21 მაისს იწყება „სინოვაკით“ ვაქცინაციისთვის რეგისტრაცია

ხვალ, 21 მაისს 12 საათზე იწყება ჩინური წარმოების „სინოვაკით“ ვაქცინაციისთვის რეგისტრაცია. აცრის პროცესი 24 მაისს დაიწყება.

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს განმარტების თანახმად „სინოფარმის“ მსგავსად „სინოვაკიც“ ტრადიციულ მეთოდზე, ანუ ინაქტივირებული ვირუსის მეთოდოლოგიაზეა დამყარებული და 18 წლის ზემოთ ასაკის პირებისთვის გამოიყენება. ვაქცინაციისთვის საჭირო 2 დოზა, რომელიც 21 დღის ინტერვალით კეთდება.

„სინოვაკით“ აცრისთვის ვიზიტის დასაჯავშნად მსურველები უნდა ეწვიონ ვებგვერდს booking.moh.gov.ge, ან დარეკონ ნომერზე 1522.

ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ოფიციალური მონაცემებით სხვადასხვა ქვეყნებისთვის მიწოდებულია 260 მლნ. დოზა "სინოვაკის" ვაქცინა.

ვაქცინას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაცია ჯერჯერობით არ აქვს.

ასევე ნახეთ „სინოვაკისგან" დამატებითი დოკუმენტაცია მოვითხოვეთ - ჯანმო

სამინისტროში განმარტავენ, რომ „სინოვაკი“ დადებითად შეფასდა იმუნიზაციის ექსპერტთა სტრატეგიულ მრჩეველთა ჯგუფის (The Strategic Advisory Group of Experts on Immunization) მიერ.

"სინოვაკის" 100 000 დოზა, როგორც ჩინეთის მთავრობის დონაცია, საქართველომ 29 აპრილს მიიღო. იმუნიზაციის საბჭომ და ვაქცინაციის გაფართოებულმა საბჭომ "სინოვაკით" ვაქცინაციის პროცესის დაწყებას მანამ, სანამ პრეპარატი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაციას მიიღებს, 11 მაისს დაუჭირეს მხარი.

ასევე ნახეთ რა ვიცით „სინოვაკის“ შესახებ

საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესი 15 მარტს დაიწყო. დღევანდელი მდგომარეობით, აცრა შესაძლებელია ბრიტანულ-შვედური „ასტრაზენეკას“ ვაქცინით, თუმცა, მხოლოდ 45 წელზე უფროსი ასაკის მოქალაქეებისთვის.

უკვე ამოწურულია ამერიკული „ფაიზერის“ ვაქცინის პირველი დოზები (29500), რომლითაც მხოლოდ სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები და 65 წელზე უფროსი ასაკის მოქალაქეები იცრებოდნენ.

18 წელზე უფროსი ასაკის მოქალაქეებს აცრა შეუძლიათ ჩინური „სინოფარმის“ ვაქცინით, თუმცა, ამ ეტაპზე ახალი რეგისტრაციის შესაძლებლობა აქვთ მხოლოდ ე.წ. სტრატეგიული ჯგუფების წარმომადგენლებს, რომლებიც ორგანიზებულად იცრებიან.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის თანახმად, 20 მაისის მონაცემებით, ჯამურად ჩატარებულია 101 415 აცრა. სრულად ვაქცინირებულია 15 874 ადამიანი.