ეკა სხილაძე ნინოწმინდის პანსიონზე: სახელმწიფოა ამ ბავშვებზე პასუხისმგებელი

ეკა სხილაძე, სახალხო დამცველის მოადგილე

სახალხო დამცველის მოადგილე ეკა სხილაძე ნინოწმინდის პანსიონში ომბუდსმენის წარმომადგენლის არ შეშვების ფაქტთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ შექმნილ ვითარებაში პასუხისმგებელია სახელმწიფო, რომელიც უგულებელყოფს იქ მყოფი არასრულწლოვნების ინტერესს. რადიო თავისუფლების „დილის საუბრებში“ მან განაცხადა, რომ მსგავსი ტიპის ინსტიტუციაში მცხოვრები არასწრულწლოვნების ინტერესი არის ის, რომ დაწესებულება მუდმივად იყოს დამოუკიდებელი ორგანოს დაკვირვების ქვეშ, რათა ბავშვთა უფლებები არ დაირღვეს.

„ამ კონკრეტულ შემთხვევაში ჩვენი ყველა საკითხი დგას სახელმწიფოს წინაშე. მან გასცა ლიცენზია ამ დაწესებულებაზე, ის არის პასუხისმგებელი იმაზე, რომ დღეს ეს ბავშვები ამ დაწესებულებაში ცხოვრობენ. და მოდით, თავიდანვე ვთქვათ ის, რომ ბავშვებისთვის ამხელა ტიპის დაწესებულებაში ცხოვრება იმთავითვე არის მათი უფლებების დარღვევა იმიტომ, რომ ვერ ვისაუბრებთ ჩვენ ოჯახურ გარემოზე და მათი ინდივიდუალური საჭიროებების დაკმაყოფილებაზე დაწესებულებაში, სადაც 56 არასრულწლოვანი ერთ სივრცეში ცხოვრობს.

შესაბამისად ჩვენ ცხადია მეუფე სპირიდონის გამონათქვამებს არ ვაფასებთ, რადგან მასთან სწორედ სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს საუბარი, მან უნდა იფიქროს ამ დაწესებულების მიმართ შესაბამისი ზომების გატარებაზე“, - ამბობს ეკა სხილაძემ „დილის საუბრებში“. მისი თქმით, სახალხო დამცველის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობასთან დაკავშირებით დაწყებულია წარმოება, რაც ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს, თუმცა სახელმწიფო არც ამ მიმართულებით აქტიურობს.

ეკა სხილაძე აღნიშნავს იმასაც, რომ სახალხო დამცველის საქმიანობის პრაქტიკაში აქამდე არ ყოფილა შემთხვევა, როდესაც ვერ შეძლო მონიტორინგის განხორციელება მსგავსი ტიპის დაწესებულებაში. იგი ამბობს, რომ ომბუდსმენი მოუწოდებს სახელმწიფოს, გადახედოს ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის ლიცენზირების პირობებს და წარადგინოს ზოგადი ხედვა, რა გეგმა აქვს მას იქ მყოფი 56 არასრულწლოვნის უფლებების დასაცავად.

"ერთი წლის განმავლობაში, როდესაც სოციალურ მუშაკს არ უშვებდნენ დაწესებულებაში, მაშინაც ჰქონდათ შესაძლებლობა, რომ სამართლებრივი ბერკეტები გამოეყენებინათ ლიცენზირებასთან მიმართებით, თუმცა ჩვენ ეს ვერ დავინახეთ. ასევე ჩვენ ვერ ვხედავთ იმას, რომ გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტის დროებითი ღონისძიება შესრულდეს, რომელიც რეპუტაციულიც არის მავალდებულებელთან ერთად სახელმწიფოსთვის. ჩვენ დავინახეთ, რომ ამ დაწესებულებასთან მიმართებით ეს ღონისძიებაც ვერ შესრულდა ეფექტურად და არ გადაიდგა ქმედითი ნაბიჯები ...ამ კონკრეტულ შემთხვევაში ჩვენ ვფიქრობთ, რომ ერთ-ერთი დამაბრკოლებელი არის დაწესბულების ტიპი და სახელმწიფო ერიდება გარკვეულ აქტიურ კომუნიკაციას მათთან, თუმცა ჩვენ არ უნდა დაგვავიწდეს, რომ ამ კომუნიკაციის უკან დგანან ეს არასრუწლოვნები და ეს ბავშვები“, - ამბობს ეკა სხილაძე "დილის საუბრებში".

ასევე ნახეთ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში სახალხო დამცველის რწმუნებულები ისევ არ შეუშვეს

19 მაისს საქართველოს სახალხო დამცველის რწმუნებულები განმეორებითი ვიზიტით იმყოფებოდნენ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში, თუმცა მონიტორინგის განხორციელების შესაძლებლობა, გაეროს ბავშვთა კომიტეტის მიერ მიღებული დროებითი ღონისძიების მიუხედავად, კვლავ არ მიეცათ. დაწესებულების წარმომადგენლებმა გასაუბრება არ ისურვეს და ამის მიზეზად, ხელმძღვანელის მითითება დასახელდა.

სახალხო დამცველის აპარატმა პანსიონის მონიტორინგი მიმდინარე წლის 15 აპრილსაც ვერ მოახერხა. აღნიშნულთან დაკავშირებით, ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ მიმართვის საფუძველზე, გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტმა 7 მაისს გამოსცა დროებითი ღონისძიება, რითაც სახელმწიფოს დაავალა - დაუყოვნებლივ უზრუნველეყო შესაბამისი უფლებამოსილების მქონე მონიტორინგის განმახორციელებელი ორგანოების მიერ ნინოწმინდის პანსიონში ბავშვის უფლებრივი მდგომარეობის შემოწმება. სახალხო დამცველის მიერ საკითხის გასაჯაროების შემდეგ, სახელმწიფო სოციალურ მუშაკს მიეცა დაწესებულებაში ვიზიტის შესაძლებლობა, (თითქმის ერთი წლის შემდეგ), თუმცა, სახალხო დამცველის აპარატში მიიჩნევენ, რომ აღნიშნული ვერ ჩაითვლება გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტის დროებითი ღონისძიებების შესრულებად.

ასევე ნახეთ ნინოწმინდის პანსიონში სოციალური მუშაკი შევიდა - ბავშვებისთვის აქცია გაიმართება თბილისში

ნინოწმინდის ობოლ, უპატრონო და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა პანსიონი საპატრიარქოს დაქვემდებარებაშია. იმის პარალელურად, რომ ომბუდსმენის აპარატი პანსიონში შესვლას ვერ ახერხებს, სასულიერო პირები აკეთებენ პირადად სახალხო დამცველის მიმართ შეურაცხმყოფელ და ომბუდსმენის სახელმწიფო ინსტიტუტის მიმართ დამაკნინებელ განცხადებებს.

ასევე ნახეთ ნინოწმინდის ჩაკეტილი ბავშვთა პანსიონი - რატომ დუმს სახელმწიფო?