იწყება ქვითხუროების, ხითხუროების და კირითხუროების განაცხადების მიღება ოსტატთა რეესტრისთვის

კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელის, თეა წულუკიანის ინიციატივით 15 ივნისამდე სამინისტრო მიიღებს ქვითხუროების, ხითხუროების და კირითხუროების განაცხადებს ოსტატთა რეესტრისთვის, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეაბილიტაციისა და კონსერვაციისთვის პროფესიონალი კადრების მობილებისა და გადამზადებისთვის იქმნება.

თეა წულუკიანის მიერ წარდგენილი გეგმის მიხედვით, მას შემდეგ რაც სამინისტრო ოსტატების განაცხადებს მიიღებს, მათ გასაუბრებას ჩაუტარებს და თუკი გამოიკვეთება კვალიფიკაციის ამაღლების საჭიროება, გადამზადების კურსებსაც, რაც ერთდროულად მოიცავს თეორიულ სწავლებასაც და პრაქტიკულ წვრთნასაც, სამინისტრო დაუფინანსებს. 2022 წლის 1 მაისიდან კი აღარავის ექნება იმუშაოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეაბილიტაციასა და კონსერვაციაზე, თუკი ის არ იქნება ოსტატთა ბაზაში რეგისტრირებული სერტიფიცირებული ოსტატი.

თეა წულუკიანი პირობას დებს, რომ სხვადასხვა პროფილებს ოსტატებს სამინისტრო ღირსეულ ანაზღაურებას და პირობებს შეთავაზებს, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეაბილიტაციისას კი ამიერიდან ყურადღება მიექცევა არა რაოდენობას, არამედ ხარისხს.

“1 წლის თავზე ჩვენ ვიტყვით რომ ეს ადამიანები მზად არიან სერტიფიცირებითვის, მიიღებენ სერტიფიკატს და 2022 წლის 1 მაისიდან ვერც ერთი ოსტატი სერტიფიკატის გარეშე ვერ იმუშავებს კონსერვაცია-რესტავრაციაში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე. მათ მოუწევთ გამოაგზავნონ ბიოგრაფია, მიუთითონ რა სამუშაო აქვთ შესრულებული, სად უმუშავიათ, გასაუბრების შემთხვევაში დაჭირდებათ თან იქონიონ თავისი ნამუშევრების ფოტო და ვიდეო მასალა.

კანდიდატებს უნდა ახასიათებდეთ განსაკუთრებული მოკრძალება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებისადმი. ესენი ვერ იქნებიან უბრალოდ ხელოსნები, ესენი უნდა იყვნენ ადმაიანები, ვინც ხვდება, რომ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე მუშაობა არის ღვაწლის ტოლფასი და საპატიო სამუშაო. სანაცვლოდ ჩვენ შევუქმნით ღირსეულ პირობებს" - თქვა თეა წულუკიანმა დღეს კულტურის სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე.

სამინისტროს ინფორმაციით, ოსტატთა რეესტრში საბოლოოდ გაერთიანებული იქნებიან შემდეგი პროფილის ხელოსნები:

  • ქვითხურო (ქვისმთლელი მწყობელი; ჩუქურთმის მჭრელი; დეკორატორი);
  • ხითხურო; ყოველი სადურგლო სამუშაოს შემსრულებელი.
  • კირითხურო (მლესავი; ყორემწყობელი; მძერწავი);
  • სახურავთა ოსტატი (კრამიტ-ლორფინის ოსტატები; მეთუნუქე ოსტატები)
  • მჭედელ-ზეინკალი;
  • მეავეჯე; ხარატი; დეკორატორი.

Your browser doesn’t support HTML5

კულტურის მინისტრის ახალი ინიციატივა - ოსტატთა რეესტრი იქმნება

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის უფლებამოსილების შესრულებას თეა წულუკიანი 22 მარტიდან შეუდგა. ოსტატთა რეესტრის შექმნის შესახებ გადაწყვეტილება პირველად 30 მარტს გააჟღერა "იმედის" ეთერში, სადაც თქვა, რომ ძეგლთა დაცვის სტრუქტურებმა მოშლა ვარდების რევოლუციის შემდეგ დაიწყეს.

ამ დროისთვის კულტურის სამინისტროს არ წარმოუდგენია ინფორმაცია იმ გადასამზადებელი კურსების შესახებ, რომელსაც ოსტატები საჭიროების შემთხვევაში გაივლიან და არც კომისიის წევრთა ვინაობაა ცნობილი, ვინც რეესტში მოხვედრის მსურველი სპეციალისტების ცოდნას და გამოცდილებას შეაფასებს.

ასევე ნახეთ კულტურის კოდექსი და სამი მოადგილე - როგორი იქნება მინისტრ წულუკიანის კულტურა