საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ქარელის მუნიციპალიტეტში, გამყოფი ხაზის გასწვრივ კიდევ ორი სოფლის კნოლევისა და ცერონისის მინდვრებში ე.წ ხანძარსაწინააღმდეგო ხნული გაავლეს. ადგილობრივების ინფორმაციით, საოკუპაციო ძალების ე.წ. სასაზღვრო დანაყოფის წარმომადგენლები ადგილზე ტრაქტორით მივიდნენ და სოფლების მიმდებარე მინდორში „სასაზღვრო" მწვანე ბანერების გასწვრივ ხნული გაავლეს.
ასევე ნახეთ ქარელის მუნიციპალიტეტში მცოცავი ოკუპაციის პროცესი განახლდაკნოლევის მცხოვრებთა განცხადებით, აღნიშნულ ტერიტორიაზე 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდგომ სოფლის მოსახლეობა ვეღარ გადაადგილდება და შესაბამისად, ამ მიწის ნაკვეთების სასოფლო-სამეურნეო მიზნით ან საძოვრების დანიშნულებით გამოყენებას ვეღარ ახერხებს.
საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ანალოგიური ხნულები 6 მაისს ქარელის მუნიციპალიტეტის სოფლების ღოღეთის და თამარაშენის გასწვრივაც გაავლეს. ქარელის მუნიციპალიტეტში საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა სამუშაოები დაახლოებით სამი კვირის წინ დაიწყეს. ისინი თავდაპირველად ქართული სოფლების ტახტისძირის და დირბის პერიმეტრზე გამოჩნდნენ და მწვანე ე.წ სასაზღვრო ბანერებთან ჯერ ხის ძელები ჩასვეს, მოგვიანებით კი ხნულები გაავლეს.
აღნიშნული საკითხი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებმა, ერგნეთში ინციდენტების პრევენციის ფორმატში გამართულ შეხვედრაზე დააყენეს და განაცხადეს, რომ მსგავსი უკანონო ე.წ. „ბორდერიზაციის" ფაქტები მნიშვნელოვნად აზიანებს ადგილზე უსაფრთხოების გარემოს.