19 აპრილს პრეზიდენტის სასახლეში დოკუმენტს ხელი მოაწერა ბოიკოტის რეჟიმში მყოფმა ხუთმა ოპოზიციურმა პარტიამ და ორმა დეპუტატმა, ინდივიდუალურად. შეთანხმებას უერთდება კიდევ ორი დეპუტატი. დოკუმენტზე, რომელიც ხელმოწერებისთვის ჯერ ისევ ღიად რჩება, ჯერჯერობით (20 აპრილის საღამომდე) არ არის ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელმოწერა. შეთანხმებას ხელს არ აწერს „ევროპული საქართველო“ და „ლეიბორისტული პარტია“. თუმცა პარლამენტში შესვლისთვის მზადყოფნა გამოხატა „ევროპული საქართველოს“ სიით გასულ ხუთიდან სამმა დეპუტატმა.
შეთანხმების ტექსტის თანახმად, მასზე ხელმოწერა პარლამენტში შესვლაზე თანხმობასაც ნიშნავს.
19 აპრილს, პრეზიდენტის სასახლეში დოკუმენტს ბოიკოტის რეჟიმში მყოფი 15 დეპუტატი შეუერთდა: 13 დეპუტატს პარტიების სახელით გაკეთებული ხემოწერები, ხოლო კიდევ ორი ხელმოწერა „ევროპული საქართველოსა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ აწ უკვე ყოფილ წარმომადგენლებს - დავით ბაქრაძესა და სალომე სამადაშვილს ეკუთვნით.
პირველ ეტაპზე შეთანხმებაზე თანხმობა სხვადასხვა სახით გამოცხადებული აქვს 17 დეპუტატს:
- ბლოკი „სტრატეგია აღმაშენებელი“ – 3 დეპუტატი;
- „ლელო“ – 4 დეპუტატი;
- „ევროპული საქართველო“ (ინდივიდუალური თანხმობა) - 3 დეპუტატი;
- "ნაციონალური მოძრაობის" სიით გასული - 1 დეპუტატი (ინდივიდუალური თანხმობა);
- „რესპუბლიკური პარტია“ („ნაციონალური მოძრაობის“ ბლოკის სიით გასული) - 2 დეპუტატი;
- იაგო ხვიჩიას „გირჩი“ – 3 დეპუტატი;
- ზურაბ ჯაფარიძის „გირჩი - მეტი თავისუფლება“ – 1 დეპუტატი („გირჩის“ სიით გასული).
იაგო ხვიჩიას „გირჩის“ სამი დეპუტატი პარლამენტში 19 აპრილს მივიდა, მანამდე, ვიდრე პრეზიდენტის სასახლეში შეთანხმებაზე ხელმოწერის ცერემონია გაიმართებოდა. ისინი „ქართულ ოცნებასთან“ ინდივიდუალურ მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ.
ასევე ნახეთ გრიგოლ ვაშაძემ ხელი მოაწერა "მიშელის დოკუმენტს"20 აპრილს, დღის მეორე ნახევარში ცნობილი გახდა, რომ შეთანხმებას ხელი მოაწერა "ნაციონალური მოძრაობის" სიით გასულმა კიდევ ერთმა დეპუტატმა, პარტიის ყოფილმა თავმჯდომარემ, გრიგოლ ვაშაძემ. ჯერჯერობით დაუზუსტებელია, გეგმავს თუ არა ის პარლამენტში შესვლას. თუმცა შეთანხმების მიხედვით, ხელმოწერა პარლამენტში შესვლის პირობასაც გულისხმობს. ადრე გრიგოლ ვაშაძის მიერ გაკეთებული განცხადებების თანახმად, ის არ აპირებდა მუშაობას მე-10 მოწვევის პარლამენტში.
ამჟამად საქართველოს პარლამენტში 99 დეპუტატია, სამი „გირჩელის“ ჩათვლით. როცა მათ დანარჩენებიც შეუერთდებიან, საკანონმდებლო ორგანოში საზოგადოება მინიმუმ 113 დეპუტატს იხილავს. ეს საკმარისი რაოდენობაა იმისთვის, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების დამტკიცება გახდეს შესაძლებელი. ამისათვის, სულ ცოტა, 113 დეპუტატის მხარდაჭერაა საჭირო.
მიუხედავად იმისა, რომ დოკუმენტის ტექსტის თანახმად, ხელმოწერის შემდეგ, დეპუტატები პარლამენტში მყისიერად უნდა შევიდნენ, განსხვავებულია პოლიტიკოსების მოსაზრებები ამ საკითხთან დაკავშირებით:
- „ლელო“ აცხადებს, რომ პარლამენტში მხოლოდ მას შემდეგ შევა, რაც საპატიმროდან გათავისუფლდება „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ნიკა მელია.
- სალომე სამადაშვილმა განაცხადა, რომ - პარლამენტში ამნისტიის კანონისთვის მხარდასაჭერად შევა და კენჭისყრაში მიიღებს მონაწილეობას;
- „სტრატეგია აღმაშენებლის“ წარმომადგენელმა, პაატა მანჯგალაძემ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ დოკუმენტზე ხელმოწერის შემდეგ, პარლამენტში მალევე შევლენ და უკვე იქ განაგრძობენ აქტიურობას ნიკა მელიას გასათავისუფლებლად.
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას გათავისუფლების კუთხით დოკუმენტში გათვალისწინებულია ამნისტიის მექანიზმი, რომელიც 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებულ დანაშაულებს უნდა შეეხოს.
შეთანხმების ტექსტის თანახმად, "ხელმოწერიდან ერთი კვირის ვადაში, პარლამენტში წარმოდგენილმა პარტიამ უნდა მოახდინოს ინიცირება კანონისა ამნისტიის შესახებ“.
ასევე ზეპირი შეთანხმება გულისხმობდაევროპის დემოკრატიული ფონდის თავდებობას მელიას გირაოზე.
„მთავარი არხის“ ერთ-ერთი დამფუძნებლის, გიორგი რურუას გათავისუფლების შემთხვევაში კი, პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა შეწყალების გადაწყვეტილება გარკვეული პირობებით მიიღო.
ასევე ნახეთ პრეზიდენტი მზადაა, შეიწყალოს გიორგი რურუა პირობების შესრულების შემთხვევაში„ევროპული საქართველო“ - პარტია უარზეა, მაგრამ...
შარლ მიშელის დოკუმენტზე არ არის „ევროპული საქართველოს“, როგორც პარტიის, ხელმოწერა. პარტიის თავმჯდომარე გიგა ბოკერია თვლის, რომ შეთანხმებაზე ხელმოწერა „თავის მოტყუებაა“, რადგან ის ვერ მოაგვარებს არჩევნებთან თუ პოლიტიკურ მართლმსაჯულებასთან დაკავშირებულ მთავარ გამოწვევებს.
დეპუტატის მანდატზე უარი თქვა ელენე ხოშტარიამ, რომელმაც „ევროპული საქართველო“ ახლო წარსულში დატოვა და მოძრაობა „დროა“ დააფუძნა. ის თვლის, რომ „სადეპუტატო მანდატი ეკუთვნის პარტიას“ და არა მას და შესაბამისად, „კეთილსინდისიერად“ არ მიაჩნია მანდატით სარგებლობა.
ასევე ნახეთ გიგა ბოკერია: „ევროპული საქართველო“ თავის მოტყუებას არ აპირებს„ევროპული საქართველოს“ სიით გასული ხუთი დეპუტატებიდან, სულ ცოტა, სამი შევა საქართველოს პარლამენტში. პარტიის ყოფილი თავმჯდომარის, დავით ბაქრაძის გარდა, თანხმობა უკვე გამოცხადებული აქვთ: შალვა შავგულიძესა და არმაზ ახვლედიანს. ისინი პარტიის წევრები არ არიან.
კიდევ ერთი დეპუტატია პარტიის წევრი - ტარიელ ნაკაიძე. მან რადიო თავისუფლებას 20 აპრილს უთხრა, რომ ამ ეტაპზე "საბოლოო გადაწყვეტილება" ჯერ მიღებული არა აქვს და მისი პოზიცია ნიკა მელიასა და გიორგი რურუას გათავისუფლების საკითხზე იქნება დამოკიდებული.
ასევე ნახეთ ევროპული საბჭოს პრეზიდენტს თბილისში დღის სამი საათისთვის ელოდებიანრას აპირებს „ნაციონალური მოძრაობა“?
ყველაზე დიდ ოპოზიციურ პარტიას, „ნაციონალურ მოძრაობას“ ჯერჯერობით ხელი არ მოუწერია ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მიერ მომზადებულ შეთანხმებაზე. 19 აპრილს პარტიამ პოლიტსაბჭოს სხდომა გამართა. „ჩვენი მთავარი მოთხოვნაა, რომ ნიკა მელია უნდა გათავისუფლდეს, მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება, რომ გაიხსნას გარკვეული სივრცე იმისთვის, რომ საბოლოო შეთანხმებამდე მივიდეთ“ - განაცხადა სხდომის შემდეგ პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, ზაალ უდუმაშვილმა.
„ნაციონალური მოძრაობის" კიდევ ერთი ლიდერის, ლევან ბეჟაშვილის თქმით, პოლიტსაბჭოს სხდომაზე იყო საკმაოდ მკვეთრი გამოსვლები და აშკარაა, რომ აზრთა სხვადასხვაობა არსებობს. მანვე თქვა, რომ „უმრავლესობას შესაძლებლად მიაჩნია ამ დოკუმენტზე ხელის მოწერა და განხილვებში შესვლა“,
რადიო თავისუფლების ინფორმაციით, ნიკა მელიას გათავისუფლების შემდეგ პარლამენტში შესვლას ემხრობა „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატების უდიდესი ნაწილი.
20 აპრილს, მელიას მისივე პირობებით გათავისუფლების შემთხვევაში, დოკუმენტის ხელმოწერისკენ მოუწოდა პარტიას მიხეილ სააკაშვილმა.
არის მოლოდინი, რომ "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებთან დამატებით კონსულტაციებს გამართავს თავად შარლ მიშელი, რომელმაც თბილისში ჩამოსვლის გადაწყვეტილება 19 აპრილს ყველასათვის მოულოდნელად გამოაცხადა, პრეზიდენტის სასახლეში გამართულ ცერემონიაში დისტანციურად მონაწილეობის დროს. როგორც თავად თქვა, მიშელის ვიზიტის შესახებ ინფორმაცია არც ევროკავშირის ელჩს ჰქონდა.
წინასწარი ინფორმაციით, შარლ მიშელი სახელისუფლებო და ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებს 20 აპრილს პარლამენტში შეხვდება.
19 აპრილს, დოკუმენტზე ინდივიდუალურად ხელმოწერის შემდეგ, სალომე სამადაშვილის მისამართით მკვეთრი უკმაყოფილება გამოხატა "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერთა ერთმა ნაწილმა. ისინი გმობდნენ სამადაშვილის მიერ გადადგმულ ნაბიჯს და არც შეურაცხმყოფელ მიმართვებს ერიდებოდნენ.
ასევე ნახეთ დატოვა თუ არა სალომე სამადაშვილმა "ნაციონალური მოძრაობა"? - მისი განმარტებასამადაშვილმა სოციალურ ქსელ „ფეისბუკში“ 19 აპრილს გვიან ღამით დაწერა:
„სასაცილოდ და ინფანტილურად გამოიყურება ენმ-ის პოზიცია - „მელიას გამოშვების გარეშე არ მოვაწერთ ხელს ამ დოკუმენტს, მაგრამ სხვებმა მოაწერონ, მელია და რურუა გამოაშვებინონ, მერე, ვინც მოაწერს, იმათ ‘მოღალატეს’ დავუძახებთ.’ ოღონდ, მელიას გამოსვლის შემდეგ, თვითონაც აპირებენ პარლამენტში შემოსვლას. უხერხულია, მხოლოდ ამას ვიტყვი. ტალახს მაინც არ ვისვრი. ამ გაუგებრობაში ჩემი ადგილი აღარაა. წარმატებები“.
ნიკა მელია ამ დრომდე უარს ამბობს მისთვის გირაოს გადახდაზე, რაც, შეთანხმების თანახმად, ევროკავშირის გარანტიით უნდა მომხდარიყო. რადიო თავისუფლების ინფორმაციით, პარტია თავდებობის მექანიზმის ამოქმედებას მოითხოვდა. ასევე, პარტიის წევრების განმარტებით, მელიასთვის მიუღებელია 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებული საყოველთაო ამნისტიის გამოცხადება.
ვინ რჩება გარეთ?
შარლ მიშელის მიერ შეთავაზებული ტექსტი ბოლომდე თითქმის არავის მოსწონს, მაგრამ ხელმომწერ ოპოზიციურ პარტიებში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ ტექსტი "კომპრომისულია" და მეტად უკვე ვეღარ გამოცდიდნენ დასავლელი პარტნიორების მოთმინების ფიალას.
მათი თქმით, უკვე გამოჩნდა ორი პატიმრის, მელია-რურუას გათავისუფლების გზები და ამასთან, შეთანხმებაში ოპოზიციისთვის ხელსაყრელი არაერთი პუნქტიც მოიძებნება და, მაგალითად, ის, რომ - „მომავალი საპარლამენტო არჩევნები იქნება სრულად პროპორციული. შემდეგი ორი საპარლამენტო არჩევნებისთვის ბარიერი იქნება ბუნებრივიდან 2%-მდე“.
ყველა ასე არ ფიქრობს. თუკი „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და სხვებმა შეთანხმების ტექსტს ხელი არ მოაწერს, პარლამენტს მიღმა დარჩებიან:
- „ნაციონალური მოძრაობის“ ბლოკის სიით გასული 36 დეპუტატიდან - 33 დეპუტატი (სალომე სამადაშვილისა და „რესპუბლიკური პარტიის“ ორი წარმომადგენლის გარდა) ;
- „ევროპული საქართველოს“ სიით გასული - 2 დეპუტატი;
- „ლეიბორისტული პარტიის“ – 1 დეპუტატი;
- „სტრატეგია აღმაშენებლის“ ბლოკის სიით გასული - 1 დეპუტატი (თაკო ჩარკვიანი).
პარტიის „კანონი და სამართალი“ ლიდერმა, თაკო ჩარკვიანმა შეთანხმებაზე ხელმოწერას „ღალატი“ უწოდა და რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ - ოპოზიციის ნაწილი "თითქმის ბოლომდე მიყვანილ საქმეს" განუდგა.
ჩარკვიანმა არჩევნებში მონაწილეობა მიიღო გიორგი ვაშაძის „სტრატეგია აღმაშენებელთად“ ერთად შექმნილი ბლოკის სიით. ის პარლამენტში არ შედის და აცხადებს, რომ უკვე გაიყო მისი და გიორგი ვაშაძის გზებიც.
„მაპატიეთ გამოთქმისთვის, მაგრამ პარლამენტში შეტანტალება რას უშველის? რა დროს პარლამენტში შესვლაა, როცა ოლიგარქიულ რეჟიმს თითქმის უკვე ვათმობინებდით წართმეულ სახელმწიფოს. საით მიექანებით? რა დროს რყევაა? რას მელაპარაკებიან, ვის ატყუებენ?“ - გვითხრა თაკო ჩარკვიანმა.
19 აპრილს, როცა ხელისუფლებისა და ოპოზიციის ნაწილი შეთანხმების ტექსტს აწერდა ხელს, ცერემონიაში დისტანციურად მონაწილე შარლ მიშელმა განაცხადა, რომ - „ეს არის კრიზისის მოგვარების ჭეშმარიტად ევროპული გზა“ და ასეთი ნაბიჯის გადადგმა "სიმამაცესაც" მოითხოვდა. მისივე თქმით, ხელმოწერა იყო არა საფინიშო ზოლი, არამედ პროცესების დასაწყისი.