ევროპარლამენტში მიესალმნენ საქართველოს პარლამენტში ოპოზიციის შესვლას და რურუას გათავისუფლებას

ევროპარლამენტის სამხრეთ კავკასიასთან ურთიერთობის დელეგაციის ხელმძღვანელი მარინა კალიურანდი მოხარულია, რომ საქართველოს პარლამენტმა სესია დაიწყო ოპოზიციონერი წევრების მნიშვნელოვანი რაოდენობის მონაწილეობით. ამის შესახებ ევროპარლამენტის ესტონელი დეპუტატი ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე წერს.

მარინა კალიურანდის თანახმად, საქართველოს სჭირდება დემოკრატიული პარლამენტი პასუხისმგებლიანი მმართველი პარტიით და ძლიერი ოპოზიციით. ევროპარლამენტარი კახა კუჭავას ულოცავს საქართველოს პარლამენტის სპიკერად არჩევას.

პოლონელი ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა ქართულად მიესალმა საპატიმროდან გიორგი რურუას გათავისუფლებას. ფოტიგა ტვიტერზე წერს, რომ მოუთმენლად ელოდება ნიკა მელიას დროულად გათავისუფლებას.

"მთავარი არხის" მეწილე, იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვის ბრალდებით მსჯავრდებული გიორგი რურუა საპატიმროდან 27 აპრილს გაათავისუფლეს საქართველოს პრეზიდენტის შეწყალების საფუძველზე.

სალომე ზურაბიშვილმა შეწყალების აქტი მას შემდეგ გამოსცა, რაც 27 აპრილს პარლამენტში მივიდნენ და სხდომას პირველად დაესწრნენ ოპოზიციონერი დეპუტატები, რომლებსაც ხელი აქვთ მოწერილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მიერ შეთავაზებულ შეთანხმებაზე. ოპოზიციასა და "ქართული ოცნებას" შორის 19 აპრილს მიღწეული შეთანხმებით:

"ხელმომწერები ვალდებულებას იღებენ, ამ შეთანხმების ხელმოწერიდან ერთი კვირის ვადაში, რეაგირება მოახდინონ პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმულ ორ საკითხზე, ამნისტიის საშუალებით და/ან ისეთი ზომების მიღებით, რომელიც ანალოგიურ შედეგს გამოიღებს. კერძოდ, ამ შეთანხმების ხელმოწერიდან ერთი კვირის ვადაში, პარლამენტში წარმოდგენილმა პარტიამ უნდა მოახდინოს ინიცირება კანონისა ამნისტიის შესახებ, რომელიც 2019 წლის 19-21 ივნისის პროტესტებთან დაკავშირებულ ყველა დარღვევასა და დაკავებას შეეხება".

შეთანხმების ამ პუნქტის ფარგლებში ექცევა პატიმრობიდან "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას გათავისუფლება. მის გათავისუფლებამდე "ნაციონალური მოძრაობა" პარლამენტში შესვლას არ აპირებს.

ასევე ნახეთ 20 ივნისის ამნისტიის დილემა - 2 პროექტი "ოცნების" უპირატესობით
ასევე ნახეთ ნიკა მელია: 99.9% მე პარლამენტში ვერ და არ შევალ 

მიშელის დოკუმენტი მოიცავს საარჩევნო და სასამართლო რეფორმის და პარლამენტში ძალაუფლების განაწილების საკითხებსაც.

რაც შეეხება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების შესაძლებლობას, შარლ მიშელის დოკუმენტით, "ქართული ოცნების 2021 წლის 16 აპრილის შეთავაზების შესაბამისად, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნება 2022 წელს, იმ შემთხვევაში, თუ 2021 წლის ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში პარტია "ქართული ოცნება" მიიღებს ნამდვილი პროპორციული ხმების 43%-ზე ნაკლებს".

საქართველოში ბოლო საპარლამენტო არჩევნების შემდეგ შექმნილი პოლიტიკური კრიზისის მოსაგვარებლად, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მედიაციის პროცესი 1 მარტს, თბილისში ვიზიტისას წამოიწყო. მარტის შუა რიცხვებიდან მედიაციის პროცესი გააგრძელა მიშელის პირადმა წარმომადგენელმა, კრისტიან დანიელსონმა. მისი მონაწილეობით მოლაპარაკების ორი რაუნდი შეთახმების ხელმოწერის გარეშე დასრულდა. ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა პოლიტიკურ პარტიებს შეთანხმების განახლებული ვარიანტი 18 აპრილს შესთავაზა.