„თბილისი პრაიდი“ აცხადებს, რომ 15 პოლიტიკური გაერთიანება შეთანხმდა, რომ თითოეული მათგანი, მათ ხელთ არსებული ყველა მექანიზმის გამოყენებით, იბრძოლებს ქვიარ ადამიანების მიმართ არსებული დისკრიმინაციისა და ძალადობის აღმოსაფხვრელად.
“2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის "თბილისი პრაიდმა" დაიწყო პოლიტიკურ პარტიებთან თანამშრომლობა ლგბტ უფლებების შესახებ საერთო შეთანხმების მისაღწევად.
ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისის მიუხედავად, მოხარულები ვართ, რომ 15 პოლიტიკურ პარტიას აღმოაჩნდა მზაობა, სიმბოლური, თუმცა უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური განაცხადის გასაკეთებლად.
ჰომოფობია არის ფართო საზოგადოებრივი გამოწვევა, ამიტომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკოსები იდგნენ ადამიანის ფუნდამენტური უფლებების სადარაჯოზე.
იმედს ვიტოვებთ, რომ ეს შეთანხმება იქნება გარდამტეხი მომენტი ქართულ პოლიტიკურ სივრცეში და ერთობლივი ძალისხმევით ავაშენებთ უფრო დემოკრატიულ და ადამიანზე ორიენტირებულ სახელმწიფოს”, - აღნიშნულია განცხადებაში.
ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ პარტიები შეთანხმდნენ, რომ დაიცავენ თითოეული მოქალაქის შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას, განურჩევლად სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობისა და არ დაუშვებენ პოლიტიკურ პროცესში ჰომოფობიის ნიადაგზე სოციალური შუღლის გაღვივებასა და სიძულვილის ენის გამოყენებას.
შეთანხმებას ხელს აწერენ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", "გირჩი", "ევროპული საქართველო", "გირჩი-მეტი თავისუფლება", "რესპუბლიკური პარტია", "კანონი და სამართალი", "სტრატეგია აღმაშენებელი", "ლელო", "რეფორმერი", მოძრაობა „დროა“, "სამართლიანობისთვის", "ერთიანი საქართველო", "თავისუფალი დემოკრატები", "პროგრესი და თავისუფლება" და "გამარჯვებული საქართველო".
17 მაისს ჰომოფობიის, ბიფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღე აღინიშნება. 15-20 მაისს თბილისში საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში სხვადასხვა სახის ღონისძიებები იმართება.
ასევე ნახეთ გურამ ფალავანდიშვილმა ლგბტქი აქტივისტების ინსტალაცია დაარბია