კვირას არსამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადმა წარმომადგენელმა, კრისტიან დანიელსონმა განაცხადა, რომ საჭიროა პოლიტიკურ მხარეებს შორის კომპრომისის მიღწევა.
მან დადებითად შეაფასა არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ 27 მარტს გაკეთებული განცხადება, რომელშიც კრიზისის დაძლევის გზებზეა ლაპარაკი. მისი სიტყვებით, განცხადება „განსაკუთრების საინტერესო“ იყო, ვინაიდან ის „ემყარება კომპრომისს, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი არის საქართველოს მომავლისთვის“.
დანიელსონის თქმით, საქართველოში პირველი მისიის შემდეგ მას კონსულტაციები ჰქონდა საქართველოში მიმდინარე პროცესებში ჩართულ ყველა მხარესთან - ევროპული კავშირის პრეზიდენტ შარლ მიშელთან, ევროპის საგარეო ქმედების სამსახურის, ევროპარლამენტისა და ევროპის კომისიის წარმომადგენლებთან.
„ევროკავშირი აქტიურად იღვწის იმისთვის, რომ საქართველოს ამ კრიზისის მოგვარებაში დაეხმაროს. მაგრამ, რა თქმა უნდა, პასუხისმგებლობა არა ევროკავშირს, არამედ აქაურ პოლიტიკურ ლიდერებს ეკისრებათ,“ თქვა მან.
ასევე ნახეთ შეთანხმების მცდელობა #2 - გაგრძელდება თუ თავიდან დაიწყება მოლაპარაკება?დანიელსონის თქმით, პირველი მისიის დროს მხარეებმა კარგად გაიცნეს ერთმანეთის აზრები. მათ ასევე იციან, რა არის გასაკეთებელი შეთანხმებამდე მისასვლელად, მაგრამ კომპრომისი მათ თავად უნდა გამონახონ.
„ნება მომეცით, ხაზი გავუსვა, რომ კომპრომისი არ არის სისუსტე, კომპრომისი სიძლიერეა, კომპრომისი იმის ნიშანია, რომ დემოკრატია მუშაობს საქართველოში და კომპრომისი არის ევროპული გზა“, განაცადა ევროპული კავშირის პრეზიდენტის წარმომადგენელმა კრისტიან დანიელსონმა.
კრისტიან დანიელსონის ბრიფინგის სტენოგრამა
არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრამდე დანიელსონი შეხვდა საქართველოში ევროკავშირის ელჩს კარლ ჰარცელს და აშშ-ის ელჩს კელი დეგნანს.
29 მარტიდან კრისტიან დანიელსონი შუამავლობის პროცესის ფარგლებში შეხვედრებს დაიწყებს ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებთან.
ეს მისი მონაწილეობით მოლაპარაკებების მეორე რაუნდი იქნება. შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი საქართველოში პირველად 12 მარტს ჩამოვიდა და შეხვედრები გამართა ოპოზიციისა და მმართველი გუნდის ლიდერებთან. მისი შუამავლობით გაერთიანებულ ფორმატში ხელისუფლების წარმომადგენლები და ოპოზიციის ლიდერებიც შეხვდნენ ერთმანეთს, თუმცა მოლაპარაკებები კონკრეტული შედეგის გარეშე დასრულდა.