მოითხოვს თუ არა საქართველო ყაზახი ქალის საქმეზე ბრალდებული პირის ექსტრადირებას?

მას შემდეგ, რაც საქართველოს პროკურატურამ 14 მაისს, 26 წლის ყაზახი ქალის, ასსელ აიტპაევას გარდაცვალების საქმეზე, ყაზახეთის მოქალაქეს მურატ მეირბეკოვს გაუპატიურების მუხლით ბრალი დაუსწრებლად წაუყენა, რადიო თავისუფლება ქალის დედას, ყაზახეთში დაუკავშირდა.

აისულ აიტპაევა ერთი კვირაა მურატ მეირბეკოვის საქართველოში ექსტრადირებას ითხოვს. როგორც ის რადიო თავისუფლებას ეუბნება, მეირბეკოვის საქართველოში ექსტრადირების მოთხოვნით, მან 14 მაისს, ყაზახეთის გენერალურ პროკურატურასაც მიმართა:

„გამოვდივარ ტელევიზიებით, მოვითხოვ, რომ ეს ადამიანი ყაზახეთმა საქართველოს გადმოსცეს. დანაშაული საქართველოში მოხდა, ყველა მტკიცებულება მანდაა. ის კი აქ თავისუფლად დადის. მე მას არ დავკავშირებივარ. მისი ცოლი რეკავს. გავიგე, რომ მის მშობლებს უნდათ ჩემთან მოსვლა. უარი ვუთხარი, რად მინდა, რომ ამ ადამიანებმა ჩემს წინ მუხლებზე იხოხონ? დანაშაული მათ არ ჩაუდენიათ“.

შსს-ს გამოძიების ვერსიით, 2021 წლის 28-29 აპრილს, რუსთავში, მურატ მეირბეკოვმა ფიზიკური ძალადობითა და ძალადობის გამოყენების მუქარით, ასსელ აიტპაევასთან ორჯერ დაამყარა არანებაყოფლობითი სქესობრივი კავშირი. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის პირველი ნაწილის ორი ეპიზოდისთვის (გაუპატიურება) დაუსწრებლად წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 6-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით თბილისის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

გარდა მურატ მეირბეკოვისა, ასსელ აიტპაევას გაუპატიურების და თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზე 2021 წლის 7 მაისს, ბრალი წარდგენილი აქვს ბესიკ თორდუას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 115-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახედ და ზომად 8-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, მას აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული აქვს პატიმრობა.

ასევე ნახეთ ეძებს თუ არა გამოძიება ტრეფიკინგის კვალს ასსელის საქმეში - სად არის მურატი?

26 წლის ყაზახი ქალი, ასსელ აიტპაევა საქართველოში 27 აპრილს, სამუშაოდ ჩამოვიდა. ერთ კვირაში, 5 მაისს, ის თბილისში, კედიას ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ფანჯრების ქვეშ, გარდაცვლილი იპოვეს. პროკურატურის ოფიციალური განცხადების თანახმად, 5 მაისს, თბილისში, 56 წლის ბესიკ თორდუამ ქალი ფსიქოლოგიური ზემოქმედებით და სიცოცხლის მოსპობის მუქარით გააუპატიურა, რის შემდეგაც, ასსელ აიტპაევა მერვე სართულიდან გადახტა და სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

სიკვდილამდე რამდენიმე საათით ადრე, მან ერთსაათიანი აუდიოჩანაწერი გაუგზავნა მეგობარს ყაზახეთში. აუდიოჩანაწერი ქალისა და კაცის დიალოგისგან შედგება. ჩანაწერი, სავარაუდოდ, საცხოვრებელ ბინაშია გაკეთებული. დიალოგი, სავარაუდოდ, მიმდინარეობს ასსელ აიტპაევასა და ბესიკ თორდუას შორის. ჩანაწერის თანახმად, კაცი ქალს შეურაცხმყოფელი და დამამცირებელი სიტყვებით მიმართავს, აგინებს, ემუქრება „დამდუღვრით“ და ფანჯრიდან გადაგდებით. ასსელის ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ სწორედ ამ აუდიოჩანაწერიდან შეიტყვეს მათ ისიც, რომ ასსელი მათმა ნათესავმა მურატ მეირბეკოვმა ორჯერ გააუპატიურა.

რაც შეეხება მურატ მეირბეკოვს, 10 მაისს მას რადიო თავისუფლება ყაზახეთში „ტელეგრამის“ საშუალებით დაუკავშირდა. ის მოკლე პასუხით შემოიფარგლა: „მიმდინარეობს გამოძიება, არ მაქვს უფლება, გავახმაურო ეს ინფორმაცია. არ შემიძლია არაფრის თქმა, მიმართეთ პოლიციას“. ამის შემდეგ, მასთან დაკავშირება ვეღარ ხერხდება.

სწორედ 36 წლის მურატ მეირბეკოვს ასახელებს ქალიშვილის გარდაცვალების საქმის ერთ-ერთ მთავარ მონაწილედ ასსელის დედა. ქალი ამბობს, რომ მის შვილს თავი არ მოუკლავს, ის ტრეფიკინგის მსხვერპლი იყო, ხოლო ამ დანაშაულებრივ სქემაში სწორედ მისმა ნათესავმა, მურატ მეირბეკოვმა ჩართო.

ყაზახის ქალის ოჯახის ადვოკატი, ორგანიზაცია „საფარის“ იურისტი, ნინო ანდრიაშვილი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ ქართულმა საგამოძიებო უწყებამ, ამჯერად უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, მოსთხოვს თუ არა ყაზახეთს მურატ მეირბეკოვის საქართველოსთვის გადმოცემას, თუ პროცესი ბრალდებულის დაუსწრებლად წარიმართება. მისი თქმით, შესაძლოა, გამოძიებამ 36 წლის კაცის საქართველოსთვის გადმოცემა მას შემდეგ მოითხოვოს, რაც მას ბრალი დაუმტკიცდება და სასჯელი შეეფარდება. თუმცა, ის არც იმას გამორიცხავს, რომ ქართულმა მხარემ მურატ მეირბეკოვის გადმოცემა საერთოდ არ მოითხოვოს:

„შესაძლოა, ამ ეტაპზე საქართველოსთვის გადმოცემა არ მოხდეს, სანამ მის წინააღმდეგ განაჩენი არ დადგება, ეს ყაზახეთის გადასაწყვეტია. ანუ, არ არის გამორიცხული, რომ საქართველოში სასამართლო პროცესები მის გარეშე წარიმართოს. ეს ჩვეულებრივი პროცესია, არაერთი საქმე წარმართულა ასე, როდესაც, მაგალითად, ბრალდებული მიმალვაშია. მაგრამ როდესაც განაჩენი მის წინააღმდეგ დადგება და დადგინდება ის დანაშაული, რომელსაც მას გამოძიება ედავება, შემდეგ, სავარაუდოდ, საქართველოდან ყაზახეთში გაიგზავნება მიმართვა, რომ ის საქართველოს გადმოეცეს. ჩვენთვის, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ამ ადამიანს ბრალი წარედგინა. დედის მოთხოვნაც ეს იყო. საქართველომ განაჩენის გამოტანის შემდეგაც რომ მოითხოვოს გადმოცემა, ესეც არ არის პრობლემა. მთავარია, რომ მას საქართველოში დაუმტკიცდეს დანაშაული. შესაძლებელია, საქართველომ არც კი მოითხოვოს მისი საქართველოსთვის გადმოცემა და მან სასჯელი მოიხადოს ყაზახეთის ციხეში. პირადად მე, ვერ ვხედავ არსებით მნიშვნელობას, თუ სად მოიხდის ის სასჯელს“.

აპირებს თუ არა საქართველო, მოითხოვოს მურატ მეირბეკოვის საქართველოსთვის გადმოცემა, როგორც ამას გარდაცვლილის ქალის დედა ითხოვს, ამის შესახებ ინფორმაცია, ჯერჯერობით, უცნობია. საქმეზე გამოძიება კვლავ გრძელდება.

ასევე ნახეთ ასსელის საქმე - რას უყვება ბრალდებული გამოძიებას? სუიციდი თუ მკვლელობა?

26 წლის ასსელ აიტპაევას ცხედარი საქართველოდან ყაზახეთში 12 მაისს ჩაასვენეს. იმავე დღეს ის მშობლიურ სოფელში დაკრძალეს.