"გირჩი", რომელმაც 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებით პარლამენტში ოთხი მანდატი მოიპოვა, კვოტირების სისტემის დარღვევას აპირებს და არცერთი ქალი დეპუტატი არ ეყოლება. პარტიამ ამ საკითხზე მუშაობა უკვე დაიწყო.
"გირჩი" აპირებს ცესკოს მიმართოს და ე.წ. სათადარიგო სიიდან ჩახსნას ყველა ქალი კანდიდატი. ამ გეგმის მიხედვით, საპარლამენტო მანდატზე უარი უნდა თქვას სიის მეოთხე ნომერმა, ქალმა დეპუტატმა - სალომე მუჯირმა. მიზანია, რომ პარლამენტის დეპუტატი გახდეს სიის მეხუთე ნომერი - ალექსანდრე რაქვიაშვილი.
პირველ ეტაპზე "გირჩმა" ცესკოში ქალი კანდიდატების სია უნდა ჩახსნას, რადგან მოქმედი საარჩევნო კოდექსით, ქალი დეპუტატის მანდატის გაუქმების შემდეგ პარლამენტის წევრი შეიძლება გახდეს მხოლოდ ქალი დეპუტატი - ასე გაგრძელდება იქამდე, სანამ სიაში ქალი დეპუტატი იქნება.
ქალთა უფლებებზე მომუშავე ორგანიზაცია "საფარის" ხელმძღვანელი ბაია პატარაია რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ პარტია არაკეთილსინდისიერად ცდილობს, პროცედურული ხარვეზებს ეძებს იმისთვის, რომ დაარღვიოს კანონი.
"ჩვენ ვფიქრობთ იმაზე, რომ კანონი უნდა გამკაცრდეს და მთლიანად გაუქმდეს მანდატი - ალბათ, ეს იქნება გამოსავალი, რომ პარტიებს არ ჰქონდეთ ასეთი ზეწოლა ქალ კანდიდატებზე და არ აიძულონ უარი თქვან მანდატებზე... უფრო მკაცრი მოთხოვნები შეიძლება დადგეს იმიტომ, რომ ამ კონკრეტულ კანონს აქვს თავისი სამართლებრივი მიზნები - ქალების რაოდენობის გაზრდა", - ამბობს პატარაია.
პატარაია ამბობს, რომ ეს პარტია შემჩნეულია ქალთა მიმართ დისკრიმინაციაში. მათ შორის ისინი მხარს არ უჭერდნენ ქალთა მიმართ სექსუალური შევიწროების შესახებ კანონსაც.
"ჩვენ ეს გადაწყვეტილება მივიღეთ 8 თვის წინ, აგვისტოში და ამ პრინციპით დავაკომპლექტეთ სია და მაშინაც ცნობილი იყო და გაცხადებული. მთელის ეს პერიოდი ცნობილი იყო ჩვენი ეს პოზიცია სიასთან და კვოტებთან დაკავშირებით... ძალიან აბსურდულია იმის მტკიცება, რომ ჩვენ ქალების უფლებებს ვარღვევთ", - ამბობს რაქვიაშვილი რადიო თავისუფლებასთან საუბრისას.
მისი თქმით, იმის გამო, რომ საკანონმდებლო მოთხოვნა კვოტირება იყო, სიის დაკომპლექტება ამ წესის გათვალისწინებით დაიწყეს.
"გვყავს 4, მაქსიმუმ 5 პოლიტიკოსი და [მოთხოვნაა] უნდა დავწეროთ 130-კაციანი სია. 125 ჩანაწერი ამ სიაში, ფაქტობრივად, ფიქტიურია. აბსოლუტური უმრავლესობა, რომელიც ამ სიაში წერია არასდროს განიხილებოდა და თავსაც არ განიხილავდნენ პოლიტიკოსად. ვიღაცის ბებია შეიძლება იყოს სიაში, ვიღაცის ნათლია, მეგობრები, ძმები... ჩვენ [მეტი] სპიკერი კაციც არ გვყავს - სულ სამნი ვართ. პატარა პარტიაში, როცა ძალიან ცოტა პოლიტიკოსია, ქალი იქნება თუ კაცი, ამას მნიშვნელობა არ აქვს", - განაცხადა რაქვიაშვილმა.
კითხვაზე, მოლოდინი აქვს თუ არა, რომ კვოტირების წესის გათვალისწინებით მის მანდატს პარლამენტი ლეგიტიმურად სცნობს, რაქვიაშვილი ასე პასუხობს:
"იმედია... არ მაქვს ეჭვი, რომ არ სცნობს... მეცინება სიტუაციაზე იმიტომ, რომ უკვე არსებობს ისეთი პარტია პარლამენტში, რომელსაც არ ჰყავს ქალი დეპუტატი და ოთხივე კაცია [პატრიოტთა ალიანსის სიით გასული "ევროპელი სოციალისტები"]".
"გირჩმა" საარჩევნო კოდექსის ის მუხლი, რომლითაც პარტიებს კვოტირების ვალდებულება ჰქონდათ, საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრეს. სასამართლომ საკითხი განიხილა და არ დააკმაყოფილა და მიიჩნია, რომარ იზღუდება სიაში მყოფი იმ კაცის უფლებები, რომლის წინაც შესაძლოა კვოტირების წესის გათვალისწინებით ქალი კანდიდატი აღმოჩნდეს.