ისრაელის არმია ღაზის სექტორზე შეტევას განაგრძობს. სამხედრო ოპერაციაში ავიაციის გარდა უკვე მონაწილეობენ არტილერია და ტანკები, თუმცა, მედიასაშუალებები თავდაცვის ძალების წარმომადგენლებზე დაყრდნობით წერენ, რომ ეს არ არის სახმელეთო ოპერაცია და სამხედროები უშუალოდ ღაზის სექტორის ტერიტორიაზე არ იმყოფებიან.
ისრაელის მიმართულებით სარაკეტო იერიშებს განაგრძობენ „ჰამასი“ და პალესტინელთა სხვა შეიარაღებული ფორმირებები. წუხელ, ღაზის სექტორიდან ათობით რაკეტა ესროლეს სამხრეთში მდებარე ქალაქებს, მათ შორის, აშდოდს და აშკელონს. საქართველოს საელჩო ისრაელში მყოფ მოქალაქეებს წუხელაც აფრთხილებდა და უსაფრთხოების ზომების დაცვისკენ მოუწოდებდა.
ღაზის სექტორიდან გაშვებული რაკეტების უმრავლესობას ისრაელის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა იგერიებს, თუმცა, რაკეტების ნაწილი სხვადასხვა ობიექტამდე აღწევს. გასულ ღამით, ერთ-ერთი რაკეტა ქალაქ აშკელონში მოხვდა 7-სართულიან შენობას. დაიჭრა სულ მცირე 3 ადამიანი.
ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, ამ კვირაში ღაზის სექტორიდან ნასროლია 1750-ზე მეტი რაკეტა, დაღუპულია 7 და დაჭრილია 523-ზე მეტი ადამიანი. რაკეტები მოხვდა საცხოვრებელ სახლებს, სკოლას, ჰოსპიტალს და ავტობუსს.
ისრაელის თავდაცვის ძალების თანახმად, საპასუხო ავიაიერიშების შედეგად ღაზის სექტორში განადგურებულია 650-ზე მეტი "ტერორისტული სამიზნე" და მოკლულია "ჰამასის" და "ისლამური ჯიჰადის" 100-ზე მეტი წევრი. პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ისრაელის საჰაერო იერიშებმა იმსხვერპლა სამოქალაქო პირებიც, მათ შორის ოცამდე ბავშვი.
ისრაელის არმიის და "ჰამასის" და პალესტინელთა სხვა დაჯგუფებების შეიარაღებული დაპირისპირება თითქმის ერთი კვირაა გრძელდება. კონფლიქტი უკიდურესდ გამწვავდა მას შემდეგ, რაც ისრაელის მთავრობამ გადაწყვიტა აღმოსავლეთ იერუსალიმიდან პალესტინელთა ოჯახების გასახლება.
ასევე ნახეთ რამ გამოიწვია ისრაელ-პალესტინის კონფლიქტის ესკალაცია? ყველაფერი, რაც უნდა იცოდე – მოკლედისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეტანიაჰუმ 13 მაისს საღამოს, საგანგებო მიმართვა გაავრცელა და განაცხადა, რომ სამხედრო ოპერაცია გაგრძელდება იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება ისრაელის სახელმწიფოს სიმშვიდის და უსაფრთხოების აღსადგენად. ნეტანიაჰუს თქმით, „ჰამასს“ და სხვა ტერორისტულ ორგანიზაციებს ისრაელზე თავდასხმა ძვირად დაუჯდებათ.