ხაზარაძე მიმართავს ნიკა მელიას: ბრძოლა ციხიდან ვერ გაგრძელდება

მამუკა ხაზარაძე

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის ნიკა მელიას შესახებ ილაპარაკა „ლელო"-ს ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ „რუსთავი 2"-ის ეთერში. მას მიაჩნია, რომ ბრძოლა არა ციხიდან, არამედ პარლამენტიდან უნდა გაგრძელდეს.

„მე მინდა მას [ნიკა მელიას] ავუხსნა, რომ ეს არის მნიშვნელოვანი მისთვის - ბრძოლა ციხიდან ვერ გაგრძელდება. ნიკა მელია უნდა იყოს გარეთ და ბრძოლა უნდა გაგრძელდეს პარლამენტში, იმისათვის, რომ ლუსტრაცია გავაკეთოთ სისტემის. ჩვენ სისტემის დემონტაჟი უნდა გავაკეთოთ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ სხვადასხვა პარტიებში ვართ და სხვადასხვა პარტიებს წარმოვადგენთ, ქვეყნის და სახელმწიფოს ამოცანა დღეს და პოლიტიკური პარტიების უნდა იყოს ამ „ოცნების" მახინჯი მმართველობის დემონტაჟი. კიდევ ვიმეორებ, ეს არის ყველაზე მთავარი", - აცხადებს მამუკა ხაზარაძე.

პოლიტიკოსის აზრით, თუკი „ქართული ოცნება" ისევ შეინარჩუნებს ხელისუფლებას, საქართველო რუსული მენტალობით იქნება მართული.

„ვისაც ამის არ სჯერა და ვისაც სჯერა, რომ მოდი, ხელისუფლება კიდევ შეინარჩუნოს ოცნებამ, ჩვენი ქვეყანა კიდევ უფრო წავა უკან, უფრო რუსული მენტალობით იქნება მართული ეს ქვეყანა. უფრო „по понятиям" (ბოდიში რუსული სიტყვისთვის) იქნება მართული ეს ქვეყანა, კულისებში და ის, რაც ხდება დღეს ქუჩაში, ეს იქნება უფრო გამრავლებული. უფრო მეტი, თუ შარშან 75 000-მა ადამიანმა დატოვა ჩვენი ქვეყანა ოფიციალურად, წელს დატოვებს 150 000. ქართველები ისედაც კლებადი ერი ვართ და დავრჩებით ძალიან მცირე, ძირითადი მასა წასული იქნება ემიგრაციაში და აქ გვეყოლება რუსული ტიპის მმართველობა, ოღონდ ექნება ნაყიდი ყველაფერი, ამ შემთხვევაში ადამიანის ტვინები და ადამიანის, ასევ ვთქვათ, პოზიციები, პროკურატურის, შსს-ს და ა.შ. და ა.შ. ყოველთვის იქნება ტვინის გამორეცხვა რომ ეს არის კარგი ცხოვრება. იმიტომ, რომ ამაზე უარესი შეიძლება იყოს", - თქვა მამუკა ხაზარაძემ.

„შარლ მიშელის დოკუმენტზე" ხელმომწერი ოპოზიციის წარმომადგენელთა უმეტესობა დღეს, 27 აპრილს, პარლამენტში შევიდა. დოკუმენტი 20 ივნისის საქმეზე ბრალდებულთა ამნისტიას ითვალისწინებს.

ასევე ნახეთ "ამნისტიის კანონის" ოპოზიციის ვერსია - ვის ეხება და რა შემთხვევაში

ნიკა მელიამ ევროკავშირის მიერ შეთავაზებული გირაოს თემაზე 27 აპრილს ილაპარაკა ციხიდან „TV პირველთან" სატელეფონო ინტერვიუში.

„მე როდესაც შემომთავაზეს ევროკავშირის გირაოზე თანხმობის მიცემა, ეს გულისხმობდა კომბინაციაში ამნისტიაზეც თანხმობას, მე რომ შემომთავაზეს ხელმოწერიდან მეორე დღეს, ანუ 20 აპრილს, როცა ჯერ კიდევ შარლ მიშელი აქ იყო, ევროკავშირის გირაოს ჩაგირიცხავთო, ჩემგან ითხოვდნენ, რომ გირაოზეც დავთანხმებულიყავი და ამნისტიაზეც. მე გირაოს ჩარიცხვაზე წინადადება მივიღე 20 აპრილს, ეს გულისხმობდა კომბინაციაში ამნისტიასაც და გირაოსაც, რას მეუბება ის ხალხი? ესე იგი, გირაოს ჩარიცხვასაც დავთანხმებულიყავი და ამნისტიასაც? და პასუხისმგებლობა ამეღო მოძალადეების გათავისუფლებაზე? ეს იყო შემოთავაზება?" - თქვა ნიკა მელიამ.

ასევე ნახეთ თუ ამნისტიის პროექტს გაითხოვენ, მელია მზად არის, დათანხმდეს ევროკავშირის შემოთავაზებულ გირაოს