რას ეძებენ საქართველოში ჩამოსული ყაზახი გამომძიებლები? - ასსელის საქმე

26 წლის ყაზახი ქალის გარდაცვალების საქმეზე, 19 მაისს, ნურსულთანიდან თბილისში, ყაზახ გამომძიებელთა ჯგუფი ჩამოვიდა. როგორც რადიო თავისუფლებას საქართველოს პროკურატურაში ეუბნებიან, ყაზახი გამომძიებლები ქართველ კოლეგებთან ერთად საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ.

კონკრეტულად რა საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდება საქართველოში, ამის შესახებ პროკურატურა ინფორმაციას, ჯერჯერობით, არ აკონკრეტებს. უწყების განმარტებით, საგამოძიებო მოქმედებები ეხება ყაზახი ქალის გარდაცვალების ფაქტზე დაკავებული ყაზახეთის მოქალაქის სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე გამოძიებას:

„ყაზახეთის მოქალაქის მურატ მეირბეკოვის სისხლის სამართლის საქმეზე ყაზახურმა მხარემ სამართლებრივი დახმარების თხოვნით მოგვმართა, რომელიც ქართული მხარის მიერ მყისიერად იქნა დაკმაყოფილებული. ამ დროისთვის, ყაზახეთის საგამოძიებო ჯგუფი უკვე საქართველოში იმყოფება და ქართველ კოლეგებთან ერთად საგამოძიებო მოქმედებებს ატარებს. ასევე, მათ ქართული მხარის მიერ ბრალდებულ მეირბეკოვის სისხლის სამართლის საქმის მასალები გადაეცათ“.

ყაზახი გამომძიებლები, ამ დროისათვის, საქმის მასალებს ეცნობიან თბილისში, დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის სამმართველოს მეორე განყოფილებაში. პოლიციის განყოფილებაში მივიდა გამოკითხვაზე, საქმის ერთ-ერთი მთავარი მოწმე, ყაზახეთის მოქალაქე აიდოს შაიმერდენოვი. ყაზახი გამომძიებლები, სავარაუდოდ, დღესვე გამოკითხავენ საქმის კიდევ ერთ მთავარ მოწმეს თეა გიორგაძეს. აიდოს შაიმერდენოვი და თეა გიორგაძე იმ კომპანიაში მუშაობდნენ, რომელშიც ასელ აიტპაევა აპრილის ბოლოს, მურატ მეირბეკოვის მოწვევით ჩამოვიდა.

გავრცელებული ინფორმაციით, დღის ბოლოს, ყაზახი გამომძიებლები საგამოძიებო მოქმედებების ჩასატარებლად ასსელ აიტპაევას გარდაცვალების ადგილზე, კედიას 10 ნომერში მივლენ.

აიტპაევას საქმის ბრალდებულები და ბრალდებები

ასსელ აიტპაევას გარდაცვალების საქმეზე, ორი პირია დაკავებული, ერთი საქართველოში, საქართველოს მოქალაქე, 56 წლის ბესიკ თორდუა და მეორე ყაზახეთში, ყაზახეთის მოქალაქე, 36 წლის მურატ მეირბეკოვი.

გამოძიება საქართველოსა და ყაზახეთში ჯამში სამი მუხლით მიმდინარეობს. მათგან ორი, გაუპატიურებისა (სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლი) და თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით (სსკ-ის 115-ე მუხლით), გამოძიება საქართველოში 5 მაისს დაიწყო. სწორედ ამ მუხლებით წარედგინა ბრალი საქართველოს მოქალაქეს ბესიკ თორდუას 6 მაისს. რაც შეეხება, მესამე, ადამიანით ვაჭრობის მუხლს (ყაზახეთის სისხლის სამართლის კოდექსის 128-ე მუხლი), ყაზახეთში ამ მუხლით გამოძიება 16 მაისს დაიწყო. 18 მაისს ნურსულთანის სპეციალიზებულმა რაიონულმა საგამოძიებო სასამართლომ, ამ ბრალდებით, წინასწარი ათდღიანი პატიმრობა შეუფარდა 36 წლის მურატ მეირბეკოვს. მას საქართველოს პროკურატურამ 14 მაისს დაუსწრებლად წარუდგინა ბრალი გაუპატიურების მუხლითაც.

ასსელის გარდაცვალების საქმის ძირითადი დეტალები

26 წლის ყაზახი ქალი, ასსელ აიტპაევა საქართველოში 27 აპრილს, სამუშაოდ ჩამოვიდა. ერთ კვირაში, 5 მაისს, ის თბილისში, კედიას ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ფანჯრების ქვეშ, გარდაცვლილი იპოვეს. პროკურატურის ოფიციალური განცხადების თანახმად, 5 მაისს, თბილისში, 56 წლის ბესიკ თორდუამ ქალი ფსიქოლოგიური ზემოქმედებით და სიცოცხლის მოსპობის მუქარით გააუპატიურა, რის შემდეგაც, ასსელ აიტპაევა მერვე სართულიდან გადახტა და სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

სიკვდილამდე რამდენიმე საათით ადრე, მან ერთსაათიანი აუდიოჩანაწერი გაუგზავნა მეგობარს ყაზახეთში. აუდიოჩანაწერი ქალისა და კაცის დიალოგისგან შედგება. ჩანაწერი, სავარაუდოდ, საცხოვრებელ ბინაშია გაკეთებული. დიალოგი, სავარაუდოდ, მიმდინარეობს ასსელ აიტპაევასა და ბესიკ თორდუას შორის. ჩანაწერის თანახმად, კაცი ქალს შეურაცხმყოფელი და დამამცირებელი სიტყვებით მიმართავს, აგინებს, ემუქრება „დამდუღვრით“ და ფანჯრიდან გადაგდებით. ასსელის ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ სწორედ ამ აუდიოჩანაწერიდან შეიტყვეს მათ ისიც, რომ ასსელი მათმა ნათესავმა, სიძემ, მურატ მეირბეკოვმა ორჯერ გააუპატიურა.

სწორედ 36 წლის მურატ მეირბეკოვს ასახელებს ქალიშვილის გარდაცვალების საქმის ერთ-ერთ მთავარ მონაწილედ ასსელის დედა. ქალი ამბობს, რომ მის შვილს თავი არ მოუკლავს, ის ტრეფიკინგის მსხვერპლი იყო, ხოლო ამ დანაშაულებრივ სქემაში სწორედ მისმა ნათესავმა, მურატ მეირბეკოვმა ჩართო.

საქმის მასალებისა და გარდაცვლილი ქალის დედის თანახმად, მისი შვილის საქართველოში ჩამოსვლის ინიციატორი მათი ნათესავი კაცი, მურატ მეირბეკოვი იყო. კაცი რუსთავში, ახლად დაფუძნებულ ყაზახურ-ქართულ საავტომობილო ფირმაში, „ყაზავტოტრანსში“ მუშაობდა და მან ნათესავი ქალი სწორედ ამ ფირმაში სამუშაოდ მიიწვია. ქალს ყაზახურ ენაზე უნდა ეწარმოებინა ავტომობილების ყიდვა-გაყიდვისათვის საჭირო დოკუმენტაცია. ქალი რუსთავში მდებარე ფირმაში სამუშაოდ 28 აპრილს მივიდა. უკანასკნელად ის იქ 4 მაისს იყო.

ასევე ნახეთ ასსელის საქმე - რას უყვება ბრალდებული გამოძიებას? სუიციდი თუ მკვლელობა?

შესაძლებელია თუ არა მეირბეკოვის საქართველოში ექსტრადირება?

ასსელის დედა მურატ მეირბეკოვის საქართველოსთვის გადმოცემას მოითხოვს, რადგან თვლის, რომ რაკი დანაშაული საქართველოში მოხდა, 36 წლის კაცი საქართველოში უნდა გასამართლდეს.

თუმცა, როგორც ოჯახის ადვოკატი ყაზახეთში, ერბოლ კანაფინი, ყაზახურ ტელეკომპანია KTK-სთან საუბრისას განმარტავს, ექსტრადირების საკითხი ჯერჯერობით, არ განიხილება. გარდა ამისა, ყაზახეთის კანონის თანახმად, ყაზახეთის მოქალაქეები უცხო ქვეყანას არ გადაეცემა:

„თუკი უცხო ქვეყნის მიერ დადგენილი იქნება დანაშაულის ჩადენა და ეს ქმედება ასევე დანაშაულად ითვლება ჩვენი კანონმდებლობითაც, მაშინ პირი სასჯელს ყაზახეთში მოიხდის. რაც შეეხება, ექსტრადირებას, როგორც ვხვდები, ეს საკითხი, ჯერჯერობით, ბოლომდე გადაწყვეტილი არ არის, მაგრამ ყაზახეთის კანონის თანახმად, ჩვენი მოქალაქეების უცხო ქვეყნებისთვის გადაცემა არ ხდება. ამ დროისთვის მიმდინარეობს მტკიცებულებების შეგროვება“.

ასევე ნახეთ მოითხოვს თუ არა საქართველო ყაზახი ქალის საქმეზე ბრალდებული პირის ექსტრადირებას?

ადვოკატის ინფორმაციითვე, გარდაცვლილის ოჯახს დაუკავშირდა ორი ახალგაზრდა ქალი, რომლებიც ამბობენ, რომ ადამიანით ვაჭრობის მუხლით ბრალდებული მურატ მეირბეკოვი მათაც იწვევდა საქართველოში სამუშაოდ:

„17 მაისს გამოძიებას გადავეცით ინფორმაცია მათ შესახებ. როგორც ჩემთვის ცნობილია, ერთ-ერთი უკვე გამოკითხულია. არის კიდევ ერთი გოგო, რომელსაც მურატი საქართველოში ეპატიჟებოდა სამუშაოდ და დასასვენებლად. არის ეჭვი, რომ ის ამას აკეთებდა გაცნობის საიტების მეშვეობით“.

ყაზახეთში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, სამართალდამცავებმა გამოჰკითხეს ასსელის დედა, აისულუ აიტპაევა და ასსელის მეგობარი, ოლგა, რომელსაც ასელმა სიკვდილამდე რამდენიმე საათით ადრე გადაუგზავნა აუდიო ჩანაწერი, სადაც მას, სავარაუდოდ, ბესიკ თორდუა ემუქრებოდა და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა.

ოლგა, ტელეკომპანია KTK-ს უყვება:

„ასსელმა დილის ექვი საათიდან დაიწყო რეკვა: „გაიღვიძე, ისეთი მაგარი ინფორმაცია მაქვს. საქართველოში მივფრინავ“. ძალიან ბედნიერი იყო. ვიდეო-ზარით ურთიერთობისას, მურატმა მას უთხრა: იდეალურად შეეფერები ამ ვაკანსიას. სხვა გოგოები, რომლებმაც აქამდე დარეკეს, ასეთები არ იყვნენ...ჩქარა, ძალიან ჩქარა გაემზადა“.

მურატ მეირბეკოვის ყაზახი ადვოკატი, ამ ეტაპზე, კომენტარს არ აკეთებს, რაც შეეხება მის ადვოკატს საქართველოში, იმედა ქარქაშაძეს, ის რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ მიუხედავად იმისა, რომ მას მეირბეკოვთან კომუნიკაცია არ ჰქონია, მას აქვს ინფორმაცია, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირი არც გაუპატიურებისა და არც ადამიანით ვაჭრობის ბრალდებებს არ აღიარებს. იმედა ქარქაშაძე ამბობს, რომ მას არ ჰქონია კომუნიკაცია არც მის ყაზახ კოლეგასთან. ადვოკატს არ დაჰკავშირებია არც საქართველოში ჩამოსული ყაზახ გამომძიებელთა ჯგუფი:

„ყაზახეთში საქმის ძიება ტრეფიკინგის მუხლით მიმდინარეობს, საქართველოში გაუპატიურების მუხლით. მე სწორედ საქართველოში მიმდინარე გამოძიების ნაწილში ვარ ადვოკატი. ყაზახი გამომძიებლები ჩამოსულები არიან სხვა ბრალდებაზე სამუშაოდ. ამიტომ მე არავინ დამკავშირებია“.

ასევე ნახეთ ეძებს თუ არა გამოძიება ტრეფიკინგის კვალს ასსელის საქმეში - სად არის მურატი?

ეძებს თუ არა ყაზახური გამოძიება ადამიანებით ვაჭრობის კვალს საქართველოში? შესაძლოა, თუ არა, რომ საქართველოში მიმდინარე გამოძიებას დაემატოს ტრეფიკინგის მუხლიც? გაფართოვდება თუ არა ბრალდებულთა წრე? - ამ კითხვებს საგამოძიებო უწყებაში ჯერჯერობით არ პასუხობენ.