რუსეთის მიერ უკრაინაში სიტუაციის დაძაბვის მცდლობებსა და უკრაინის საზღვრებთან რუსი სამხედროების გადაადგილებაზე ტელეფონით ისაუბრეს ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჟოზეპ ბორელმა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ.
ბორელის თანახმად, უკიდურესად შეშფოთებულია უკრაინის საზღვრებთან რუსული სამხედრო ძალის გადაადგილების გამო. ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ტვიტერზე წერს, რომ ევროკავშირი მტკიცედ უჭერს მხარს უკრაინის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას და შექმნილ ვითარებას უკრაინასთან ერთად განიხილავენ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების უახლოეს სხდომაზე.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებას თანახმად, რუსეთის მიერ სიტუაციის გამწვავების ფონზე, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა უკრაინისადმი მხარდაჭერა დაადასტურა. კულებას ინფორმაციით, ჟოზეპ ბორელმა მიიწვია ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სხდომაზე, რომელიც 19 აპრილს გაიმართება.
ბოლო დღეებში უკრაინის ხელისუფლებამ არაერთხელ განაცხადა, რომ რუსეთი სამხედრო სწავლების, „დასავლეთი 2021“ საბაბით ახდენს უკრაინის საზღვრებთან და ოკუპირებულ ყირიმში სამხედრო ძალების მობილიზაციას და მასშტაბურ პროვოკაციას ამზადებს.
რუსეთისგან მომდინარე საფრთხის გამო, ბოლო ხანს არაერთი სატელეფონო კონტაქტი შედგა აშშ-ის და უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის.
ასევე ნახეთ აშშ შეშფოთებულია რუსეთის ჯარების გადაადგილების გამო აღმოსავლეთ უკრაინაში მზარდი დაძაბულობის ფონზე2 აპრილს ტელეფონით ისაუბრეს პრეზიდენტებმა, ჯო ბაიდენმა და ვოლოდიმირ ზელენსკიმ. თავის მხრივ, რუსეთი აცხადებს, რომ სამხედროების გადაადგილებას საკუთარ ტერიტორიაზე ახდენს და ეს არავის უნდა აშფოთებდეს.