ისრაელის ელჩი: ამ კონფლიქტს გამოარჩევს ის, რომ „ჰამასმა“ იერიში მშვიდობიან ქალაქებზე მიიტანა

რან გიდორი, ისრაელის ელჩი საქართველოში

საქართველოში ისრაელის ელჩი რან გიდორი ამბობს, რომ ისრაელს „ჰამასის“ ტერორისტულ ორგანიზაციასთან აქამდე სამი ომი ჰქონდა, რომელთაგან უკანასკნელი 2014 წელს ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი იყო და 51 დღის განმავლობაში გაგრძელდა. რადიო თავისუფლების „დილის საუბრებში“ ელჩმა განაცხადა, რომ „ჰამასთან“ მიმდინარე დაპირისპირება წინა შემთხვევებისგან განსხვავებულია იმით, რომ საჰაერო დარტყმები მშვიდობიან ქალაქებზე განხორციელდა:

„სამწუხაროდ, ჩვენ საკმაოდ დიდი გამოცდილება გვაქვს ჰამასის ტერორისტულ ორგანიზაციასთან ბრძოლაში. რაც გამოარჩევს ამ შეტევას, ამ კონფლიქტს არის ის, რომ ჰამასის ტერორისტულმა ორგანიზაციამ ამ შემთხვევაში მოახერხა, რომ პირდაპირ მშვიდობიან ქალაქებზე მიეტანა იერიში და დარტყმები, რაც წინა შემთხვევებში ვერ ხდებოდა. უნდა აღინიშნოს, რომ ჰამასის მიერ გამოშვებული რაკეტების 20% ვერ გასცდა თვითონ ღაზის ტერიტორიას და, შესაბამისად, ლოკალურად, ადგილობრივ ტერიტორიაზე დაეცა. ხოლო დანარჩენი 80%-დან, რომელიც ისრაელის თავზე გადმოფრინდა, „რკინის გუმბათის“ თავდაცვის სისტემის საშუალებით 90%-ის ნეიტრალიზაცია მოხდა. სწორედ ამ თავდაცვის სისტემის დამსახურებაა, რომ ამდენი, უპრეცედენტოდ დიდი რაოდენობის რაკეტის დაშენის მიუხედავად, მხოლოდ 6 ფატალური შემთხვევა გვაქვს, რომელიც, რა თქმა უნდა, ტრაგიკულია, მაგრამ იმასთან შედარებით, რამხელა თავდასხმაც იყო, სხვა შემთხვევაში ბევრად დიდი მსხვერპლი იქნებოდა“, - განაცხადა ისრაელის ელჩმა საქართველოში რან გიდორმა რადიო თავისუფლების „დილის საუბრებში“.

ელჩის თქმით, კონფლიქტის დაწყებიდან 5 დღის განმავლობაში ღაზის სექტორიდან ისრაელის მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართულებით დაახლოებით 1500 რაკეტა იქნა გაშვებული. მისივე თქმით, ამ რაკეტების უმეტესობის სამიზნე იყო სამი ქალაქი, სადაც წარმოშობით ქართველი ან ქართველი ებრაელები არიან დასახლებულები - ეს ქალაქებია აშდოდი, აშქელონი და ლოდი.

ისრაელის მიმართულებით სარაკეტო იერიშებს განაგრძობენ „ჰამასი“ და პალესტინელთა სხვა შეიარაღებული ფორმირებები.

ისრაელის არმია ღაზის სექტორზე შეტევას განაგრძობს. სამხედრო ოპერაციაში ავიაციის გარდა უკვე მონაწილეობენ არტილერია და ტანკები, თუმცა, მედიასაშუალებები თავდაცვის ძალების წარმომადგენლებზე დაყრდნობით წერენ, რომ ეს არ არის სახმელეთო ოპერაცია და სამხედროები უშუალოდ ღაზის სექტორის ტერიტორიაზე არ იმყოფებიან.

ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, ამ კვირაში ღაზის სექტორიდან ნასროლია 1750-ზე მეტი რაკეტა, დაღუპულია 7 და დაჭრილია 523-ზე მეტი ადამიანი. რაკეტები მოხვდა საცხოვრებელ სახლებს, სკოლას, ჰოსპიტალსა და ავტობუსს.

ისრაელის თავდაცვის ძალების თანახმად, საპასუხო ავიაიერიშების შედეგად ღაზის სექტორში განადგურებულია 650-ზე მეტი „ტერორისტული სამიზნე“ და მოკლულია „ჰამასის“ და „ისლამური ჯიჰადის“ 100-ზე მეტი წევრი. პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ისრაელის საჰაერო იერიშებმა იმსხვერპლა სამოქალაქო პირებიც, მათ შორის - ოცამდე ბავშვი.

ისრაელის არმიის და „ჰამასისა“ და პალესტინელთა სხვა დაჯგუფებების შეიარაღებული დაპირისპირება თითქმის ერთი კვირაა გრძელდება. კონფლიქტი უკიდურესად გამწვავდა მას შემდეგ, რაც ისრაელის მთავრობამ გადაწყვიტა აღმოსავლეთ იერუსალიმიდან პალესტინელთა ოჯახების გასახლება.

ასევე ნახეთ რამ გამოიწვია ისრაელ-პალესტინის კონფლიქტის ესკალაცია? ყველაფერი, რაც უნდა იცოდე – მოკლედ

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ 13 მაისს საღამოს, საგანგებო მიმართვა გაავრცელა და განაცხადა, რომ სამხედრო ოპერაცია გაგრძელდება იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება ისრაელის სახელმწიფოს სიმშვიდის და უსაფრთხოების აღსადგენად. ნეთანიაჰუს თქმით, „ჰამასს“ და სხვა ტერორისტულ ორგანიზაციებს ისრაელზე თავდასხმა ძვირად დაუჯდებათ.