აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე ჯორჯ კენტი აცხადებს, რომ საქართველოსთვის სასწორზე დევს ქვეყნის მომავალი განვითარება.
"ქართველებმა უნდა გააცნობიერონ, რომ არსებობს ეროვნული პროექტი წარმატებისთვის. ეს იმას ნიშნავს, რომ არ უნდა ეცადო შენი პოლიტიკური მოწინააღმდეგის ბოლომდე განადგურებას. პოლიტიკა კომპრომისების ხელოვნებაა. უნდა მოხდეს სამომავლო გზაზე შეთანხმება და ქვეყანა უნდა დაუბრუნდეს იმ გამოწვევების გადალახვას, რომლებიც ქვეყნის წინაშე დგას", - ამბობს ჯორჯ კენტი „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში.
სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსნის თანახმად, "საქართველოსთვის სასწორზე იმ მომავლის გაგრძელებაა, რომელსაც მისი ლიდერები ამბობენ, რომ ქვეყნისთვის სურთ. რეფორმების ძალისხმევამ უნდა შექმნას სიტუაცია, როცა ქვეყანას წინ წასვლა შეეძლება და ექნება საკუთარი მომავლის შერჩევის შესაძლებლობა. ძალიან ცხადია ის, რომ წარმატების მისაღწევად საქართველოს ძირეული საარჩევნო სისტემის რეფორმები და სასამართლო სისტემის რეფორმები სჭირდება. სასამართლოს რეფორმა აბსოლუტურად კრიტიკულია ქვეყნის წარმატებისთვის".
შეკითხვას, როგორ შეიძლება განვითარდეს აშშ-ის და საქართველოს ურთიერთობა, თუ ქვეყანაში დემოკრატიის ხარისხი არ გაიზარდა იმ ფონზე, როცა პოლიტიკური დაპირისპირება უკვე თვეებია გრძელდება, ჯორჯ კენტმა უპასუხა:
"პირველ რიგში იმას ვიტყვი, რაც მოსმენაზე სენატორ რიშს ვუთხარი. მე ბოლომდე პატივს ვცემ ჩვენი კონგრესის, ჩვენი სენატის უფლებამოსილებას. ამაში შედის ბიუჯეტის დამტკიცებისა და დახმარების განაწილების უფლებამოსილება. ამერიკის კონგრესი საქართველოსთან მიმართებაში ძალიან ხელგაშლილი იყო. დამოუკიდებლობის მოპოვებიდან ამერიკას საქართველოსთვის ხუთ ნახევარ მილიარდ დოლარზე მეტი დახმარება აქვს გაწეული. ახლა ყოველწლიურად 135 მილიონი დოლარით ვეხმარებით. ეს, კონგრესის გადაწყვეტილებაა და არა ადმინისტრაციის. ვფიქრობ, საქართველოს მთავრობა სენატორების კეთილ ნებას რისკავს. კრიტიკულად მნიშვნელოვანია საქართველოს ლიდერებისთვის იმის გაგება, რომ ჩვენი მოლოდინია, რომ დასასრულამდე მივიდნენ, მიაღწიონ შეთანხმებას და გაატარონ რეფორმები იმისთვის, რომ ქვეყანამ წინსვლა დაიწყოს".
ჯორჯ კენტი მონაწილეობდა საქართველოს შესახებ სენატში 23 მარტს გამართულ მოსმენაში.
ასევე ნახეთ გზავნილები სენატიდან - ვინ რა გაიგო თბილისშიამ კვირაში, კვლავ შეთანხმების გარეშე დასრულდა ევროკავშირის მედიაციით ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მიმდინარე მოლაპარაკება, რომლის მიზანი იყო ბოლო საპარლამენტო არჩევნების შემდეგ შექმნილი პოლიტიკური კრიზისის მოგვარება.
ასევე ნახეთ უშედეგო რაუნდი#2 - რაზე მსჯელობდნენ და რა ჩაიწერა შეთანხმებაში?1 აპრილს, ევროპარლამენტართა ჯგუფმა გამოაქვეყნა ერთობლივი განცხადება, რომელშიც წუხილს გამოთქვამენ იმის გამო, რომ საქართველოს ხელისუფლება და ოპოზიციური პარტიები არ დაეთანხმნენ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირადი წარმომადგენელის, კრისტიან დანიელსონის წინადადებებს. განცხადებაში საუბარია მოსალოდნელ შედეგებზეც, მათ შორის, საქართველოსთვის ევროკავშირის ფინანსური დახმარების შეჩერებაზე.