რა უნდა იცოდე, თუკი წელს აპირებ ევროპაში მოგზაურობას

ევროპულმა საბჭომ გუშინ, 20 მაისს, მიიღო რეკომენდაციები ევროკავშირში ტურისტულ და სხვა არააუცილებელ მოგზაურობასთან დაკავშირებით. ეს არის პირობები, რომლებსაც არაწევრი ქვეყნები უნდა აკმაყოფილებდნენ, რათა მათმა მოქალაქეებმა ევროკავშირში შეზღუდვების, მათ შორის, კოვიდტესტირებისა და კარანტინის გარეშე შეძლონ შესვლა. საქართველო ვერ აკმაყოფილებს ამ მოთხოვნებიდან მთავარს, კარგ ეპიდსიტუაციას, თუმცა ზოგიერთი პარამეტრით ჯდება ევროსაბჭოს მიერ შემუშავებულ ჩარჩოში.

ვინ შეძლებს ევროკავშირში შეზღუდვების გარეშე მოგზაურობას?

ახალი რეკომენდაციის მიხედვით, ევროკავშირს გარეთ მყოფი ქვეყნებიდან მოქალაქეები იმ შემთხვევაში შეძლებენ ევროპაში შესვლას, თუ მათ ქვეყანაში ბოლო ორი კვირის განმავლობაში COVID-19-ით 100 000 კაცზე მაქსიმუმ 75 არის დაავადებული. აქამდე ეს რიცხვი 25 ადამიანს შეადგენდა.

ამასთანავე, ევროკავშირი გაითვალისწინებს შემსვლელის ქვეყანაში გავრცელებულ სხვადასხვა შტამს.

მსჯელობენ იმაზეც, რომ მომავალში შესაძლოა ევროკავშირმა არაწევრი ქვეყნების მოქალაქეებს იმ შემთხვევაშიც დართოს შესვლის ნება შეზღუდვების, კარანტინის და PCR ტესტის გარეშე, თუ ეს მოგზაურები ევროპის მედიკამენტების სააგენტოს (EMA) მიერ დამტკიცებული ვაქცინით იქნებიან აცრილი.

შეიძლება კარანტინი და ტესტირება არც მათ დასჭირდეთ, ვინც მოგზაურობამდე 14 დღის განმავლობაში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ საგანგებო მოხმარებისთვის განთავსებული ვაქცინითაა აცრილი.

ჯერჯერობთ ეს ბოლო ორი შესაძლებლობა მხოლოდ განიხილება და არ მოქმედებს.

თუ არაწევრ ქვეყანაში ეპიდსიტუაცია მკვეთრად გაუარესდება, წევრი ქვეყნები იტოვებენ უფლებას, კვლავ შემოიღონ შეზღუდვები.

კიდევ რა კრიტერიუმებს ითვალისწინებენ ევროკავშირის ქვეყნები?

ახალი შემთხვევების სტაბილურად დაღმავალი ტენდენცია, ტესტირებების რაოდენობა, 4 % პოზიტიურობის მაჩვენებელი ყველა ჩატარებულ ტესტზე, COVID-19-ზე ქვეყნის რეაგირება და ქვეყნის ეპიდემიოლოგიური სიტუაციის შესახებ ინფორმაციის სანდოობა.

შესაძლებელია ორმხრივი შეთანხმებაც. ასეთ შემთხვევაში წევრი ქვეყანა პირდაპირ უთანხმდება ევროკავშირის გარეთ მყოფ ქვეყანას, რა რეგულაცია იმოქმედებს მათი მოქალაქეებისთვის მოგზაურობის დროს.

რას ნიშნავს ეს საქართველოსთვის?

ეპიდემილოგიური მაჩვენებლებით საქართველო ჯერ კიდევ შორსაა ევროკავშირის რეკომენაციისთვის დამაკმაყოფილებელი შედეგისგან: საქართველოში დადებითობის ბოლო 14 დღის მაჩვენებელი ამჟამად 4.46 %-ია [21 მაისი], რაც ევროსაბჭოს მოთხოვნებს არ აკმაყოფილებს. რაც შეეხება დადასტურებული დიაგნოზების რაოდენობას 100 000 სულ მოსახლეზე, რადიო თავისუფლებას დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ, ასე უპასუხა:

„ევროკავშირი ორკვირიანით ითვლის [ამ მონაცემს], ჩვენ - ერთკვირიანით. ერთკვირიანი საკმაოდ მაღალი გვაქვს, ორჯერ მეტი გვაქვს ორკვირიანზე, ამიტომ ამ კრიტერიუმს ვერ დავაკმაყოფილებთ“.

პაატა იმნაძის პროგნოზით, საქართველო „მწვანე ქვეყნების” რიგს ივნისის მეორე ნახევრისთვის შეუერთდება, თუმცა რა არგუმენტებზე დაყრდნობით აქვს ოპტიმისტური პროგნოზი, აღარ განმარტავს.

ორმხრივობის პრინციპი - ვინაიდან ევროკავშირის წევრი ქვეყნები ორმხრივობის პრინციპს ითვალისწინებენ, შესაძლოა, შეზღუდვები მოგვიხსნას უნგრეთმა.

„ჩვენ და უნგრეთს გვაქვს ერთმანეთის ვაქცინაციის ცნობა. კი, არის ქვეყნები, სადაც ახლა ჩინურ ვაქცინას არ აღიარებენ, მაგრამ მგონია, რომ ეს ყველაფერი ძალიან მალე შეიცვლება“.

აღიარებული ვაქცინები - ევროკავშირის წამლის სააგენტო (EMA) ვაქცინებს საკუთარ ავტორიზაციას ანიჭებს, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისგან განცალკევებით. EMA-ს აღიარებული ვაქცინებია Pfizer/BioNTech, Moderna, AstraZeneca და Johnson&Johnson.

ევროსაბჭო უშვებს, რომ შეზღუდვებს მოუხსნის ჯანმოს მიერ საგანგებო მოხმარებისთვის განთავსებულ ვაქცინებსაც. საქართველოში ეს Pfizer/BioNTech, AstraZeneca და „სინოფარმია“.

საქართველოში ხელმისაწვდომი ვაქცინებიდან აღიარება არ მიუღია მხოლოდ „სინოვაკს“, რომლითაც აცრა დღეს დაიწყო. ჩინური წარმოშობის „სინოვაკის“ მწარმოებელს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ დამატებითი დოკუმენტაცია მოსთხოვა. „სინოვაკს“ განიხილავს ევროპის წამლის სააგენტოც.

ევროკავშირის „მწვანე სერტიფიკატი“ და ქართული „კოვიდპასპორტი”

ევროსაბჭო მუშაობს ციფრული მწვანე სერტიფიკატის შემოღებაზე, რომელიც სპეციალური აქტის შემდეგ თანხვედრაში მოვა არაწევრი ქვეყნების აცრის სერტიფიკატებთან. სანამ ეს მოხდება, წევრ ქვეყნებს უნდა შეეძლოთ მიიღონ ამ ქვეყნის მოქალაქეები მონაცემების წარდგენის საფუძველზე. თავშივე იგულისხმება, რომ მონაცემები სანდო და გადამოწმებულია.

ეს არ ნიშნავს, რომ ვალდებული იქნებით, ევროკავშირის ქვეყნებს თქვენი ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდოთ. ევროკომისიის მითითებით, „მწვანე სერტიფიკატი“ მხოლოდ აუცილებელ, ლიმიტირებულ მონაცემებს უნდა შეიცავდეს და შემოწმდება მხოლოდ დოკუმენტის ნამდვილობა, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მონაცემები კი მხოლოდ დოკუმენტის გამცემ სახელმწიფოში რჩება.

ასევე ნახეთ საქართველო კოვიდპასპორტს ქმნის - რა ვიცით, რა არა

ქართული „კოვიდპასპორტის“ კონცეფცია უკვე შემუშავებულია. ის მოიცავს პერსონალურ ინფორმაციას: მოქალაქის სახელს, დაბადების თარიღს, ინფორმაციას იმის შესახებ, გაკეთებული აქვს თუ არა კოვიდვაქცინა და რომელი, გადატანილი აქვს თუ არა კორონავირუსი, PCR ტესტის პასუხი ბოლო 72 საათის განმავლობაში. კოვიდპასპორტს ექნება აპლიკაციის ფორმა, რომელსაც მომხმარებელი Google Play-დან და App Store-იდან გადმოიწერს. ასევე, შესაძლოა შემოიღონ ბეჭდური დოკუმენტი QR კოდით.

საქართველოს ხელისუფლება აპირებს, რომ ივნისის ბოლომდე აცნობოს საზოგადოებას, როდის გაიცემა კოვიდპასპორტი, და გაასაჯაროოს დეტალები.