"ძალიან სამწუხაროა, რაც მოხდა, გუშინვე დავიწყეთ გამოძიება, ყველა დაისჯება სრული სიმკაცრით. ეს თემა არ უნდა გადაიზარდოს ეთნიკურ დაპირისპირებაში. გამოძიება დაწყებულია, გამოკითხვები ახლაც მიმდინარეობს, დაკავებულების შესახებ ინფორმაციას ვერ დაგიდასტურებთ. გუშინდელი დღის შემდეგ იყო გაძლიერებული პოლიცია, მეტი ძალები იყვნენ შემოყვანილი, თუმცა, სამწუხაროდ, არ იყო ეს ძალები საკმარისი. რაც იყო, 150-200 კაცი იყო რეალურად. რაც არის მშვიდობიან დროს, გაათმაგებული იყო", - ეს არის შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი კომენტარი მას შემდეგ, რაც ის დმანისში ჩავიდა.
"ამ თემას [ეთნიკურ დაპირისპირებას] არ დავუშვებთ. ეთნიკურად აზერბაიჯანელები არიან ჩვენი მოქალაქეები, აზერბაიჯანი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია, ჩვენი მოკავშირეა, ჩვენი მეგობარია და ეს არ უნდა დავუშვათ. ვინც ამბობს, რომ ეს არის ეთნიკური კონფლიქტი, არის ქვეყნის მტრობა", - ამბობს ვახტანგ გომელაური.
დმანისში ამ დროისთვის (დღის 14:50) შედარებით სიმშვიდეა, პოლიციის შენობაში მიმდინარეობს შეხვედრა, რომელსაც შს მინისტრი, პოლიციის სამხარეო განყოფილების ხელმძღვანელი, დეპუტატი სოზარ სუბარი და მხარის გუბერნატორი ესწრებიან.
დღეს დილიდან დაძაბულობა და სამართალდამცველების მობილიზებაა დმანისში, საიდანაც გუშინ მედიაში გავრცელდა კადრები, როგორ უსწორდებიან ერთმანეთს ხელკეტებითა და საყოფაცხოვრებო ნივთებით (თოხი, ურო) შეირაღებული პირები ერთმანეთს. სათვალთვალო კამერების მიერ გადაღებულ კადრებში ჩანს დმანისში ეთნიკურად ქართველი, სვანი ეკომიგრანტების და ეთნიკურად აზერბაიჯანელი ახალგაზრდების ორი ჯგუფის დაპირისპირება ფიზიკური დაპირისპირება. ხელჩართულ ჩხუბში ახალგაზრდები ერთმანეთს ჯოხებს ურტყამენ - ადგილობრივი მოქალაქეები და ხელისუფლების წარმომადგენლების მომხდარ ჩხუბში ეთნიკურ მოტივს გამორიცხავენ, თუმცა მედიასთან კომენტარებში ისმის ეთნიკურად აზერბაიჯანელების მიმართ შეურაცხმყოფელი ფრაზები. ადგილობრივები დაძაბულობის ესკალაციაში გარკვეულწილად მედიასაც ადანაშაულებენ და ადგილზე მყოფი სამართალდამცველების რაოდენობას არასაკმარისად მიიჩნევენ.
შინაგან საქმეთა სამინისტრო მიმდინარე დაძაბულობის შესახებ გავრცელებულ განცხადებაში ყველას მოუწოდებს სიმშვიდისკენ იმისათვის, რომ ყოფით ნიადაგზე დაწყებული კონფლიქტი არ გადაიზარდოს ეთნიკურ დაპირისპირებაში.
ასევე ნახეთ გიგა ბოკერია დმანისში დაძაბულობაზე: მოვუწოდებთ შსს-ს, გამოვიდნენ დამკვირვებლის როლიდან ასევე ნახეთ თამარ კორძაია დმანისის დაძაბულობაზე: ყველა დიდი კონფლიქტი ყოფით ნიადაგზე იწყება ასევე ნახეთ დმანისის მერი დაპირისპირებაზე: ჩხუბი ახალგაზრდებს შორის მოხდა, მიზეზი კი ნებისმიერი შეიძლება ყოფილიყო