შეთანხმების მეორე მცდელობა - რა არ უნდა გამოგრჩეს 29 მარტს

კრისტიან დანიელსონი მედიაციის პროცესს აახლებს

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი საქართველოში პოლიტიკური კრიზისის გადაჭრას მეორედ შეეცდება. 29 მარტიდან ის იწყებს შეხვედრებს მოლაპარაკებების მაგიდასთან მსხდომ მხარეებთან.

გუშინ დანიელსონი შეხვდა არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს. შეხვედრის შემდეგ კი განაცხადა: „ჩვენ გვაქვს წინადადებები, იდეები, რომელსაც შევთავაზებთ, მაგრამ კომპრომისი პარტიებმა უნდა მოიძიონ“. მან თქვა, რომ ახლა საჭიროა გამბედაობა და კომპრომისი. ეს უკანასკნელი - მისი თქმით - სიძლიერის ნიშანია.

კომპრომისული შეთანხმების მნიშვნელობაზე მედიატორს დაეთანხმა არასამთავრობო სექტორიც. „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ ხელმძღვანელმა ეკა გიგაურმა შეხვედრის შემდეგ თქვა, რომ კონკრეტულ აქცენტებთან ერთად მათ კრიზისის გამომწვევ მიზეზებზეც ისაუბრეს.

ჩვენ ასევე ვთქვით, რომ პირველი რიგის ამოცანა ნიკა მელიას და გიორგი რურუას გათავისუფლებაა. ასევე იმაზე ვილაპარაკეთ, თუ რამ გამოიწვია ეს კრიზისი და, ჩვენი აზრით, კრიზისი გამოიწვია იმან, რომ ჩვენთან არ ფუნქციონირებს დემოკრატიული ინსტიტუტები. და ასევე იმან, რომ ძალაუფლება დღეს ერთი პარტიის ხელშია კონცენტრირებული და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ ძალაუფლების განაწილება მოხდეს ოპოზიციასთან“, - თქვა ეკა გიგაურმა.

წაიკითხე მეტი.

ასევე ნახეთ შეთანხმების მცდელობა #2 - გაგრძელდება თუ თავიდან დაიწყება მოლაპარაკება?

ახალციხეში გარდაცვლილი ექთნის შესახებ დასკვნა 29 მარტს გახდება ცნობილი

ახალციხეში გარდაცვლილი ექთნის, მეგი ბაქრაძის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დასკვნა დღეს გახდება ცნობილი. ამის შესახებ 26 მარტს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

„არსებობს გარკვეული წინასწარი ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ პირდაპირ გამომწვევ მიზეზად შესაძლებელია არ დასახელდეს ვაქცინა. ჩვენ ველოდებით სამხარაულის ბიუროს დასკვნას. ორშაბათს, ჯანდაცვის სამინისტროში გაიმართება ერთობლივი კომისია, რომელზეც იქნება წარმოდგენილი როგორც სამხარაულის ბიუროს ექსპერტიზის, ასევე რეგულირების სააგენტოს ერთობლივი დასკვნა“, - განაცხადა ტიკარაძემ.

ახალციხელი ექთანი, მეგი ბაქრაძე, 19 მარტს, თბილისის საუნივერსიტეტო კლინიკაში გარდაიცვალა. წინასწარი მონაცემებით, მას კოვიდსაწინააღმდეგო აცრის შემდეგ, რომელიც ახალციხეში, კლინიკა „იმედში“ 18 მარტს ჩაუტარდა, სავარაუდოდ, ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა. მედდის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობას გულისხმობს. საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს როგორც ახალციხის, ისე თბილისის საუნივერსიტეტო კლინიკებში.

ამ თემაზე ასევე ნახე:

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ აპრილში გადადგება, რათა არჩევნები ჩატარდეს

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ აპრილში გადადგება. მან აღნიშნა, რომ ამას აკეთებს „არა იმისთვის, რომ წავიდეს, არამედ რათა ჩატარდეს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები“. კანონმდებლობის თანახმად, ის კენჭისყრამდე განაგრძობს მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შესრულებას.

სომხეთში რიგგარეშე არჩევნები ივნისში გაიმართება. ოპოზიცია ფაშინიანის საბოლოო გადადგომას ითხოვს. მისმა მოწინააღმდეგეებმა 28 მარტს მორიგი მიტინგი გამართეს ერევნის ცენტრში. მანამდე მათ გამოთქვეს შიში, რომ ფაშინიანის გადადგომის გარეშე არჩევნები არ იქნება სამართლიანი, მაგრამ პრემიერმა პირობა დადო, რომ დამარცხების შემთხვევაში ხელისუფლებას მემკვიდრეს გადასცემს.

წაიკითხე მეტი.

თურქმენეთში სენატორთა არჩევნებში ამომრჩევლებს მხოლოდ ორი საათი მიეცათ კენჭისყრისთვის

თურქმენეთში ტარდება ახალშექმნილი სენატის პირველი არჩევნები. 48 ადგილისთვის იბრძვის 112 კანდიდატი. მათ შორის არ არის არცერთი ოპოზიციონერი.

თურქმენეთი მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე უფრო რეპრესიულ ქვეყნად ითვლება. ქვეყნაში მეფობს 63 წლის ავტორიტარი მმართველის, პრეზიდენტ გურბანგული ბერდიმუხამედოვის პიროვნების კულტი. განსხვავებული აზრი არ დაიშვება, მედია სახელმწიფოს მკაცრ კონტროლს ექვემდებარება.

5,8-მილიონიან ქვეყანაში ამომრჩევლებს 28 მარტს მხოლოდ ორი საათი მიეცათ ხმის მისაცემად.

წაიკითხე მეტი.

ბრიუსელის ბლოგი: დასავლეთის გაზაფხული

მომავალში, როცა ისტორიკოსები ადრეული 2020-იანი წლების პოლიტიკის გაანალიზებას შეეცდებიან, - ისეთი ფაქტორების, როგორიცაა დიდი სახელმწიფოების, აშშ-ის და ჩინეთის, მეტოქეობა, ავტორიტარიზმის ზრდა და დემოკრატიული სისტემების სიმყიფე, - 2021 წლის მარტი შეიძლება გამოიკვეთოს პერიოდად, რომელშიც დასავლეთმა საკუთარი ხმა, მიზანი და ერთიანობა მოიპოვა, სულ მცირე, სიმბოლური თვალსაზრისით მაინც.

ბოლო დღეები მართლაც მნიშვნელოვანი იყო ევროკავშირისა და აშშ-ის ურთიერთობაში. აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი, ბრიუსელში სრული ოთხი დღე დარჩა, მონაწილეობა მიიღო ნატოს საგარეო საქმეთა მინისტერიალში და შეხვედრები გამართა ევროკავშირის მაღალჩინოსნებთან. წარსულს ჩაბარდა ალიანსის დატოვების მუქარა, მწვავე კრიტიკა ევროპაში თავდაცვაზე გაღებული თანხების სიმცირის გამო. შემდეგ ევროკავშირის სამიტში ჩაერთო აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი, ბლოკის 27 ქვეყნის ლიდერებთან ერთად. ბოლოს ეს 2009 წელს მოხდა, როცა ბარაკ ობამა შეუერთდა ევროკავშირის ლიდერებს მსგავს შეხვედრაზე.

წაიკითხე რიკარდ იოზვიაკის ბლოკი აქ.

შიმშილი სხვადასხვა ტიპის არსებობს, მათ შორის გამოწვეული იმით, რომ კვების რაციონში არასწორად არის განაწილებული ის პროდუქტები, რომელსაც ყოველდღიურად მიიღებ.

გაჭირვების დროს, ხშირად, უპირატესობა ისეთ საკვებს ენიჭება, რომელიც დანაყრების გრძნობას აძლიერებს.

როგორ და რით იკვებებიან საქართველოში, სიდუხჭირის პირობებში და რა შეიძლება გამოიწვიოს არასრულფასოვანმა, არაჯანსაღმა კვებამ?