკატორს გვეძახდნენ მე და ზუკას, როცა ვცდილობდით ტერიტორიის დატოვებას მიუხედავად იმისა, რომ მივედით მხარდასაჭერად", - წერს სალომე ბარკერი მომხდარის შემდეგ ფეისბუკზე. კადრებში, რომელიც რადიო თავისუფლებამ გადაიღო შემთხვევის ადგილას, ისმის, როგორ იძახიან აქციის მონაწილეები ჰომოფობიურ შეძახილებს სალომე ბარკერის და ზუკა ბერძენიშვილის მისამართით.
Your browser doesn’t support HTML5
"თქვენ იცით, რომ ჩვენი სახალხო მოძრაობა აერთიანებს ყველა ადამიანს და ყველას აქვს იმის უფლება, რომ თავის მოქალაქეობრივ ფარგლებში გამოხატოს პროტესტი აქ და ამიტომ იმ დაპირისპირებას, რაც აქ ხდება, მკაფიოდ ვემიჯნებით", - ასეთია ვარლამ გოლეთიანის პოზიცია მომხდარ დაპირისპირებაზე.
ასევე ნახეთ ლგბტ სამკლავურის გამო "ნამახვანჰესის" მოწინააღმდეგეთა აქციიდან აქტივისტები გააძევეს"ნამახვანჰესის" მშენებლობის მოწინააღმდეგეთა აქციამ რიონის ხეობიდან თბილისში გუშინ გადმოინაცვლა. აქციის მონაწილეებმა მთავრობას მოთხოვნები წაუყენეს და რამდენიმე საათი მისცეს. ამ ვადის ამოწურვამდე რამდენიმე წუთით ადრე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ "ულტიმატუმებით საუბარი ბნელი 90-იანების გადმონაშთია".